როგორ გავაცოცხლოთ ბრენდები ხელოვნური ინტელექტით — ინტერვიუ მარკეტერ ირაკლი ბესელიძესთან
1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". ერთი წლის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი როგორც სამეცნიერო დისციპლინა ისე დაფუძნდა. დღეს ჭკვიანი პროგრამები და ალგორითმები თითქმის ყველგან გვხვდება, იქნება ეს მეცნიერება, სწავლება თუ ყოველდღიური ცხოვრება. არ არის გასაკვირი, რომ ეს სფერო ბიზნესმაც აქტიურად აითვისა. მას იყენებს მსოფლიოს ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს Apple, Google თუ Facebook. შესაბამისად, თანამედროვე მარკეტინგი ხელოვნურ ინტელექტთან ისეა დაკავშირებული, როგორც არასდროს.
სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობს ქართველი მარკეტერი ირაკლი ბასელიძე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცოცხალი, ადამიანური ბრენდების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ირაკლის კარიერა 1997 წელს "მედია-ბაიერის" (media byer) პოზიციით დაიწყო. მას ეს პოზიცია, როგორც თავად ამბობს, "ტრადიციულ სარეკლამო სააგენტოში" ეკავა, სადაც მისი ამოცანა კლიენტებისთვის სატელევიზიო სარეკლამო სივრცის შესყიდვა იყო.
2002 წელს გენერალური დირექტორის რანგში დატოვა "კორპორატიული სამყარო" და საკუთარი სარეკლამო სააგენტო adBureau დააფუძნა.
2014 წელს მან მოღვაწეობა სინგაპურში გააგრძელა, სადაც მარკეტინგულ კვლევებთან დაკავშირებით ბრენდებს კონსულტაციებს უწევდა. უკვე 2017 წელს ირაკლიმ თავისი საქმიანობა მჭიდროდ დააკავშირა ხელოვნურ ინტელექტთან და დაარსა Calen.ai — Appointment Marketing Assistant, რომელიც ეხმარება ბრენდებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კლიენტებთან ურთიერთობის ავტომატიზაციაში. დღეისათვის Calen.ai ემსახურება რამდენიმე ათეულ კლიენტს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ავსტრალიაში.
ირაკლისთან თანამედროვე სამყაროში მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის როლზე ვისაუბრეთ. მისი თქმით, მარკეტინგი ინსტრუმენტია, რომელიც ბიზნესს აკავშირებს საზოგადოების მიზნებთან და ადამიანის ღირებულებებთან. ის ხელს უწყობს ინდივიდუალური და სოციალური ღირებულებების, ადამიანების მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევის ან ინოვაციების მხარდაჭერის გზით. ხოლო ხელოვნური ინტელექტი, ამ მხრივ, მარკეტინგის ინსტრუმენტია, რათა ის ბევრად უფრო დახვეწილი იყოს.
"ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი", ისევე, როგორც "მარკეტინგი", ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, ამიტომ დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რა არის ხელოვნური ინტელექტი", — მითხრა ინტერვიუს დასაწყისში ირაკლიმ.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი მოდური სიტყვაა, რომელსაც მარკეტერები იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტების აღსანიშნავად, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს ხელოვნური ინტელექტი კი არა, დახვეწილი კომპიუტერული ალგორითმია.
"ალგორითმის მუშაობა ყოველთვის სტრუქტურირებულ მონაცემებს ემყარება. მაგალითად, როცა Amazon-ზე რამეს ყიდულობთ, ალგორითმი პროდუქტს გთავაზობთ წინა მყიდველების მიერ გაკეთებული არჩევანის ისტორიაზე დაყრდნობით, რომელიც მონაცემთა სტრუქტურირებულ ბაზაშია ჩაწერილი. ალგორითმისგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გააანალიზოს არასტრუქტურირებული მონაცემები. მაგალითად, ავტონომიურ ავტომობილებს მართავს ხელოვნური ინტელექტი — აანალიზებს საგზაო სიტუაციას (არასტურქტურირებული მონაცემები) და აძლევს ავტომანქანას შესაბამის ბრძანებებს (დაამუხრუჭე, მოუმატე სიჩქარეს, გადადი მარჯვნივ/მარცხნივ).
კომუნიკაციური ხელოვნური ინტელექტის საქმეა ბუნებრივი ენის დამუშავება. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ნათქვამის, ანუ "ნედლი" მონაცემების ინტერპრეტირება, რაც უბრალო კომპიუტერული ალგორითმის საშუალებით შეუძლებელია", — მითხრა ირაკლიმ.
იმისთვის რათა კომპიუტერს არასტრუქტურირებული მონაცემების გაანალიზება ვასწავლოთ, ამისათვის საჭიროა მანქანური სწავლება პლუს ადამიანი, რომელიც ეხმარება კომპიუტერს გარდაქმნას დაუმუშავებელი მონაცემები ბრძანებებად. ამის მაგალითად ირაკლიმ ჩეთბოტების "სწავლება" მოგვიყვანა.
"მაგალითად, გვინდა ვასწავლოთ ჩეთბოტ COVID-19-ს ესმოდეს ისეთი ბრძანებები, როგორიცაა "შემიკვეთე ზარი ექიმთან!" ან "შეამოწმე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა!". ამ ფრაზების წარმოთქმის ასობით ხერხი არსებობს, მაგრამ იმისათვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გაიგოს ბრძანება, არ არის საჭირო გქონდეთ ყველა შესაძლო გამოთქმა მონაცემთა ბაზაში. საკმარისია, რომ ხელოვნური ინტელექტის "მწვრთნელმა ადამიანმა" სპეციალურ პროგრამაში დაუმატოს ამ ბრძანებას "სასწავლი ფრაზები" (training phrases) და როცა თქვენ შეიყვანთ თუნდაც 20 მათგანს, მუშაობას იწყებს მანქანური სწავლება (machine learning), რომელიც პოულობს ამ "სასწავლი ფრაზების" ნებისმიერ მათემატიკურ კანონზომიერებებს, როგორიცაა სიმბოლოების რაოდენობა, არსებითი სახელები და სხვა პარამეტრები. როცა მოდის 21–ე ფრაზა ამგვარი მათემატიკური მოდელით, ის მიიჩნევა გარკვეულ ბრძანებად. რაც უფრო მეტი "სასწავლი ფრაზა" გექნებათ, მით უფრო ზუსტ შედეგს მიიღებთ", — ამბობს ირაკლი.
შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი, კონკრეტულ შემთხვევაში, რაზეც ირაკლი საუბრობს, Conversational AI — ეს არის ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების ინსტრუმენტი, რომელიც ამ მიზანს აღწევს მომხმარებელთან იმ პრობლემებისა და საჭიროების შესახებ პერსონალური და ინდივიდუალური საუბრის მეშვეობით.
პერსონალიზებული კამპანია
ირაკლის თქმით, პერსონალიზაცია შემდეგი ნაბიჯია ბრენდინგის განვითარების გზაზე, რადგან დღეს მომხმარებლებს აინტერესებთ არა სლოგანები და მონაყოლი პროდუქტის შესახებ, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია ბრენდს აღიქვას და გააუმჯობესოს მათი კონკრეტული სიტუაცია.
ირაკლისთან ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგულ კამპანიაში გამოყენების შესაძლებლობებზეც ვისაუბრეთ. მისი თქმით, Conversational AI-ის მეშვეობით ბრენდისა და მომხმარებლის ყველაზე საინტერესო მაგალითია კამპანია Lay’s Messi Messages. კამპანიის არსია მესისაგან ვიდეო-შეტყობინებების პერსონალიზაცია, სტარტაპ Synthesia-ს მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისათვის კომპანია Pepsi-მ, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი Lay’s, შექმნა საიტი, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ ვიდეოს პერსონალიზაცია — ჩასვან ტექსტში თავანთი და მეგობრების სახელები, შემდეგ კი გაუზიარონ ეს ვიდეო მეგობრებს. ამით ჩნდება შეგრძნება, რომ მესი პირადად თქვენ და თქვენს მეგობრებს მოგმართავთ.
Calen.ai — AI მარკეტინგული ასისტენტი
2017 წელს ირაკლის მიერ დაფუძნებული Calen.ai, შეიძლება ითქვას, იმავეს აკეთებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბრენდებს კლიენტებთან ურთიერთობის ავტომატიზაციაში ეხმარება. ირაკლის კომპანია მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წევს.
"Calen.ai მარკეტინგ-ასისტენტია, რომელიც არა მარტო გვეხმარება შეხვედრების დანიშვნაში, არამედ ისიც შეუძლია, რომ ესაუბროს პოტენციურ კლიენტს ბიზნესის შესახებ: გამოკითხოს, რა პრობლემა აწუხებს, როგორია მისი მოთხოვნის პარამეტრები, გააცნოს ფასები და მიაწოდოს შეხვედრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მაგალითად, ავტოდილერებისათვის განკუთვნილ Calen.ai-ის შეუძლია შეურჩიოს კლიენტს ავტომანქანა, მოუყვეს კრედიტების შესახებ და შეაფასოს მისი მანქანის trade-in", — ამბობს ირაკლი.
როდესაც ვსაუბრობთ ციფრულ ასისტენტებზე ბევრს ჩეთბოტები გვახსენდება. ჩეთბოტები ხშირად ნამდვილად არიან ციფრული ასისტენტები, თუმცა, ისინი ორ ტიპად შეგვიძლია დავყოთ. ციფრული ასისტენტი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული და ჩეთბოტი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი შედარებით ნაკლებად გვხვდება.
"როგორც წესი ჩეთბოტები მარტივი სისტემებია, რომლებსაც არ შეუძლიათ ადამიანის ნათქვამის "გაგება" და შესაბამისად, შეუძლიათ ესაუბრონ მომხმარებელს მხოლოდ წინასწარ დაწერილი სცენარების ფარგლებში. ეს სცენარები ითვალისწინებენ პასუხის გაცემას მხოლოდ გარკვეულ შეკითხვებზე, ამიტომ ჩეთბოტისათვის შეკითხვის დასასმელად და მასზე პასუხის მისაღებად მომხმარებელმა უნდა დააჭიროს შესაბამის ღილაკს. ისეთი AI ასისტენტები, როგორებიცაა SIRI, Google Assistant ან Amazon Alexa გაცილებით უფრო რთულია, მათი ურთიერთობის უნარი არ არის შემოფარგლული ფიქსირებული სცენარებით და შეუძლიათ პასუხის გაცემა ხმით", — ამბობს ირაკლიმ.
ხელოვნური ინტელექტის და მარკეტინგის მომავალი
ირაკლი ბესელიძის თქმით, დროსთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგი კიდევ უფრო დაკავშირდებიან. რაც შეეხება კონკრეტულად AI ასისტენტებს, ისინი უახლოეს 3-5 წელიწადში კონკურენციას გაუწევენ მობილურ აპლიკაციებს, რადგან ხმოვანი ინტერფეისები ადამიანისათვის ურთიერთობის ყველაზე ბუნებრივი ხერხია და გრაფიკული ინტერფეისებისგან განსხვავებით, არ მოითხოვს არავითარ ადაპტაციასა და შესწავლას. ხოლო უშუალოდ მარკეტინგის თვალსაზრისით, ბრენდები AI ასისტენტებს გამოიყენებენ თავიანთ მომხმარებლებთან კომუნიკაციის პერსონალიზაციისა და მათი ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტისათვის.
"იმედი მაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომავალში გვექნება ცოცხალი, ადამიანური ბრენდები, რომლებიც თანაუგრძნობენ მომხმარებლებს და მათ ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდიან", — ამბობს ირაკლი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი სულ მალე, 20-22 მაისს გასამართ ღონისძიებაზე DataFest Online - All About AI მოხსენებით წარსდგება და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ დაეხმარება Conversational AI ბრენდებს დაამყარონ და შეინარჩუნონ ემოციური კავშირი მომხმარებლებთან, პერსონალური ურთიერთობის მეშვეობით.
ასევე იხილეთ: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწრო ღონისძიებას ხელოვნური ინტელექტზე — DataFest Online
"დიდად მოხარული ვარ, რომ DataFest არსებობს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციისათვის. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მარკეტინგის განვითარების თვალსაზრისით", — ამბობს ირაკლი.
კომენტარები