რენესანსის პერიოდის ნახატიდან დნმ მოიპოვეს, რომელიც შეიძლება და ვინჩის ეკუთვნოდეს
ფოტო: Wikimedia Commons
მეცნიერებმა წითელი ცარცით შესრულებული ესკიზიდან "წმინდა ბავშვი" დნმ მოიპოვეს, რომელიც შეიძლება ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნოდეს. ნახატის ავტორის ვინაობა ზუსტად დადგენილი არაა: ზოგი ფიქრობს, რომ ის სწორედ ამ ხელოვანს უნდა შეექმნა, სხვების აზრით კი — მის მოსწავლეებს ან კურატორებს.
მკვლევართა ნაშრომი პლატფორმა bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესი ჯერ არ გაუვლია. მათი თქმით, ეს დნმ გარკვეულწილად ჰგავს მხატვრის ნათესავ ფროზინო დი სერ ჯოვანი და ვინჩის გენეტიკურ მასალას, რომელიც 1400-იანი წლებით დათარიღებული წერილიდან გამოაცალკევეს. კერძოდ, ხელნაწერიცა და ესკიზიც Y ქრომოსომის მიმდევრობებს შეიცავს, რომლებიც ტოსკანაში მცხოვრები საერთო წინაპრის გენეტიკურ ხაზს (ჰაპლოჯგუფს) შეესაბამება (Y ქრომოსომა მამიდან ვაჟს თითქმის უცვლელად გადაეცემა).
და ვინჩის დნმ-ის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვანია, რადგან ასე მის ბიოლოგიურ მონაცემებს შეისწავლიან და ზოგიერთი ნახატის ავთენტურობასაც დაადასტურებენ. ამის მიუხედავად, გამოწვევები არსებობს, მაგალითად, საფრანგეთში მდებარე საფლავი რევოლუციის დროს ნაწილობრივ განადგურდა; მხატვრის ნაშთები დაიკარგა ან წმინდა ჰუბერტის კაპელაში გადაადგილებისას სხვებისას შეერია. ასეა თუ ისე, მეცნიერებს იქ არსებული ძვლებიდან დნმ-ის სეკვენირების უფლება არ აქვთ, სანამ სანდო შესადარებელ ნიმუშს არ ჩაიგდებენ ხელში.
სწორედ ამიტომ ეძებენ მკვლევრები და ვინჩის გენეტიკურ მატერიას მის ნამუშევრებში, მაგრამ აქამდე მცდელობები უშედეგო იყო. "წმინდა ბავშვი" ერთადერთი ნახატია, რომელზეც დნმ-ს მიაგნეს, თუმცა, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა ის, უცნობია (თავად ნახატის ავტორის მსგავსად).
ამ მხრივ გამოსადეგი იქნებოდა და ვინჩის დედის, კატერინა დი მეო ლიპის, ნაშთების გენეტიკური გამოკვლევაც (მიტოქონდრიული დნმ-ის), თუმცა მისი საფლავის მდებარეობა დადგენილი არაა; სპეციალისტებს არც ხელოვანის მამის სამარხის გახსნის უფლება აქვთ, რაც პასუხების ძიების პროცესს კიდევ უფრო მეტად ართულებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლეონარდო და ვინჩის ისეთი პირდაპირი შთამომავლები არ ჰყოლია, რომელთა შესახებაც ვიცით (ის უცოლო იყო). ამის გამო ერთადერთი გამოსავალი მისი კაცი ნათესავების დნმ-ის გაანალიზებაა, ასევე იკვლევენ თმის ნიმუშსაც, რომელიც შეიძლება მისი წვერის ნაწილი ყოფილიყო.
გენეტიკური მასალის გამოცალკევება წერილებიდანაცაა შესაძლებელი, ამიტომ მეცნიერები ამგვარ დოკუმენტებსაც ეძებენ. სწორედ ასეთი წერილის მეშვეობით შეძლეს მათ ფროზინო დი სერ ჯოვანი და ვინჩის ქრომოსომის მიმდევრობების გამოვლენა. ისიცა და ნახატიდან მოპოვებული ნიმუშიც E1b1b ჰაპლოჯგუფში შედის, რომელსაც შეიძლება და ვინჩი და მისი სანათესავო მიეკუთვნებოდა.
ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ შედეგების გაცნობის შემდეგ მათ მხატვრის ჩანახატებისა და ჩანაწერების გამოკვლევის უფლებას მისცემენ.

კომენტარები