როგორი ფეისბუქი ექნებოდათ ძველად ცნობილ ქართველებს — 10 სახალისო ვერსია
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი ფეისბუქპროფილები ექნებოდათ ცნობილ ქართველებს, მათ ეპოქაში რომ სოციალურ ქსელებს ეარსება? ფეისბუქმა ხომ დღეს უკვე მრავალგვარი ფუნქცია შეიძინა და გახდა მეგობრობის დღიური, ტრიბუნა სიტყვით გამოსვლისთვის, საკუთარი შემოქმედების გასაზიარებელი ადგილი და კიდევ ბევრი რამ.
მოკლედ, ეს სოციალური ქსელი მორგებულია თითქმის ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანზე. მათ შორის, ისეთზეც, ვინც დაფიქრდა, როგორი პროფილი ექნებოდათ ფეისბუქზე ქართველ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს და კომპოზიტორებს.
ფეისბუქმომხმარებელმა და მომავალმა მწერალმა თაკო სონღულაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახალისო ვერსიები გაგვიზიარა და პოსტის კომენტარებშივე დაუდო დასაბამი ახალ ტრენდს. მოკლედ, ჩაუჯექით სტატიას და დაიწყეთ ქართველი მწერლების "სტალკვა":
1. გალაკტიონ ტაბიძე
"გალაკტიონს რომ ფეისბუქი ჰქონოდა, Profile Picture-ად მგლის ფოტო ექნებოდა, ან ქავერზე მაინც. ჩაბნელებული ფეისბუქი — 1 ფოტო, 1 ქავერი, 21 'ფრენდი'. ასევე, ექნებოდა რამდენიმე 'ექაუნთი' თავისი სახელებით და ჩვენ, 21 'ფრენდს', ყველა 'ექაუნთზე' დაგვამატებდა, ვერავინ მივხვდებოდით, რატომ, მაგრამ ვერც უარს ვეტყოდით. ასევე, რამდენიმე ფეიქექაუნთიც აუცილებლად ექნებოდა, თუ რატომ, ამას თავადაც მიხვდებით".
2. ილია ჭავჭავაძე
"ილია ჭავჭავაძეს Profile Picture-ზე — თავისი და ოლღას ფოტო. აუცილებლად. ფოტოზე ელისაბედის კომენტარი: 'ჩემი სიმპატიური ძმა'. ილია სულ გრძელ-გრძელ პოსტებს დაწერდა, ათასობით ლაიქითა და შეარით, ტაშითა და '1000000%-იანი' კომენტარებით — იქნებოდა ქვეყნის მთავარი 'ოფინიონმეიკერი'".
მის ტიტანურ აზრებს კი, დამატებით პლატფორმას On.ge აუცილებლად შესთავაზებდა.
3. აკაკი წერეთელი
"აკაკი წერეთელი თავის გამოპრანჭულ ფოტოს და, ზოგადად, სულ თავის ფოტოებსა და სელფებს დადებდა. ხანდახან ლექსებს. ხან აღმას დაჩექინებოდა, ხან — დაღმას. უფრო 'ინსტაგრამინფლუენსერი' იქნებოდა".
4. ნიკოლოზ ბარათაშვილი
"ნიკოლოზ ბარათაშვილი წამოვიდოდა ფორუმ.ჯიდან ფეისბუქზე, აქ კი არცერთი ფოტო არ ედებოდა თავისი და ყველას ეგონებოდა ტროლი. თავის ლექსებს 'ნოუთებად' გამოაქვენებდა და ამ ნოუთებზე თავის ყველა ფრენდს დათაგავდა".
5. ზაქარია ფალიაშვილი
"ზაქარია ფალიაშვილს — ქავერზე თავისი დიდი ოჯახის ფოტო, პოსტებად მხოლოდ ოპერების იუთუბლინკები და ახალი ტრეკები. აქვე: ნადეჟდა ბუზოღლი ყველა მის პოსტს დაალაიქებდა".
6. იოსებ გრიშაშვილი
"იოსებ გრიშაშვილს: ქავერზე — ნარიყალა, პოსტებად — ლექსები ქალებსა და ხარფუხზე. იქნებოდა თბილისური ამარკორდისა და ფოლორცის მთავარი ადმინი. არტარეაზე ექნებოდა თავისი რუბრიკა — თბილისის ბოჰემა. 'ფრენდებში': ქალები, ყარაჩოხელები და კინტოები".
7. მიხეილ ჯავახიშვილი
"მიხეილ ჯავახიშვილს ერთი ფოტო ექნებოდა წლობით უცვლელად. პოსტის ათასობით კომენტარიდან არცერთს გასცემდა პასუხს. არც კი დაალაიქებდა. და, ზოგადად, არავის არაფერს დაულაიქებდა".
8. ნიკო ლორთქიფანიძე
"მწერალი.ნიკო.ლორთქიფანიძე.ასე.დაპოსტავდა.თავის.სათქმელს".
9. ელენე დარიანი
10. ვაჟა-ფშაველა
"ვაჟა-ფშაველას ფეისბუქი არ ექნებოდა — რა კაცის საქმე სეისბურგიაო — იტყოდა".
კომენტარები