10 მიზეზი, რომელიც ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელს ფემინისტურ ანიმაციად აქცევს
პიროვნების გამოძერწვაში ბავშვობისას მიღებული ინფორმაცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მათ შორისაა ყველაფერი, რასაც ვუყურებთ — თუნდაც ის ანიმაციები, რომელთაც მშობლები გასართობად ბევრი ფიქრის გარეშე გვირთავენ. სწორედ ამიტომ დისნეის ზოგიერთ პრინცესასა და სხვა ანიმაციების პერსონაჟ ქალებს შეჩვეულს ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის ყოველი სერია გაოგნებულს მტოვებდა. აღმოვაჩინე, რომ თურმე, შესაძლებელი ყოფილა, ქალი ძლიერი იყოს, საკუთარი უფლებებისთვის იბრძოდეს, ჰქონდეს მოტივაცია და მიზნები და მუდამ სხვისი გადასარჩენი არ ხდებოდეს. თურმე ანიმაციაში მისი ერთადერთი ფუნქცია სილამაზე ან უმწეო მდგომარეობაში ყოფნა სულაც არ ყოფილა. ამის გააანალიზების შემდეგ კი თავში "წარმოუდგენელი" აზრი დამებადა: მოიცა... ნუთუ, შესაძლებელია, ქალი გმირი იყოს?
შესაძლებელიაო, მითხრეს ანიმაციური სერიალის გამორჩეულმა პერსონაჟმა ქალებმა. კატარა, ტოფი, სუკი, აზულა, მეი, ტაი ლი, პრინცესა იუე — მათ ჩემი გული ბავშვობაშივე მოიგეს, თუმცა ჩამოთვლილი პერსონაჟებისა და ანიმაციურ სერიალში მათი როლის მნიშვნელობა ნათლად მხოლოდ მოგვიანებით აღვიქვი, როცა ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის თავგადასავალს კიდევ ერთხელ (და ბევრჯერაც), ამჯერად ზრდასრულ ასაკში ვუყურე.
თუ შენი ყოველი დილაც აანგისა და მისი მეგობრების ისტორიით იწყებოდა, თუმცა მათი თავგადასავალი დეტალურად არ გახსოვს, შეგახსენებ 10 მიზეზს, რომელიც ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელს ფემინისტურ ანიმაციად აქცევს:
1. პირველივე ეპიზოდში ნახსენებია სიტყვა "სექსისტი"
პირველ ეპიზოდში, როდესაც კატარა და სოკა კამათობენ, სოკა დას სქესის გამო დამცინავად მოიხსენიებს, რის შემდეგაც კატარა მას მოუმწიფებელსა და სექსისტს უწოდებს. ბევრი ანიმაცია გახსენდებათ, რომელიც ამ სიტყვას იყენებს? არც მე. თანაც ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ პირველი ეპიზოდი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოვიდა.
2. ქალები ძლიერები არიან
ავატარში ძალას სქესი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, სერიალი სავსეა ძლიერი ქალებით, რომელთაც განსაკუთრებული უნარები, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა ახასიათებთ. კატარა წყლის მბრძანებელია, ერთი შეხედვით სუსტი ტოფი — მიწის დაუმარცხებელი მბრძანებელი და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ აანგმა სამყაროს გადარჩენა შეძლოს. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ აზულა, რომელიც ცეცხლის მბრძანებელ ოზაიზე ბევრად საშიში და გაქნილი გახლდათ.
ავატარში ზებუნებრივი ძალა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ ძლიერი იყო, რისი დასტურიც სუკი და აზულას თანამებრძოლები — მეი და ტაი ლი არიან. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ ძალასთან ერთად პერსონაჟი ქალები ხშირად გვაოცებდნენ საკუთარი მიზანსწრაფულობით, პრინციპულობით, გამჭრიახობითა და სხვა იმ თვისებებით, რომელთა დანახვა და გააზრება ბავშვისთვის შესაძლოა, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
3. ქალები განსხვავებული და დასამახსოვრებელი ხასიათითა და თვისებებით გამოირჩევიან
4-5 წლიდან ანიმაციების ერთგული მაყურებელი ვარ. საკმაოდ ხშირად ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის, ათწლეულისა და ჟანრის ნამუშევრებს. უამრავ ანიმაციაში გვხდებიან ქალები, რომელთა ერთადერთი დანიშნულება, სამწუხაროდ, ფილმის/სერიალის გალამაზება ან კაცის მიერ მათი გადარჩენაა. ისეთ ნამუშევრებშიც კი, რომელშიც მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, ვთვლი, რომ ავტორები მათ კომპლექსურ ბუნებას, ხასიათსა და პიროვნულობას სათანადოდ არ წარმოგვიჩენენ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია და პატარებს საამაყო გმირებიც ჰყავთ, თუმცა მგონია, რომ პრობლემა ბოლომდე არ გადაჭრილა.
ამ კუთხით ავატარი ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია. სერიალი საინტერესოდ აღწერს პერსონაჟ ქალებს: თითოეულ მათგანს გამოკვეთილი თვისებები და ხასიათი აქვთ, რომელთა წყალობითაც, მათი დავიწყება შეუძლებელია.
4. კომპლექსური წარსული და შინაგანი ბრძოლები
ხასიათის გარდა, ავატარი პერსონაჟი ქალების საინტერესო წარსულს, მათ განცდებსა და შინაგან ბრძოლებსაც ძალიან კარგად გადმოსცემს. ანიმაციური სერიალი მზა პერსონაჟებს კი არ გვიდებს ლანგარზე, არამედ მათ მიერ განვლილ გზასაც გვიზიარებს და არტისტულად გვიხსნის, თუ რატომაა ესა თუ ის პერსონაჟი ისეთი, როგორიც არის.
ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა აზულას პერფექციონიზმისკენ სწრაფვა და მის პიროვნებაზე ტოქსიკურ ოჯახში ცხოვრებისგან დასმული დაღი, აგრეთვე, კატარას დამოკიდებულება დედის მკვლელობისა და მისი მკვლელის მიმართ, ტოფის დამოკიდებულება საკუთარ შესაძლებლობებთან და მის შესახებ სხვების წარმოდგენებთან დაპირისპირება.
5. ცალკე ეპიზოდი ეთმობა სოკას მიერ გენდერული თანასწორობის აღიარებას
როგორც უკვე აღვნიშნე, ანიმაციური სერიალის პერსონაჟი ქალები განსხვავებული ხასიათით, გამოცდილებით, მიზნებითა და ღირებულებებით გამოირჩევიან. მსგავსი მრავალფეროვნების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების ძალას სერიალში კაცებიც აღიარებენ. ამაში სოკას პერსონაჟი უდიდეს როლს თამაშობს. სერიალის დასაწყისში სოკა მოძველებული შეხედულებებითა და ქალების შესახებ დამაკნინებელი წარმოდგენებით გამოირჩევა. ხშირად საუბრობს მათ შესახებ დამცინავად და ფიქრობს, რომ ქალის ადგილი სახლშია.
ქალებთან დაკავშირებულ მცდარ წარმოდგენებს სოკას კიოშის მებრძოლი ქალები უფანტავენ. როდესაც დატყვევებული სოკა აღმოაჩენს, რომ ის არა კაცებმა, არამედ ქალებმა დაამარცხეს, საკუთარ შეცდომასა და არასწორ წარმოდგენებს აღიარებს. ამის შემდეგ კიოშის მებრძოლებს ბოდიშს უხდის და მათგან ბრძოლის სწავლის სურვილსაც გამოთქვამს. სოკას ტრანსფორმაცია და გენდერული თანასწორობის აღიარება, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც სხვა ანიმაციებში პატარები და დიდები უფრო ხშირად უნდა ხედავდნენ.
6. ტოფი და კატარა ერთმანეთს მხარს უჭერენ
სერიალში ტოფი და კატარა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან, რომელთაც, ერთი შეხედვით, საერთო თითქმის არაფერი აქვთ. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ეპიზოდი შემქმნელებმა მათ ურთიერთობასა და ქალურ სოლიდარობას მიუძღვნეს. აღნიშნულ ეპიზოდში ტოფს ქალაქის მცხოვრები გოგოები გარეგნობის გამო დასცინიან. მას შემდეგ, რაც კატარა მათ საკადრისს პასუხს სცემს, ტოფს ეუბნება: "შენში ზუსტად ამას ვაფასებ ტოფ. შენ ძლიერი და თავდაჯერებული ხარ. ვიცი, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შენ ძალიან ლამაზიც ხარ". აღნიშნულმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ქალებმა ერთმანეთი მუდამ უნდა გააძლიერონ.
7. უსამართლო ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა
ავატარის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერია კატარასა და წყლის მბრძანებლის დაპირისპირებაა. კატარას ბრძოლის სწავლა უნდა, რაზეც პასუხობენ, რომ როგორც ქალს, ამის უფლება არ აქვს და სჯობს, დანარჩენ ქალებთან ერთად განკურნების ძალის ათვისებას დასჯერდეს. კატარა არ ნებდება და გამოცდილ ოსტატს ბრძოლაში იწვევს, რათა დაამტკიცოს, რომ სქესი მის უნარებსა და მიზნებს არ განსაზღვრავს. იმის მიუხედავად, რომ ორთაბრძოლაში მარცხდება, კატარა ამტკიცებს, რომ ქალსაც ისევე შეუძლია ბრძოლა, როგორც კაცს.
რა თქმა უნდა, ამ დეტალს თანამედროვეობასთან უამრავი რამ აქვს საერთო. ქალებისთვის დამაკნინებელი ტრადიციების სიმრავლით გამორჩეულ სამყაროში ანიმაციურ სერიალში მსგავსი დეტალის გათვალისწინება შეიძლება მცირე, თუმცა ნამდვილად წინ გადადგმული და პროგრესული ნაბიჯია.
8. სერიალის ყველაზე საშიში ანტაგონისტი ქალია
მართალია, პერსონაჟი ქალების ძალასა და საინტერესო ხასიათზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ აზულა ცალკე აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს, რადგან კარგად დაწერილი ანტაგონისტი ქალი არც ისე ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით — ანიმაციურ სამყაროში. 14 წლის აზულა ჭკვიანი, ნიჭიერი, გაქნილი და სტრატეგიული აზროვნებით გამორჩეული გოგოა, რომელსაც ჯარის ხელმძღვანელობა და მზაკვრული გეგმების დაწყობა ნამდვილად გამორჩეულად გამოსდის. მაშინ, როცა მთელი სერიალის განმავლობაში ცეცხლის მბრძანებელი ოზაი ერთფეროვნად ბოროტი და მიუწვდომელი ძალაა, აზულას მიზნები და მოტივაცია აქვს, მისი ხასიათის მიღმა კი ტოქსიკური ოჯახური ურთიერთობები, შიში და ბავშვობაში განცდილი უგულებელყოფა იმალება. სწორედ ამიტომ მთელი სერიალის განმავლობაში აზულას გამოჩენასა და სცენებს უფრო ველოდი, ვიდრე ოზაის.
9. სერიალის პერსონაჟი ქალების გარეშე აანგი სამყაროს ვერ გადაარჩენდა
აქამდე მრავალგზის ნაქებმა პერსონაჟებმა აანგთან ერთად სამყაროს გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ცეცხლის მბრძანებელი ოზაის დასამარცხებლად შემუშავებულ გეგმაში თითოეულ მათგანს საკუთარი როლი ჰქონდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოზაის წინააღმდეგ ბრძოლამდე, სამყარო ერთხელ ისევ ქალმა — პრინცესა იუემ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.
10. არსებობენ ქალი ავატარები
მგონია, რომ მაყურებელთა დიდ ნაწილს არც გაუკვირდებოდა, ავატარის სამყაროში ოთხივე სტიქიის მბრძანებლად დაბადება მხოლოდ კაცებს რომ შესძლებოდათ. საბედნიეროდ, ანიმაციურ სერიალში ეს უმნიშვნელოვანესი დეტალიც გათვალისწინებულია და ერთ-ერთ სერიაში უძლიერეს ავატარ კიოშისაც ვეცნობით.
ავატარი კიოშის შემდეგ, რა თქმა უნდა, ავატარი კორაც უნდა ვახსენოთ, რომლის შესახებაც 2012 წელს ახალი ანიმაციური სერიალი ავატარი: ლეგენდა კორაზე გამოვიდა. კორა შრომისმოყვარე, მხიარული, ცოტათი ფეთქებადი და ძლიერი ავატარია, რომლის შესახებ საუბრითაც თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან მის ღირსეულად დახასიათებას ცალკე სტატია სჭირდება.
ამავე თემაზე:
კომენტარები