Nestlé-ს ბავშვთა რძეში ტოქსინების არსებობის საფრთხეა — პროდუქტებს უკან იხმობენ საქართველოშიც
ფოტო: Getty Images
Nestlé -ს ბავშვთა კვების პროდუქტებში ტოქსინ ცერეულიდის არსებობის საფრთხეა. რძის შემცვლელებს გლობალურად უკან იხმობენ, მათ შორის საქართველოში, რის შესახებაც განცხადება ჩვენს ქვეყანაში კომპანიის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
Nestlé Baby & Me Georgia-ს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ "ნესტლე საქართველო" მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების შეზღუდულ რაოდენობას უკან იხმობს. ეს ეხება პროდუქტების შემდეგ პარტიებს:
- NAN 1 OPTIPRO, თუნუქის ქილა, 800 გ. — 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
- NAN 2 OPTIPRO, თუნუქის ქილა, 800 გ. — 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
- NAN 2 OPTIPRO, თუნუქის ქილა, 400 გ. — 51550017A1, 52920017A;
- NAN 2 OPTIPRO, მუყაოს ყუთი,1050 გ. — 5218167821, 5256167811.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის მიერ პოტენციური რისკების შესამცირებლად მიღებული გლობალური გადაწყვეტილების ნაწილია. ცნობილი ხდება, რომ "ნესტლე საქართველომ" ზემოხსენებულ პარტიათა უკან გამოხმობა 2025 წლის 5 იანვრიდან დაიწყო.
"უკან გამოთხოვის გადაწყვეტილება სიფრთხილის წინასწარი ზომაა, კომპანიის ხარისხისა და უვნებლობის მკაცრი პროტოკოლების თანახმად.
მითითებულ პარტიათა შემძენ მომხმარებლებს შეუძლიათ მათი დაბრუნება შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ დადგენილი წესის თანახმად.
უკან გამოხმობა პროდუქციის მხოლოდ შეზღუდულ პარტიებს ეხება, რომლებიც, შესაძლოა, კომპანიის პოტენციური რისკების შეფასების ქვეშ მოექცეს. უკან გამოხმობა არ ეხება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებს, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში", — წერია პოსტში.
ცერეულიდი არის ტოქსინი, რომელსაც ბაქტერია Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამი წარმოქმნის. ორგანიზმში მისი მოხვედრა საკვებით მოწამვლის სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა მუცლის ტკივილი და ღებინება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტოქსინი რძის შემცვლელის თერმულად მომზადებისას, ცხელ წყალში, განადგურდეს. შესაბამისად, ბავშვისთვის თუნდაც მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ამგვარი პროდუქტის მიცემა არ შეიძლება.
BBC წერს, რომ პოტენციური საფრთხის შემცველი პროდუქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის ევროპაში: საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში; ისინი გაიყიდა ამერიკის რეგიონში, აფრიკასა და აზიაშიც. ამის მიუხედავად, კომპანიაში ამ მიზეზით ბავშვის ავად გახდომის შეტყობინება ჯერჯერობით არ შესულა.
ბევრ სახელმწიფოში, საქართველოს მსგავსად, რისკთან ასოცირებული პროდუქტების უკან გამოხმობა მიმდინარეობს. ყურადღება პარტიების კოდებს უნდა მიაქციოთ, რომლებიც ზემოთაა ჩამოწერილი. სახლში მსგავსი პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი არ გამოიყენოთ. მის უკან დასაბრუნებლად დაუკავშირდით "ნესტლე საქართველოს".


კომენტარები