ციცქნა ქოხიდან დახსნილი მახინჯაურელი ფისოები მზრუნველ მეგობრებს ელიან
Animal hoarding, იგივე ცხოველების შემგროვებლობა ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ამ სინდრომის მატარებელი ადამიანი არაბუნებრივად ბევრ ცხოველს იშინაურებს, თუმცა მათ შესაბამის მოვლას და პატრონობას ვერ უზრუნველყოფს. აშლილობის დროს პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ ცხოველებს ვნებს, მათზე მიჯაჭვულობას განიცდის და გაშვება უჭირს. ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის პრევენციის ამერიკული ასოციაცია მუდმივად ცდილობს დაეხმაროს ამ ადამიანებს, რომ იმდენ ცხოველს უპატრონოს, რამდენის მოვლასაც შეძლებს, ხოლო დანარჩენები დაიხსნას.
სწორედ ეს შემთხვევა დაფიქსირდა მახინჯაურში 2020 წლის მიწურულს. 80-მდე კატა შემგროვებელს 10მ2-ში ჰყავდა მოთავსებული.
7 თებერვალს ისინი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Animal Project-მა დაიხსნა. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როცა პროცესი "კანონის დაცვითა და ყველა ჩართულ მხარესთან შეთანხმებით" წარიმართა.
მახინჯაურიდან აქტივისტებმა სულ 75 კატა დაიხსნეს. თებერვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. გადარჩენილებიდან ნახევარზე მეტი გაჩუქდა, 30 კატა კი კვლავ მზრუნველ პატრონს ელის, რომელიც მათ ლამაზ მოგონებებს შეუქმნის.
ცხოველების გამოხსნაში, სხვა აქტივისტებთან ერთად, ქეთა გაბუნია, ნათია ჩიქოვანი და ნინი იაშვილი იყვნენ ჩართულნი. ნინიმ მახინჯაურის ფისოებზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომლის სრულად ნახვაც YouTube-ზე შეგიძლიათ. გთავაზობთ ნაწყვეტს ფილმიდან:
Animal Project-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი გვიყვება, რა გზა გაიარეს ცხოველების გამოხსნისას, რა მდგომარეობაში არიან კატები, ვინ ეხმარება მოხალისეებსა და აქტივისტებს და რას აკეთებს მათი ორგანიზაცია.
მახინჯაურელი კატები
მახინჯაურელი ფისოების შესახებ ამბავი სოციალური მედიით ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ იყო გამომწყვდეული ათეულობით ფისო ციცქნა სივრცეში. ვიდეო მოკლეა, მაგრამ შემზარავი.
"ამ ვიდოს ნახვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ კატებისთვის აუცილებლად უნდა გვეშველა", — გვიყვება ნათია.
მათ ინფორმაცია აჭარელი აქტივისტების დახმარებით მოიძიეს. როგორც ნათია გვიყვება, აღმოჩნდა, რომ 50 წლამდე კაცი, მახინჯაურის ტყეში, დაუსახლებელ ადგილას, დაახლოებით 10 კვადრატული სივრცის ქოხში 80-მდე კატასთან ერთად ცხოვრობდა. ის ცხოველებს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში აგროვებდა და როცა მის შესახებ აღმოაჩინეს, მას უკვე 80-მდე კატა ჰყავდა.
როგორც ნათია ამბობს, აჭარელმა აქტივისტებმა ბევრჯერ სცადეს მისი დახმარება, შესთავაზეს კატების სტერილიზაცია, მკურნალობაში დახმარება. მძიმე პირობებში მყოფ კატებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ. აქტივისტები კაცს შემოღობილი, ღია სივრცის შექმნაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ, სადაც კატები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებდნენ. სამწუხაროდ, ის ყველანაირ შეთავაზებაზე უარს აცხადებდა და კატებთან მიახლოების უფლებას არავის აძლევდა.
აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ საქმე სამართლებრივი გზით გადაეწყვიტათ. მათ მახინჯაურის პოლიციაში ოფიციალური განცხადება გაგზავნეს და 7 თებერვალს ადგილზე ჩავიდნენ. მათ კატებისთვის განკუთვნილი გალიები სხვადსხვა ვეტკლინიკამ, ორგანიზაციამ და ცხოველმოყვარულებმა ათხოვეს.
ნათია გვიყვება, რომ შემგროვებელი მათ 4 კატის დატოვებაზე დათანხმდა, თუმცა მას კიდევ 4 კატა ჰყავდა გადამალული. მოგვიანებით, ეს 8 ფისო ბათუმელმა ვეტერინარმა უფასოდ გაასტერილა, მანამდე კი ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
"თავად ეს კაცი, ფისოებთან ერთად, რამდენიმე დღით გადაიყვანეს სასტუმროში და მისი ეს ქოხი/ოთახი მოაწესერიგეს. ამ კაცის მონიტორინგი აუცილებელია, მაგრამ სამწუხაროდ არავინაა ამის გამკეთებელი".
გამოხსნის ოპერაცია
აქტივისტებმა კატები 8 თებერვალს Georgian Bus-ის მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს.
"დაახლოებით 10 საათი გავატარეთ პოლიციის შენობასთან. რეალურად სხვადასხვა მუხლისა და პროტოკოლის გათვალისწინებით, კანონიერი უფლება გვქონდა, რომ ეს კატები გამოგვეყვანა და ასევე მოგვეთხოვა — და მოვითხოვეთ კიდეც — ამ პიროვნებისთვის სავალდებულო ფსიქოლოგიური დახმარება-რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა, შევძელით შეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით, რომლის შუამავალიც პოლიცია იყო, ამ პიროვნების დათანხმება და 75 კატის გამოხსნა.
მახსოვს, ღამის 10 საათი იყო, უშუალოდ ტყეში რომ ავედით, მანქანა ბოლომდე არც ადიოდა და პატარა ბილიკით, დაღმართზე, ხელით ჩამოგვყავდა გალიებით ფისოები, შუბლზე ფანრებდამაგრებულებს...
ღამის 3 საათი იყო თბილისში რომ შემოვედით და დროებით თავშესაფარში განვათავსეთ კატები. მეორე დილით კი, ვეტერინარებისა და მოხალისეების დახმარებით, პირველი აღწერა დაიწყო".
ფოტო: Vetex - ვეტექსი
ფოტო: Vetex - ვეტექსი
აქტივისტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, ცხოველთა შემგროვებლობის დროს ცხოველები თავშესაფარში გადაჰყავთ, ხოლო შემგროვებელს ენიშნება სავალდებულო რეაბილიტაცია.
მახინჯაურელი კატების ამბის გახმაურების შემდეგ, აქტივისტები იმედოვნებენ, რომ შემგროვებლობის პრაქტიკა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება:
"სამწუხაროდ, საქართველოში საერთოდ არ გვაქვს შემგროვებლის შესახებ არანაირი კანონი, ან განმარტება, პროტოკოლი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რამდენიმე გახმაურებული საქმეც კი გვაქვს, ამ საქმის გარდა, როდესაც ცხოველები შემგროვებლის მსხვერპლი ხდებიან. ზოგჯერ ეს ქცევა განპირობებულია ფინანსური მოგების მიზნით, როდესაც "ფასიანი შემფარებლის" სერვისს ახორციელებს შემფარებელი და ზოგჯერ, ფსიქიკური გადახრის შედეგია".
დახმარება, რომელიც გამოხსნილმა კატებმა მიიღეს
ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ცხოველთა დამცველებს უნდა მოეგვარებინათ, დროებითი თავშესაფრის პოვნა იყო, სადაც კატებს დროებით განათავსებდნენ.
ნათია ჩიქოვანი გვეუბნება, რომ პროექტი 100%-ით დონაციების წყალობით განხორციელდა, თუმცა აღსანიშნავია ის წვლილიც, რომელიც აქტივისტებმა საკუთარი დროისა და ენერგიის რესურსის ხარჯზე გაწიეს. განსაკუთრებით დასაფასებელია აქტივისტ გიორგი ქერეჭაშვილის დაუზარელი შრომა, რომელიც ამ პროცესში პირველივე წუთებიდან დღემდე აქტიურადაა ჩართული.
"საბოლოოდ, იჯარით ავიღეთ სივრცე საბურთალოზე. კატების ნაწილი, გარკვეული დროით, ინდივიდუალურად, კერძო შემფარებლებთანაც გადანაწილდნენ, კონკრეტულად ისინი, რომელთაც მეტი ყურადღება სჭირდებოდა მკურნალობის დროს. ახლა, ყველა ფისო, რომლებიც ჯერ არ გაჩუქებულან, ჩვენს დროებით თავშესაფარშია".
კატების მდგომარეობა საშუალოდ მძიმე იყო. დახსნილი ცხოველებიდან, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო, ერთი ვერ გადარჩა (და ცისარტყელას ხიდზე გადავიდა). ნათია გვიყვება, რომ გამოხსნილი ცხოველებიდან თითქმის ყველას ჰქონდა რინოტრაქეიტის ვირუსი — რესპირატორული ხასიათის კატის ვირუსი, რომელიც არ გადადის ადამიანზე. ამ დროს კატებს თვალიდან და ცხვირიდან (გართულებულ შემთხვევებში კი ყურიდან და პირიდანაც) ჩირქოვანი გამონადენი აქვთ.
კატების დიდ ნაწილს ჰქონდა კანის და ბეწვის პრობლემები, რამდენიმე მათგანს უფიქსირდებოდა ღია ჭრილობა, ყურისა და ტანის სხვა არეში. ცხოველებს აღენიშნებოდათ ყურის პაპილომების რთული შემთხვევები, ინფექციები, გაუწყლოვება და მალნუტრიცია, რაც საკვების ნაკლებობით გამოწვეული პრობლემებია. ყველა კატას იმუნური სისტემა დაქვეითებული ჰქონდა.
კატებს ვეტერინარული კლინიკა ვეტექსში მკურნალობენ, სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები კი მათ სპეციალური ფასდაკლებით სხვადასხვა ვეტერინარულ საავადმყოფოებში გაუკეთეს. პროცესს წვრილ ვეტერინართა ასოციაციისა და კლინიკა ვეტექსის ხელმძღვანელი მარიკა ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობს.
ყველა ცხოველს ჩაუტარდა და დღემდე უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, რამდენიმე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, მათ შორის ყველას — სტერილიზაცია/კასტრაცია — რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა და პოპულაციის კონტროლის ერთადერთი და აბსოლუტურად ჰუმანური, დამტკიცებული გზა. ყველა კატა აიცრა ცოფის ვაქცინით. მომავალ პატრონებს საბაზისო პროცედურებიდან დარჩებათ მხოლოდ კომპლექსური ვაქცინების ჩატარება.
გადარჩენილ ცხოველებს კერძო კომპანიებიც დაეხმარნენ: Happy Dog Georgia-მ 100 კილო პრემიუმ კლასის საკვები აჩუქა დამცველებს; პრემიუმ კლასის სტერილური საკვები გადასცა უსასყიდლოდ ასევე კომპანია Purina-მ; Farmina Georgia-მ 90 კილო სუპერ პრემიუმ კლასის საკვები გადასცა მათ დიდი ფასდაკლებით. ცხოველებისთვის საჭირო სამედიცინო, ჰიგიენური თუ ანტისეპტიკური პროდუქტები ფასდაკლებით ავერსის კლინიკამაც გაიღო. ტრანსპორტირებისთვის 100 ლიტრი ბენზინი უსასყიდლოდ გაიღო გალფმა. ინვეტ ჯგუფმა კატის ვირუსების ტესტები გამოყო, შეღავათები აქვთ ვეტერინარულ მედიკამენტებზე და Vancat-ის ბრენდის ქვიშაზეც.
ჩუბაკას გრუმინგ სალონმა დარჩენილ 40-მდე კატას გრუმინგის სერვისი უსასყიდლოდ გაუწია.
ნათია დასძენს,რომ ამის მიუხედავად, ხარჯები მაინც ძალიან ბევრია. ამაში შედის იჯარის თანხა, კომუნალურები, საკვები, ქვიშა, ანტიბაქტერიული და ჰიგიენური ნივთები, მედიკამენტები, დამსუფთავებლის ხელფასი...
"ეს მუდმივი ხარჯებია და გვექნება მანამ, სანამ ყველა ფისო ახალ ოჯახებში არ დაბინავდება. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლიან, მზრუნველ პატრონებზე გაჩუქება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია".
ფისოებისთვის საგანგებოდ გახსნილია ანგარიშიც, ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს პროექტს ცხოველებისთვის:
BOG: GE21BG0000000498506227
TBC: GE56TB7055036070100001
PayPal: [email protected]
მიმღების დასახელება: ააიპ პროექტი ცხოველებისთვის
დანიშნულება: მახინჯაურელი ფისოებისთვის
ფისოები, რომლებიც მზრუნველ ოჯახს ჯერ კიდევ ელიან
ამ დროისთვის გამოხსნილი 75 კატიდან 30 ისევ ელის მეგობარს, რომელიც მათ თბილ სახლს შესთავაზებს და მძიმე პირობების შემდეგ, სიყვარულს და მზრუნველობას აგრძნობინებს. აი ისინიც:
ფოტო: მახინჯაურის ფისოები
სანამ სრულად გაჩუქდებიან, ფისოებს თვალი ფეისბუქგვერდზე, მახინჯაურის ფისოები, შეგიძლიათ ადევნოთ, სწორედ ამ გვერდს უნდა მისწეროთ, თუ ცხოველის შინ წაყვანას გადაწყვეტთ.
ახლა ფისოების უმრავლესობა თავს კარგად გრძნობს, მკურნალობის კურსი წარმატებით მიმდინარეობს რამდენიმე კატისთვის. მადლობას ვუხდი ყველა გაჩუქებული ცხოველის პატრონს, რომლებმაც ახალი, ნორმალური და ბედნიერი ცხოვრების შანსი მისცეს ამ კატებს.
75-დან ერთ-ერთი კატა მზრუნველ მეგობართან ერთად
გამოხსნილი ფისო ახალ სახლში
მოხალისეობიდან აქტივიზმამდე
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა ისინი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე დიდი ხანია ზრუნავენ.
ორგანიზაცია საქმიანობა ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს, სტატუსის გარეშე, დაიწყო. მაშინ, როცა ყველაფერი დაიხურა: სამსახურები, საკვები ობიექტები და ქუჩებში ხალხის რაოდენობა შემცირდა, მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დარჩნენ. ამ დროს შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც რომლებიც ქუჩებში მარტო დარჩენილი ცხოველთა ბედი ადარდებდათ.
შეიქმნა ჯგუფი სოციალურ სივრცეში: მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის. ბოლო მონაცემებით, აქტივისტებმა ბოლო ერთ წელში 70 ტონაზე მეტი საკვების შეძენა და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგზავნა მოახერხეს.
"ეს ყველაფერი მხოლოდ დონაციებით. ჩვენ შევქმენით უნიკალური ჯაჭვი: დონაციების მიღება და საკვების შეძენა, მოხალისეების მოძიება, რომლებიც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, ასევე მოხალისეების მოძიება რეგიონებში, რომლებიც გაგზავნილ საკვებს უკვე ადგილობრივად უნაწილებდნენ ცხოველებს".
აქტივისტების დაუღალავმა შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მათ უამრავი ცხოველი იხსნეს მარტოობისგან და შიმშილით სიკვდილისგან. ისინი მადლობას უხდიან იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ პერიოდის განამავლობაში მაგისტრალებზე, ტრასებზე, დაუსახლებელ ადგილებში დადიოდნენ.
"ადამიანები სპეციალურად დადიოდნენ მაგალითად გომბორზე, რიკოთზე და სხვა მაგისტრალებზე, რომ იქ დატოვებული ცხოველები გამოეკვებათ. ჩვენც, როგორც ვახერხებდით, დავიდოდით თბილისის გარშემო და ვკვებავდით ტრასაზე მიტოვებულ ცხოველებს.
დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ეს აქტივობა ძალიან წარმატებით გამოგვდის. ჩვენი კონტაქტებისა და სხვადასხვა მიმართულებით განათლების, გამოცდილებისა თუ უნარების წყალობით, ძალიან სწრაფად ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევდით და გადავწყვიტეთ აღარ გავჩერებულიყავით. დეკემბერში ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project და დღეს უკვე ორგანიზაციის სახელით ვცდილობთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მეორე დიდი პროექტი იყო სწორედ მახინჯაურის ფისოების ტყვეობიდან დახსნის საქმეც".
4 აპრილს აქტივისტებმა მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღე აღნიშნეს, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩაერთო. აქტივისტების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათი ემპათიისა და ჩართულობის გაზრდა და სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტიურობის გამოწვევაა.
გვიხარია, რომ ამ ეტაპზე ვხედავთ, ქუჩიდან აყვანილი ცხოველების რაოდენობა იზრდება. ახლა მთავარია ქუჩაში გაშვებული ცხოველების რაოდენობაც მაქსიმალურად შევამციროთ.
კომენტარები