დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) ნაწილაკთა ამაჩქარებელია, რომელიც CERN-ში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მიწისქვეშაა აშენებული. მისი საშუალებით მეცნიერები ნაწილაკებს თითქმის სინათლის სიჩქარეს ანიჭებენ, რათა დიდი აფეთქების შემდგომი პირობების სიმულირება მოახდინონ.

ივნისში ინჟინრები ამ მოწყობილობის განახლებას დაიწყებენ, რის შემდეგაც LHC-ის შესაძლებლობები წესით 10-ჯერ უნდა გაიზარდოს. აღნიშნული პროექტის დასრულებას 5 წელი დასჭირდება. არავინ დავობს, რომ ეს განახლება სამეცნიერო პროგრესს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ LHC-ს გარეშე გატარებული 5 წელი ფიზიკოსებისთვის ზედმეტად დიდი დრო იქნება.

მეორე მხრივ, როგორც CERN-ის გენერალური დირექტორი, მარკ ტომსონი, ამბობს, LHC-ს დაბრუნებამდე ფიზიკოსებს "საშინაო დავალება" არ მოაკლდებათ. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა კოლაიდერის საშუალებით დიდი რაოდენობის მონაცემების შეგროვება მოახერხეს. შესაბამისად, თუ ისინი მომდევნო 5 წელს ამ მონაცემების გაანალიზებას მოანდომებენ, ფიზიკის დარგში მნიშვნელოვან პროგრესს მაინც მიაღწევენ.

საინტერესოა, რომ LHC ტომსონის მთელი ვადის განმავლობაში გამორთული იქნება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახალ დირექტორს CERN-ის ისტორიაში ყველაზე მოსაწყენი პერიოდი შეხვდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, კოლაიდერის განახლება მისთვის ამაღელვებელი გამოწვევა იქნება.

ამ ყველაფრის გარდა, CERN დიდი ადრონული კოლაიდერის "მემკვიდრის" შექმნაზეც ფიქრობს, რომელსაც მომავლის წრიული კოლაიდერი (FCC) შეიძლება დაერქვას. მისი აშენება 2040-2070 წლებში იგეგმება. ამ პროექტის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია, რადგან, სავარაუდოდ, მისი განხორციელება 19 მილიარდი დოლარი დაჯდება. მეცნიერები ვერც იმაზე თანხმდებიან, არის თუ არა კოლაიდერები ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის მსგავსი ფენომენის შესასწავლად საუკეთესო გზა. თავად ტომსონი FCC-ის აშენების იდეის მომხრეა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.