Love, Death & Robots — 18-ვე ეპიზოდი უარესიდან საუკეთესოსკენ დავალაგეთ
რა შეიძლება აერთიანებდეთ განსხვავებული ანიმაციის, შინაარსის, თემატიკისა თუ ხასიათის ნამუშევრებს? რა თქმა უნდა — სიყვარული, სიკვდილი ან/და რობოტები. სერიალი Love, Death & Robots ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ნამუშევარია, რომელმაც მაყურებლები ეკრანებს პირველივე წამებიდან მიაჯაჭვა.
რაზე ისაუბრებდნენ კაცობრიობის გადაშენების შემდეგ დედამიწაზე დარჩენილი რობოტები? შეიძლება, ერთხელაც საყინულეში შეიხედოთ და ცივილიზაციის განვითარების მოწმენი გახდეთ? რას გიამბობდათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ხელოვანი ზიმა? — ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნეტფლიქსმა ანიმაციის გამოყენება გადაწყვიტა, რომლის შესაძლებლობები ლიმიტს მხოლოდ შემქმნელის ფანტაზიასთან ერთად აღწევს.
Love, Death & Robots დევიდ ფინჩერისა და ტიმ მილერის ერთობლივი პროექტია, თუმცა სერიალის თითოეული ეპიზოდის შექმნაში სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ ანიმაციური სერიალი ერთმანეთისგან განსხვავებულ 18 ეპიზოდს მოიცავს, რომელსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი და მრავალფეროვანი ანიმაციის სტილი აქვთ. თუ სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებათა ჟანრი და მოულოდნელი დასასრულის მქონე ნამუშევრები გიყვარს, ამასთანავე, რაღაც განსხვავებულის ნახვა გინდა ან უბრალოდ Black Mirror-ის შემდეგ აღარ იცი, რას უყურო, შესაძლოა, Love, Death & Robots სწორედ ისაა, რაც გჭირდება.
ნამუშევარი ანიმაციის შესახებ დამკვიდრებულ ტრადიციულ შეხედულებებს ნამდვილად აქარწყლებს. Love, Death & Robots ბავშვებისთვის განკუთვნილი სერიალი არაა, უფრო მეტიც — ნამუშევარში სიშიშვლე, ძალადობისა და სექსის სცენებიც ხშირად გვხვდება, რის გამოც, სერიალი საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშიც გაეხვა.
რადგანაც თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა 6-დან 17 წუთამდეა და ყოველი სერია დამოუკიდებელ ნამუშევარს წარმოადგენს, შეგიძლია, ეკრანების წინ მშვიდად მოკალათდე და ამ არაორდინალური ანიმაციური სერიალის შესახებ დასკვნები თავად გამოიტანო. თუ მაინც არ ხარ დარწმუნებული, ღირს თუ არა სერიალის ნახვა, შენთვის 18 ეპიზოდი უარესიდან საუკეთესოსკენ დავალაგე და იმედი მაქვს, ჩემი გზამკვლევი გამოგადგება.
რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ძალიან სუბიექტურია და მთლიანად ეპიზოდების ხილვისას ავტორის მიერ მიღებულ სიამოვნებასა და აღფრთოვანებას ეფუძნება:
18. Shape-Shifters — სიკვდილი
Shape-Shifters რეალისტური ანიმაციით გამოირჩევა, რომელიც მაქცია-ჯარისკაცების ისტორიას მოგვითხრობს. საოცარი ვიზუალური მხარის მიუხედავად, ვფიქრობ, სიუჟეტი არც თუ ისე ორიგინალურია, რის გამოც აღნიშნულ ეპიზოდს ჩემს სიაში ბოლო, მე-18 ადგილი ერგო.
17. Secret War — სიკვდილი
იგივე შეიძლება ითქვას Secret War-ზეც. აღნიშნული ეპიზოდი რეალისტური ანიმაციის სტილით გამოირჩევა, შესაბამისად, თავი შესაძლოა, ომის შესახებ გადაღებული ფილმის მცირე მონაკვეთში გეგონოთ. ეპიზოდისთვის მე-17 ადგილის მიკუთვნება მისი შინაარსის გამო გადავწყვიტე. საბჭოთა ჯარისკაცების საიდუმლო ომი ამოუცნობ ურჩხულებთან, ვფიქრობ, ისეთი ორიგინალურობით ნამდვილად არ გამოირჩევა, რომელსაც სერიალი იმსახურებდა.
16. The Dump — სიკვდილი
The Dump შავი იუმორის მოყვარულებს ნამდვილად გაართობს. ნაგავსაყრელზე მცხოვრები პერსონაჟი თვლის, რომ ყველაფერი, რაც სჭირდება, ბოლოს ყოველთვის მასთან, ნაგავსაყრელზე ხვდება. მაშინ, როდესაც მის გამოსასახლებლად ინსპექციის თანამშრომელი მოვა, ნაგავსაყრელის მკვიდრის საინტერესო ამბავსა და მის არც ისე საყვარელ კომპანიონს ვეცნობით.
15. Sucker of Souls — სიკვდილი
მარტივი, მაგრამ თვალისმომჭრელი ანიმაცია და განსაკუთრებული ფერები, უძველეს სამარხში ქექვისას დაწყებული თავგადასავალი, ცოტა იუმორი და მოულოდნელი დასასრული — Sucker of Souls, რომლის ნახვამაც ინდიანა ჯონსის ისტორია გამახსენა, ერთხელ ნახვად ნამდვილად ღირს.
14. Ice Age — სიყვარული, სიკვდილი და რობოტები
რა რეაქცია გექნებოდა, ახალ ბინაში გადასულს საყინულეში მინი ცივილიზაცია რომ აღმოგეჩინა და კაცობრიობის განვითარების მომსწრეც გამხდარიყავი? რა ელის კაცობრიობას მას შემდეგ, რაც განვითარების ზენიტს მიაღწევს? — ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ტოფერ გრეისი და მერი ელიზაბეტ უინსტედი საკმაოდ ორიგინალური სიუჟეტის მქონე ეპიზოდით დაგეხმარებიან.
13. Alternate Histories — სიკვდილი
რა მოხდებოდა, დროში დაბრუნება და ჰიტლერის მოკვლა რომ შეგვძლებოდა მანამ, სანამ ის მსოფლიო ისტორიაში სამუდამო ნაკვალევს დატოვებდა? Alternate Histories ჰიტლერის სიკვდილისა და მისი თანმდევი შედეგების 6 განსხვავებულ და არასერიოზულ ალტერნატივას გვთავაზობს. ერთი შეხედვით, აღნიშნულ ეპიზოდს სერიალში თითქოს არაფერი ესაქმება, თუმცა თუ აქამდე ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ Love, Death & Robots ლოგიკასა თუ წესებს ნამდვილად არ ემორჩილება.
12. When The Yogurt Took Over — რობოტები
რა მოხდებოდა, ადამიანებს გონიერი იოგურტისთვის ერთი შტატის, მოგვიანებით კი მთელი სამყაროს ბედი მიენდოთ? When The Yogurt Took Over ანიმაციური სერიალის ყველაზე მოკლე ეპიზოდია, რომელიც საინტერესო თხრობის სტილითა და ორიგინალური სიუჟეტით გამოირჩევა. ეს არაორდინალური ეპიზოდი თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
11. Suits — სიყვარული, სიკვდილი და რობოტები
როგორ უნდა დავიცვათ ფერმის ძროხები მტაცებლებისგან? რა თქმა უნდა, უზარმაზარი რობოტების დახმარებით! ეპიზოდი არაორდინალურ სამყაროში მცხოვრები ფერმერების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც უცნაური პორტალიდან გადმოსული მტაცებლების მოგერიება რობოტების დახმარებით უწევთ. მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი თქვენს მოხიბვლას აუცილებლად მოახერხებს.
10. Fish Night — სიკვდილი
შესაძლოა, Fish Night დასამახსოვრებელი სიუჟეტით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა ეპიზოდში გამოყენებული ანიმაციის სტილი და წყალქვეშა სამყარო, რომელიც მოულოდნელად ცაში ინაცვლებს და ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის, ნახვასა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს.
9. The Witness — სიკვდილი და რობოტები
სიშიშვლე, ძალადობა და მოულოდნელი დასასრული — ამ დეტალების გამო The Witness სერიალის გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ჩემთვისაც საყურებლად ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ანიმაციის სტილითა და ფერთა პალიტრით ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი.
8. Lucky 13 — სიყვარული, სიკვდილი და რობოტები
მართალია, სათაურის გამო სიაში მისთვის მე-13 ადგილის მიკუთვნება მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშნული ეპიზოდი ნამდვილად მეტს იმსახურებს. Lucky 13 უიღბლოდ მიჩნეული ხომალდისა და მისი ახალი პილოტის საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიყვება, რომელიც მძაფრი სიუჟეტისა და, როგორც ყოველთვის, საოცარი ანიმაციის წყალობით, იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებს.
7. Blind Spot — სიკვდილი და რობოტები
Blind Spot ერთი გიჟური თავგადასავალია, რომელშიც მანქანებზე ამხედრებული ქურდები მიკროჩიპის მოპარვას ცდილობენ. 8-წუთიანი ეპიზოდი აფეთქებებითა და ბრძოლითაა სავსე, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი სერიალის გადაღებაც კი შესაძლებელია. თუ Mad Max: Fury Road შენს საყვარელ ფილმთა სიაშია, აღნიშნული ეპიზოდი შენს გულს აუცილებლად მოინადირებს.
6. Helping Hand — რობოტები
ქალი, რომელიც სატელიტის შეკეთებას ცდილობს, მოულოდნელად ღია კოსმოსში საყრდენის გარეშე აღმოჩნდება. ვინ გაუწვდის დახმარების ხელს? 10-წუთიანი ეპიზოდი ქალის ბრძოლას შესანიშნავად გადმოსცემს და განსაკუთრებით იმ მაყურებლებს მოეწონებათ, ვისაც ფილმი Gravity უყვართ.
5. Three Robots — რობოტები
რაზე ისაუბრებდნენ რობოტები, რომლებიც ადამიანების გარეშე დარჩენილ პოსტაპოკალიფტურ სამყაროს მუზეუმივით ათვალიერებენ? ამ სახალისო ეპიზოდში ხუმრობაში მოქცეულ თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მწარე სიმართლის მარცვლებსა და ბევრ კატას იპოვით.
4. Sonnie's Edge — სიკვდილი და რობოტები
Sonnie's Edge კიბერპანკული სამყაროს, საოცარი ანიმაციისა და მოულოდნელი სიუჟეტის მშვენიერი ნაზავია, რომელმაც სერიალის მაყურებლისთვის პირველი შთაბეჭდილების შექმნის საპასუხისმგებლო როლი ნამდვილად დაიმსახურა. ეპიზოდის სუნთქვისშემკვრელმა დასასრულმა შესაძლოა, ძილიც კი დაგიფრთხოს.
3. Good Hunting — სიკვდილი და რობოტები
Good Hunting მე-20 საუკუნის ჩინეთში გვეპატიჟება, სადაც მექანიკოსისა და მისტიური მელიის სულის მეგობრობის მოწმენი ვხდებით. ტრადიციული ფოლკლორისა და სტიმპანკის ჰარმონიული შერწყმა სერიალის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდს ქმნის.
2. Beyond The Aquila Rift — სიყვარული, სიკვდილი და რობოტები
სად მთავრდება რეალობა და იწყება ილუზია? საოცარი ანიმაცია, თხრობის სტილი და წარმოუდგენელი დასასრული — ვფიქრობ, ნებისმიერი მაყურებლისთვის Beyond The Aquila Rift სერიალის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია.
1. Zima Blue — სიყვარული, სიკვდილი და რობოტები
ჩემს სიაში პირველი ადგილი Zima Blue-ს უჭირავს და ვფიქრობ, ამაში სერიალის ბევრი გულშემატკივარი დამეთანხმება. ეპიზოდი თხრობის დასამახსოვრებელი სტილით, საოცარი ანიმაციით, ფილოსოფიითა და სევდითაა სავსე, რომელიც ერთი ხელოვანის ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ცისფერის კონკრეტული ტონალობით შეპყრობილი ზიმას ამბავი ნებისმიერი მაყურებლის აღფრთოვანებას შეძლებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები