როგორ "აშენებენ" ციფრულ პროდუქტებს — ინტერვიუ ციფრულ არქიტექტორ გურამ კამშაძესთან
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს სამსახურების გარეშე ტოვებენ. ეს სადავო თემაა, რადგან მას ორი მხარე აქვს. ტექნოლოგიები ადამიანებს რუტინულ საქმეში ნამდვილად ანაცვლებენ, მაგრამ ამის პარალელურად აჩენენ ახალ და საინტერესო პროფესიებს.
დღეს ერთ-ერთ ასეთ პროფესიაზე მოგიყვებით, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნასთან არის დაკავშირებული. გურამ კაშმაძე საქართველოს ბანკის მობილბანკის გუნდის წევრია. მისი ძირითადი საქმიანობა ციფრული პროდუქტების ანალიტიკა და არქიტექტურაა.
რას ნიშნავს ეს?
ნებისმიერი ციფრული პროდუქტი შედგება ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს. ამ ყველაფრის უკან ციფრული ანალიტიკოსები და არქიტექტორები დგანან.
"ის პროდუქტები, რომლებსაც დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ, იქნება ეს Facebook, Gmail, Instagram, Viber თუ სხვა, შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ათეულობით კომპონენტისგან და შრისგან. რაც უფრო კომპლექსურია პროდუქტი, მით მეტი შრეა მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო. ციფრული ანალიტიკოსი და არქიტექტორი (მე), არის ადამიანი, რომელიც პროდუქტის ერთი ან რამდენიმე კონკრეტულ კომპონენტის დაპროექტებასა და შექმნაში იღებს მონაწილეობას. მე უზრუნველვყოფ ამ კომპონენტის თავსებადობას სხვა მოდულებთან და შრეებთან მიმართებაში", — ამბობს გურამი.
გურამი ინფორმაციული ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იყო დაინტერესებული და მალევე მიხვდა, რომ სწავლა სრულიად უფასოდ და დამოუკიდებლად შეეძლო. ერთადერთი რამ, რაც მას სჭირდებოდა კომპიუტერი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე გურამმა ძირითადი საბაზისო ცოდნა თავად მიიღო. თვითგანათლება კი უნივერსიტეტში გაიღრმავა და თავისი პროფესიით მალევე დასაქმდა.
როგორც გურამი ამბობს, მის საქმიანობას ორი საინტერესო მხარე აქვს: უწევს სხვადასხვა ტექნოლოგიებთან და ადამიანებთან შეხება.
ციფრული პროდუქტების არქიტექტურა
ის რომ მშენებლობას არქიტექტორი სჭირდება ახალი არ არის, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ციფრულ პროდუქტებზე.
"არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი პროდუქტისთვის. ცუდი არქიტექტურის შედეგად ზარალდება როგორც მომხმარებელი, ასევე შენს მიერ შექმნილი კომპონენტის გამომყენებელი სხვა გუნდი. ჩემი აზრით, საქართველოში ტექნიკურ არქიტექტურას ყველა დიდი კომპანია საჭირო ყურადღებას აქცევს და შესაბამისად ამ ცოდნის მქონე კადრებიც მოიპოვება ჩვენს IT ბაზარზე. ამის გარეშე ციფრული პროდუქტის შექმნა უბრალოდ წარმოუდგენელია", — მითხრა გურამმა.
გურამის თქმით, მისი საქმიანობა კოლაბორაციის გარეშე წარმოუდგენელია. რაც არ უნდა დიდი ტექნიკური ცოდნა გქონდეს, ჩაკეტილ ოთახში ვერ მოიფიქრებ პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტას, საჭიროა სხვა კომპონენტებთან თავსებადობა.
გურამი უშუალოდ მობილბანკის გუნდზე და მის საქმიანობაზეც მომიყვა.
"ჩემთვის მობილბანკის გუნდი არის მინი-კომპანია/სტარტაპი დიდ ორგანიზაციაში. მობილბანკის გუნდში ნებისმიერი ცვლილების თუ პროდუქტის შექმნის დროს მთავარ მამოძრავებელ იდეად გვაქვს მომხმარებლის კმაყოფილება", — მითხრა გურამმა.
გურამის და მისი გუნდის საქმიანი განხილვა კი, მისდევს შემდეგ განრიგს:
- მომხმარებლის გამოწვევების და პრობლემების იდენტიფიცირება;
- პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება და შექმნა;
- არჩეული გადაწყვეტის მომხმარებლისთვის მიწოდება.
პროგრამირება და მისი აუცილებლობა
თუ გურამის საქმიანობით და პროფესიით დაინტერესდით, მას თქვენთვის რამდენიმე საინტერესო რჩევა აქვს. პირველი რასაც გურამი ხაზს უსვამს, ეს არის პროგრამირება და მისი ცოდნის აუცილებლობა.
"როდესაც ვსაუბრობთ დეველოპმენტ არქიტექტურზე, საჭიროა ვიცოდეთ პროგრამირების საწყისები და ფუნდამენტები. მართალია თვითონ არქიტექტორი არ წერს პროგრამულ კოდს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პროგრამირების ცოდნა არ სჭირდება. შეუძლებელია სწორად დააპროექტო დიდი პროდუქტის არქიტექტურა თუ არ შეგიძლია სწორად ააგო უმარტივესი პროგრამული კოდი.
ასე რომ, ის ვინც ციფრული არქიტექტურით დაინტერესდება, ვურჩევდი ყურადღება მიაქციოს ისეთ საწყისებს და ფუნდამენტებს, როგორიცაა: ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მონაცემთა საცავის რელაციური/არარელაციური მოდელი, პროგრამირების ალგორითმები, დიზაინ პატერნები და მოდულების მასშტაბირება", — ამბობს გურამი.
კომენტარები