რა შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ქართული ოცნების ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაჩქარებულად შეიტანეს. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები იზრდება. ასევე, შეიცვალა ადმინისტრაციული დაკავების ვადები.

ცვლილებებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს არ შეესაბამება ადამიანის უფლებებს, ხოლო აქტივისტების აზრით, კანონპროექტი მათ წინააღმდეგაა მიმართული.

კანონის ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა იყო საჭირო. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანმა შეხვედრამ გაჩინა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობისას ვეტოს პირველად გამოიყენებდა.

რა იცვლება კანონში?

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სამი ცვლილება შეიტანა. პირველი ორი ხულიგნობისა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ხოლო მესამე ადმინისტრაციულ დაკავებას ეხება.

ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი არიან.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

166-ე მუხლი — წვრილმანი ხულიგნობა

ძველი რედაქციით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

წვრილმანი ხულიგნობა — საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

აქამდე, განმეორებით სამართალდარღვევაზე სანქცია არ არსებობდა, თუმცა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების თანახმად, ასეთ დროს ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

173-ე მუხლი — სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ძველი კანონით იწვევდა დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში იზრდება სანქცია პირველ სამართალდარღვევაზეც, ამასთან, ჩნდება განმეორებით დარღვევის ჩადენისთვის ახალი ჩანაწერი.

მომავალში სამართალდამრღვევს 2 000-დან 3 000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით პატიმრობა ემუქრება. განმეორების შემთხვევაში, 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ორივე ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

247-ე მუხლი — ადმინისტრაციული დაკავების ვადები

მოქმედი მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა 12 საათს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ თუ პირი არასამუშაო დროს დააკავეს, მისი დაკავება შეიძლება 48 საათამდე გაგრძელდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ, ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის პირველთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვა, თუმცა ქართულმა ოცნებამ სხვა გამოსავალი იპოვა და ორივე მუხლი სრულიად შეცვალა:

ცვლილების შედეგად მუხლი ასე ყალიბდება:

  • ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  • მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  • თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  • დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.

ეს ცვლილება ძალაში 2021 წლის პირველი ივნისიდან შევა.

რა არის მიზანი?

რატომ გაიზარდა დაკავების ხანგრძლივობა

როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ადმინისტრაციულ დაკავებასთან მიმართ ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული.

247-ე მუხლის მე-2 ნაწილი: პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

ცვლილების განხორციელებისთვის პარლამენტს ვადა პირველ ივნისამდე მიეცა. სწორედ ვადების გასვლით ამართლებს ქართული ოცნება კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უშუალოდ მეორე ნაწილი მიიჩნია, რომელიც 48 საათამდე პატიმრობას ითვალისწინებს და თქვა, რომ ის თანასწორობის უფლებას არღვევს, რადგან თუ ადამიანი არასამუშაო დღეს დააკავეს, ნაცვლად 12 საათისა, მისი პატიმრობის ვადა შესაძლოა, 48 საათი იყოს. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ პარლამენტს სწორედ მეორე მუხლი და 48-საათიანი ჩანაწერი შეეცვალა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა თავდაპირველ ვერსიაში პირველი ნაწილი შეუსაბამეს მეორეს — ანუ 48-საათიანი ვადა კი არ შეამცირეს 12-მდე, 12-იანი გაზარდეს 48-მდე.

პარლამენტში რამდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, საბოლოოდ კანონში ორივე მუხლი სრულიად შეიცვალა და ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალურ ვადად, როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დღეებში 24 საათი დარჩა, თუმცა ჩაიწერა ისიც, რომ მტკიცებულებების მოპოვების მოტივით, დაკავება შესაძლოა დამატებით 24 საათით ერთჯერადად გახანგრძლივდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გამოძიებამ ამგვარი მოტივი "იპოვა", ვადა მაინც 48 საათი იქნება.

ის საქმე, რომლის შემდეგაც პარლამენტს არაკონსტიტუციური ნორმის შეცვლა დაევალა, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა — ირაკლი ჯუღელი პარლამენტის წინააღმდეგ. იურისტი ნონა ქურდოვანიძე On.ge-სთან ამბობს, რომ პარლამენტი უფლებრივ მდგომარეობას არ უნდა აუარესებდეს. იგი ახალ ჩანაწერთან დაკავშირებით სამომავლო საკონსტიტუციო დავას არ გამორიცხავს.

ფოტო: საია

ქურდოვანიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ დაკავებისთვის შესაბამისი ვადა 48 საათი იქნებოდა და 12-საათიანი დაკავების შესაბამისობაზეც ასე პირდაპირ არ უმსჯელია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია შეიცვალა და მიღებული პროექტი განსხვავდება, იურისტის აზრით, შინაარსობრივად დიდი ცვლილება არაა.

"24+24 იქნებოდა თუ 48, ეს არაფერს ცვლის, რადგან დაკავების 24 საათით გაგრძელება ისევ პოლიციის ნებაზეა დამოკიდებული. ამის გამოყენება შეუძლია პოლიციელს ძალიან ცუდად", — აცხადებს ქურდოვანიძე.

იგი საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ განმარტებაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, დაკავება ყველა შემთხვევაში მაქსიმალური დროით არ უნდა გრძელდებოდეს და საფუძვლიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს.

"ამ ნაწილში პარლამენტმა ცხადი მითითებები კანონმდებლობაში არ გააკეთა. მაგალითად, დაკავების ერთ-ერთი საფუძველია, როცა ადგილზე ვერ ხდება ოქმის შედგენა ან პირის ვინაობის დადგენა და პოლიცია იძულებულია, ამ მიზნით პირი დააკავოს. ასეთ დროს დაკავების ხანგრძლივობა არ შეიძლება გაგრძელდეს იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ამ საფუძველებისთვის არის გონივრული ვადა", — ამბობს ნონა ქურდოვანიძე და ამატებს, რომ გათავისუფლება პოლიციელის აღქმაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

ის, ასევე, ხაზს უსვამს იმ პრობლემასაც, რომ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენასთან ერთად, სასამართლო დაკავების საფუძველს არ სწავლობს, ჩივილის შემთხვევაში კი მოქალაქეს დიდი პროცესის გავლა უწევს.

გაზრდილი სანქციები

კანონპროექტის განმარტებით ბარათში სანქციების გაზრდის არგუმენტად დარღვევების მზარდი სტატისტიკაა მოყვანილი. ცვლილების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი სახდელის ზომა სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც უფრო ეფექტიანი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

სტატისტიკა კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან

ფოტო: On.ge

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ არგუმენტად სტატისტიკის მოშველიება გამართლებული არ არის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტს იხსენებს, რომლითაც 2018 წელს ამ მუხლებზე სანქციები გაიზარდა.

"მაშინაც შსს-ს არგუმენტი იყო ის, რომ დამძიმება ამ ქმედებების რაოდენობას შეამცირებდა. თითქმის სამი წლის შემდეგ იგივე არგუმენტია. ე.ი. ჯარიმების ოდენობის ზრდა ამ ქმედებებს არ ამცირებს", — ამბობს იურისტი.

გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ ეს სტატისტიკა სამართალდარღვევების რეალურ ოდენობას არ აჩვენებს. მისი თქმით, პოლიციელისთვის პროცედურული ნაწილი გამარტივებულია და მას ნებისმიერ პირზე შეუძლია თქვას, რომ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი ან პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

რას ამბობენ სამოქალაქო სექტორში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს კრიტიკულად გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ახალი კანონი სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუსაბუთებელს უწოდებენ.

"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოების პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, აღნიშნული ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს", — ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

სოციალური სამართალიანობის ცენტრში [ყოფილი EMC] აცხადებენ, რომ 166-ე და 173-ე მუხლები ყველაზე ხშირად მანიფესტაციების დროს დემონსტრანტების დასაკავებლად გამოიყენება. მათი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული საკანონმდებლო აქტია და ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ სამოქალაქო სექტორი წლებია ითხოვს კოდექსის სისტემურ რეფორმას, ამის ნაცვლად კი ხელისუფლება ამკაცრებს სანქციებს არსებული რედაქციის მუხლებისთვის.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ISFED მიიჩნევს, რომ ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენება. მათივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვს, რადგან "არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს".

აქტივისტ გიორგი მუმლაძის დაკავება

ფოტო: დავით კაპანაძე

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მათი აზრით, ახალი კანონი სწორედ აქციების წინააღმდეგაა მიმართული.

"პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ქართულ ოცნებას აწუხებს. ქართულ ოცნებას აწუხებს აქტივიზმი, აწუხებს აქციები ქუჩაში და თითქოს ახალი ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ, როცა ევროპას უთხრა, რომ ახალ ფურცელს იწყებს ქვეყნის ისტორიაში, პირველი რაც გააკეთა, ამ რაღაც მარაზმის მიღებაა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქართული ოცნებისთვის არანაირ შეთანხმებას აზრი არ აქვს", — აღიშნავს მოძრაობა სირცხვილიას წევრი, გიგა მაქარაშვილი.

როგორია პოლიტიკური შეფასებები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები დისკუსიის საგანი გახდა ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. კანონის ნაჩქარევად მიღების გამო, თავისი საკმაოდ მკაცრი იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ს საელჩომ. მათი შეფასებით, ეს არასაჭირო და უსარგებლო იყო.

ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის განხილვას უკვე პლენარულ სსხდომებზე შეუერთდა. სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიკერძოებული სასამართლოსა და პროკურატურის პირობებში, აღნიშნული ცვლილებები იმ ადამიანების დასჯისკენაა მიმართული, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს.

"ოცნებას ეშინია" — ასე შეარქვა კანონპროექტს ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. როგორც პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, მმართველ გუნდი გაზრდილი სანქციებით ცდილობს, მშვიდობიანი აქტივისტები დააშინოს.

"მათ ეშინიათ, რომ ამ ქვეყნის პოლიცია ერთხელაც ადგება და ქართული ოცნებისთვის ნასროლ ტალახს აღარ მოიხვედრებს იმიტომ, რომ პოლიციელებს აქვთ თავიანთი ღირსება და ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, როდესაც უკანონო და უსამართლო ბრძანებებს ასრულებინებენ, ამიტომ საპოლიციო ჩამოშლის საფრთხე ქართულ ოცნებას უდგას და ამ საფრთხის პრევენციასაც ცდილობს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი ამბობდა, რომ კანონპროექტი შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მოითხოვდა, მმართველ გუნდში კი არც შენიშვნებს იზიარებდნენ და ვერც ვეტოს საფუძველს ხვდებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური განმარტავდა, რომ კანონი აქტივისტებზე არ იყო გათვლილი და არგუმენტად სამართალდარღვევის გაზრდილ მაჩვენებელს იშველიებდა. მისი თქმით, "როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც".

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ წვრილმანი ხულიგნობა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის ხელში "ტერორიზმის იარაღად იქცა":

"წალეკა ჩვენი საზოგადოება, კულტურა, მემკვიდრეობა, აი, ამ უზნეობამ. აქოთებულია მთელი ატმოსფერო, აი, ამ წვირლმანი ხულიგნობის სხვადასხვა გამოვლინებით. მაგრამ, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება".

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის საელჩოს კრიტიკის მიუხედავად თქვა, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდა "ნამდვილად ღირდა".

რატომ არ დაადო ვეტო პრეზიდენტმა

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებაზე საუბარი ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ უფრო გააქტიურდა. ამას ხელი ორბელიანის სასახლეში გამართულმა შეხვედრებმაც შეუწყო.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის შს მინისტრსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავდა, რომ ზურაბიშვილს კანონის ხელმოწერაზე უარს იტყოდა.

ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ ვეტოს დადებისთვის მოტივაცია არ არსებობს. თუმცა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეთის შემთხვევაში იმსჯელებდნენ, დასაძლევი იქნებოდა თუ არა ვეტო.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მსჯელობა საჭირო აღარ გახდა — შეხვედების დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონს ხელს მოაწერდა. პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტზე ოპოზიციის არგუმენტებს იზიარებდა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვეტოს გამოყენებას არ გამორიცხავდა, თუმცა, მისი აზრით, ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან, ამიტომ ვეტოს გამოყენებისთვის საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა.

"ვიზიარებ იმასაც, რომ როცა საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას — ამნისტიის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის — ამ ფონზე, არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, შეიძლება, პოლიტიკურად უდროოდ იყო მიჩნეული. ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინრე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას.

თუმცა მეორე მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებს. ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად. ამდენად ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა", — განაცხადა მან.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბუნდოვანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ ვეტოს დადებისთვის ყველანაირი არგუმენტი არსებობდა.

გირჩის ლიდერ იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო "კონცერტი", რასაც ის ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრებს უწოდებს.

"ჯონ ტრავოლტას გიფი რომ არის, ხომ იცით? ზუსტად ისე ვარ", — აღნიშნა ხვიჩიამ.

ევროპული საქართველოს თავჯმდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით კი, სალომე ზურაბიშვილმა "შეურაცხმყოფელი უტიფრობა" გამოიჩინა. მისივე თქმთ, "დემოკრატიული პროცედურის სპექტაკლიც კი არ ითამაშეს".

ოპოზიციისგან განსხვავებით კი მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა და საკითხის სიღრმისეული ცოდნაც კი გამოავლინა.

სტრატეგია აღმაშენებლმა უკვე დააანონსა, რომ მომავალ კვირას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე კანონს დაარეგისტრირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად,…