საქართველოში PCR ტესტირებაში რობოტები მონაწილეობენ — როგორ
დღეს საქართველოსა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დასაქმებულთა დიდ ნაწილს ყოველდღიურად უწევს ისეთი რუტინული და ერთფეროვანი საქმის შესრულება, რომელიც დიდ ინტელექტუალურ რესურსს არ მოითხოვს და რომელიც, ხშირად, ადამიანების მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე ცუდად აისახება.
ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შეეხო ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც PCR ტესტებზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, უამრავი ადამიანის მონაცემები შეემოწმებინათ და დროულად მიეწოდებინათ პასუხები. სწორედ ამიტომ, ქართულმა კომპანიამ NGT გადაწყვიტა, შეექმნა პროგრამული რობოტები, რომლებიც ამ ადამიანებს და არამხოლოდ მათ, საქმეს შეუმსუბუქებდა. ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ როგორ მოხერხდა საქართველოში PCR ტესტირების პროცესში პროგრამული რობოტების ინტეგრირება.
NGT ჯგუფმა რობოტიქსის მიმართულების განვითარება საქართველოში 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყო, დღეს კი ისინი უკვე რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობენ. გუნდის გააქტიურების შემდეგ მალევე დაიწყო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც, რამაც ადამიანების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს შეეხო, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ჩვენი კეთილდღეობისთვის. როგორც NGT-ის სოლუშენ მენეჯერი, გიორგი კალაძე გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიებმა მთელი რესურსები PCR ტესტირებებისკენ მიმართეს, არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა მზად ამ რაოდენობის ტესტის ჩასატარებლად.
"ადამიანები 24 საათის მანძილზე შრომობდნენ. მათ უმეტესად რუტინული საქმის შესრულება უწევდათ და რობოტებისგან განსხვავებით, ადამიანის შესაძლებლობებს აქვს გარკვეული ლიმიტი — დიდი ხნის მანძილზე ერთი და იმავე დამღლელი საქმის შესრულების შედეგად, რა თქმა უნდა, იკლებს ადამიანის მიერ ამ სამუშაოს შესრულების სიჩქარე და ეცემა ხარისხიც. ამ საქმის დიდი ნაწილი დაკავშირებულია გარკვეულ ლოგიკურ ნაბიჯებთან და მათი შესრულება დიდ ინტელექტუალურ რესურსს არ მოითხოვს", — ამბობს გიორგი კალაძე.
ამ პერიოდში, გუნდის წევრებამდეც მივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაბორატორიებს შედეგების აღრიცხვა და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტესტის აღებიდან 72 საათის შემდეგაც კი უჭირდათ. სწორედ ამიტომ, გუნდმა გადაწყვიტა, თავისი პროდუქტის საშუალებით, მხარი დაეჭირა მათთვის. ამჟამად, NGT-ის რობოტები ლაბორატორიებს ეხმარებიან ჩასატარებელი ტესტების სიის გენერირებაში, არეგისტრირებენ ტესტებს ლაბორატორიის პროგრამასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პორტალზე. დღევანდელი მონაცემებით, რობოტებს უკვე რამდენიმე ასეულ ათას PCR ტესტირების პროცესში აქვთ მიღებული მონაწილეობა, რაც რობოტის მიერ გაწეულ ათასობით სამუშაო საათს უდრის.
რობოტების საშუალებით პარტნიორმა ლაბორატორიებმა გააორმაგეს ან გაასამმაგეს ჩატარებული ტესტების მოცულობა, შესაძლებელი გახდა ადამიანებისთვის ტესტირების პასუხების 24 საათზე ნაკლებ დროში მიწოდება და ამ პროცესში ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების სრულიად აღმოფხვრა.
"როდესაც პირველად დავიწყეთ საუბარი რობოტებზე ქართულ კომპანიებთან, ყველას ტერმინატორის მსგავსი რობოტი წარმოედგინა, რომელიც ოფისში ადამიანივით ივლიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი ხდება. სიტყვა რობოტი ჩეხური ენიდან მოდის — რობოტა და იძულებით შრომას ნიშნავს. ჩვენი რობოტებიც, უმეტესად, იმ შრომას ასრულებენ, რომელთა შესრულება ადამიანებს ვალდებულების გამო უწევთ ხოლმე — საქმე ეხება რუტინულ და მოსაწყენ სამუშაოს, რომელიც განვითარების და საკუთარი აზროვნების გამოყენების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა", — ამბობს NGT-ის RPA ბიზნეს კონსულტანტი, დავით მეშველაშვილი.
რა არის პროცესების რობოტიცაზია და რა საჭიროა ის?
RPA, იგივე პროცესების რობოტიზაცია წარმოადგენს ადამიანის ქმედებების ტექნოლოგიურ იმიტაციას, რომელიც მიზნად ისახავს, შეასრულოს სტრუქტურირებული რუტინული დავალებები სწრაფად, უშეცდომოდ და იაფად.
მზარდი კონკურენციის პირობებში, ასეთი რუტინული სამუშაოების შესრულება ადამიანების მიერ ორგანიზაციებს რიგ პრობლემებს უქმნის. ერთ-ერთ მათგანს დემოტივირებული და უკმაყოფილო თანამშრომლები წარმოადგენს. ასეთი კადრების გადინების სიჩქარე მათი რუტინული სამუშაოს მოცულობის პირდაპირპროპორციულია. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა დროითი რესურსის 30%-70% სწორედ ასეთი სახის სამუშაოზე იხარჯება, რომელიც ადამიანის განვითარებას ხელს საერთოდ არ უწყობს.
აქვე, უნდა აღინიშნოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომებიც, რომელთა აღმოფხვრა, ბუნებრივია, შეუძლებელია მაშინ, როდესაც საქმეს ადამიანი ასრულებს და არა რობოტი. ასეთი შეცდომები კი გარკვეულ ხარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ხშირად, კომპანიები ცდილობენ, ადამიანებს შეუზღუდონ წვდომა სენსიტიურ მონაცემებზე.
NGT-ის გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში ისინი კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განახორციელებას შეძლებენ, კომპანიებს კი დროითი რესურსების დაზოგვასა და ეფექტიანად მუშაობაში დაეხმარებიან.
კომენტარები