კასტრაცია ძუძუმწოვრებში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან არის დაკავშირებული
ძუძუმწოვრების 117 სახეობის ფართომასშტაბიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ რეპროდუქციის თავიდან აცილება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
ფოტო: Stock
რატომ ცოცხლობს ზოგიერთი ცხოველი ათწლეულების განმავლობაში, ზოგი კი მხოლოდ რამდენიმე წელს? მაგალითად, მდედრი სპილო 80 წლის ასაკს აღწევს, თუმცა, როგორც წესი, მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაშიერებს აჩენს. თაგვები, პირიქით, ჩვეულებრივ, მხოლოდ რამდენიმე წელი ცოცხლობენ, მაგრამ მათ ასზე მეტი შთამომავლის გაჩენა შეუძლიათ. ევოლუციური თეორია ამ მაგალითებს ძირითად კომპრომისთან აკავშირებს: სახეობებმა შეზღუდული ენერგია გამრავლებასა და სხეულის შენარჩუნებას შორის უნდა გაინაწილონ.
ახალი მასშტაბური კვლევა ხაზს უსვამს, რომ ეს კომპონენტი გავლენას ახდენს მრავალი ძუძუმწოვრის, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა, რომელშიც ლაიფციგში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები შედიოდნენ, გამოიკვლია, თუ როგორ უკავშირდება რეპროდუქციის დათრგუნვა ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
მკვლევრებმა ძუძუმწოვრების 117 სახეობის მონაცემები გააანალიზეს და ისინი 71 გამოქვეყნებული კვლევის მეტაანალიზს შეუსაბამეს. კვლევამ აჩვენა, რომ სტერილიზებული ცხოველები საშუალოდ დაახლოებით 10%-ით მეტხანს ცოცხლობდნენ.
რეპროდუქცია
ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ რეპროდუქცია ბევრ ბიოლოგიურ რესურსს მოითხოვს. ორსულობა და ლაქტაცია ენერგიას საჭიროებს, ისევე როგორც სპერმის გამომუშავება, შეჯვარება და მშობლის მზრუნველობა. შეჯვარების გარეშეც, სასქესო ჰორმონები, როგორიცაა ტესტოსტერონი და ესტროგენი, ახდენს გავლენას ზრდაზე, ქცევასა და დაბერებაზე. ეს ორგანიზმისგან დამატებით რესურსებს ითხოვს.
"ზოოპარკები, სადაც რეპროდუქცია კონტროლდება, ამ დინამიკის შესასწავლად უნიკალური გარემოა. სწორედ ასეთ ადგილებში ხდება სტერილიზაცია, რათა არასასურველი გამრავლება თავიდან აიცილონ. ეს ერთ გარემოში შედარების საშუალებას იძლევა", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, იოჰანა შტარკი.
მკვლევრებმა კასტრაციასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ძუძუმწოვრების ფართო სპექტრში შენიშნეს, მათ შორის პრიმატებში, ჩანთოსნებსა და მღრღნელებში. ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებები განსაკუთრებით დიდი იყო. მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფციის მიმღები მდედრი ბაბუინები 29%-ით უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ხოლო კასტრირებულ მამრებს სიცოცხლე 19%-ით გაუხანგრძლივდათ.
"კვლევა აჩვენებს, რომ რეპროდუქციის 'ენერგეტიკულ ხარჯებს' ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საგრძნობი ეფექტი აქვს. რეპროდუქციის თავიდან აცილების შემთხვევაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი უფროსი ავტორი, ფერნანდო კოლჩერო.
სქესთა შორის განსხვავებები
მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული ფუნქციის შეჩერების შემთხვევაში ორივე სქესი უფრო დიდხანს ცოცხლობდა, გამომწვევი მიზეზები განსხვავებული იყო. ოტაგოს უნივერსიტეტის წამყვანი ავტორი მაიკ გარატი განმარტავს, რომ მამრების სიცოცხლის ხანგრძლივობას მხოლოდ კასტრაცია — და არა ვაზექტომია — ახანგრძლივებს.
"ეს ნიშნავს, რომ ეფექტი უკავშირდება ტესტოსტერონის აღმოფხვრას და მის გავლენას დაბერების ძირითად ბიოლოგიურ მექანიზმებზე, განსაკუთრებით ადრეული განვითარების პერიოდში. ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მიიღწევა, როდესაც კასტრაცია სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ხდება", — ამბობს გარატი.
მდედრებში სიცოცხლის ხანგრძლივობა სტერილიზაციის რამდენიმე ფორმამ გაზარდა. ამით შეიძლება ითქვას, რომ ეს შედეგი დაკავშირებულია ორსულობის, ლაქტაციისა და რეპროდუქციული ციკლების მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ხარჯების შემცირებასთან.
საკვერცხეების ამოკვეთა, რომელიც საკვერცხის ჰორმონების წარმოებას გამორიცხავს, ასევე ახანგრძლივებს სიცოცხლეს, თუმცა 47 ლაბორატორიული მღრღნელის კვლევის მეტაანალიზი შესაძლო გვერდით ეფექტებზეც მიუთითებს: გვიან ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
შესაძლოა, ეს შედეგები ხსნიდეს "გადარჩენა-ჯანმრთელობის პარადოქსს", რომელიც შეინიშნება პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, რომლებიც, როგორც წესი, კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ უფრო მეტად განიცდიან სისუსტეს და აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებებიც.
სიკვდილიანობის მაჩვენებლები სქესის მიხედვითაც განსხვავდებოდა. კასტრირებული მამრები ნაკლებად იხოცებოდნენ აგრესიასთან ან რისკის აღებასთან დაკავშირებული ქცევების გამო — მდედრები ნაკლებად იხოცებოდნენ ინფექციით, რაც თანხვედრაშია იმ აზრთან, რომ რეპროდუქციისთვის საჭირო მაღალი ენერგიის ხარჯებმა, შესაძლოა, მდედრის იმუნური სისტემა შეასუსტოს.
რაც შეეხება ადამიანებს, მათზე კასტრაციისა და სტერილიზაციის ეფექტების შესახებ მონაცემები იშვიათია.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები