ერთი აბი კორონავირუსის განსაკურნად — Pfizer-ის მედიკამენტი, შესაძლოა, წლის ბოლომდე გვქონდეს
უკვე ვიცით, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობს, ახლა კი, თუ ადამიანებზე მიმდინარე კვლევა წარმატებით ჩაივლის, შეიძლება წლის ბოლოსთვის ეს მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა, მედიკამენტს აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ბევრი რამ დასამტკიცებელი. ამ ეტაპზე, აბებს აშშ-სა და ბელგიაში, 60 ადამიანზე ცდიან. ამ კონკრეტული კვლევის შედეგები კი 25 მაისს გვეცოდინება.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინის გარდა სხვა საშუალება, რომელიც COVID-19-ს წინ აღუდგება, თუმცა, როგორც ამბობენ, თუ ის აბების სახით გაჩნდება, რომელთა მიღებასაც სახლის პირობებშიც შევძლებთ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება.
Pfizer არის კომპანია, რომელმაც შექმნა ყველაზე ხშირად გამოყენებადი კოვიდვაქცინა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლა კი ის ექსპერიმენტულ აბებს ცდის კლინიკური კვლევის ფარგლებში.
ასევე იხილეთ: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" — ვაქცინა, დეზინფორმაცია და "ელვის სისწრაფე"
ანტივირუსული წამალი, სახელად PF-07321332, შეიძლება გარდამტეხ საშუალებად იქცეს, სახლის პირობებში კორონავირუსის მკურნალობის კუთხით. მისი მიღება პაციენტებს სახლში, ვირუსის პირველი ნიშნების გამოვლენის შემდეგ შეეძლებათ. გარდა ამისა, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე, ვაქცინას ვერ იღებს. მეორე მხრივ, მათთვის იქნება კორონავირუსის სამკურნალო აბების მიღება გამოსავალი.
ამ ეტაპზე, Pfizer-ის მედიკამენტ PF-07321332-ის კლინიკურ კვლევის პირველ ფაზაში 60 ადამიანია ჩართული, კვლევა კი 25 მაისს დასრულდება. ამის შემდეგ, მედიკამენტი უფრო ფართო კვლევის ფაზაში გადავა და უფრო მეტ მონაცემზე დაყრდნობით შეგვეძლება იმის თქმა, ნამდვილად მუშაობს თუ არა მედიკამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ. როგორც ამჟამინდელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები გვეუბნება, წამალი ეფექტიანია. ის თუ რამდენად, ამას უკვე კლინიკური კვლევის შედეგად გავიგებთ. შედეგად კი გვეცოდინება ისიც, გამოჩნდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები წლის ბოლოსთვის, ჩვენს ყოველდღიურობაში.
პროფესორი კევინ ბლიტი, გლასგოუს უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ "ეს შეიძლება იყოს დიდი ნაბიჯი, თუ ანტივირუსული მედიკამენტი იმუშავებს. შედეგად ნორმალური სერვისები დაიწყებს ფუნქციონირებას და აღარ მოგვიწევს ლოქდაუნში ყოფნა".
კომენტარები