10 ნიშანი იმისა, რომ სხვებისთვის არას თქმა უნდა ისწავლო
"შეგიძლია? გცალია? დამიწერ? შემისრულებ? დამეხმარები?" — არა. არ შეგიძლია, არ გცალია, არ გააკეთებ. აი, ახლა ღრმად ჩაისუნთქავ და ამ ადამიანს უარით გაისტუმრებ. ემზადები, პირს აღებ და პასუხობ: "კი, რა თქმა უნდა".
თუ სხვების საჭიროებებსა და სურვილებს ყოველთვის საკუთარზე მაღლა აყენებ და უარის თქმის ძალასა და გამბედაობას ვერასდროს პოულობ, შეგიძლია, საპატიო ადგილი ე.წ. People Pleaser-თა კლუბში დაიკავო. ნუ გეშინია, საკმარისი სკამები გვაქვს და არავისთვის არაფრის დათმობა არ მოგიწევს.
People Pleasing საკუთარი პიროვნების, განრიგისა და სურვილების სხვების საჭიროებებზე მორგებას გულისხმობს. ამ დროს ადამიანი მუდამ სხვების სიამოვნებისა და ბედნიერებისთვის იბრძვის. ეს უბრალო სიკეთე არ გეგონოს: ასეთი ადამიანი საკუთარ დაღლილობას, სურვილებს, საქმეებსა და მიზნებს არაფრად აგდებს და მზადაა, სხვისი ბედნიერებისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიღოს.
თუ ღამეებს სხვების დახმარებაზე ფიქრში ათენებ, საინტერესოა, უბრალოდ კარგი და სასიამოვნო ადამიანი ხარ, რომელიც მუდამ მზადაა სხვებს ხელი გაუწოდოს თუ ე.წ. People Pleaser? იქნებ, დროა, უარის თქმის ხელოვნებას დაეუფლო? ამ კითხვებზე პასუხების გაცემაში ეს 10 ნიშანი დაგეხმარება. აბა, თვლას შეუდექი!
1. უარის თქმის გამო სინდისი გქენჯნის
People Pleaser-ს უარის თქმას ხშირად მიწის გასკდომა ურჩევნია, თუმცა თუ "არა" მაინც წამოსცდება, შემდეგ სინდისი აუცილებლად ქენჯნის. ამის მიზეზი ისაა, რომ სხვების ბედნიერებასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, უარის თქმა კი ამ მოვალეობას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
2. სხვების გამო საკუთარ სურვილებსა და საქმეებს უგულებელყოფ
ხანდახან, სხვების სურვილების შესასრულებლად ან დრო არ გაქვს, ან — სურვილი. მაგალითად, არ გიყვარს ხმაურიანი წვეულებები, მაგრამ სხვის გამო თავს ყოველთვის არაკომფორტულ მდგომარეობაში იგდებ. შეიძლება, უამრავი საქმე და პასუხისმგებლობა გქონდეს, თუმცა რადგანაც სხვისი "გასაჭირი" მუდამ პრიორიტეტულია, საკუთარი თავისთვის, ფაქტობრივად, ვერასდროს იცლი.
3. გინდა, ყველას მოსწონდე
People Pleaser ხშირად თვლის, რომ მის ფასს სხვების დამოკიდებულება განსაზღვრავს, ამიტომაც მუდმივად ვალიდაცია სჭირდება. თავს კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც სხვებს სჭირდებათ, აფასებენ და მოსწონთ. უარის თქმის შეუძლებლობა სწორედ სხვების რეაქციასა და შეფასებებზე არაჯანსაღი დამოკიდებულების შედეგია.
4. საკუთარი პიროვნების სხვების სურვილებზე მორგებას ცდილობ
ხშირად არა მხოლოდ საკუთარ განრიგს, არამედ პიროვნულ თვისებებსაც იცვლი. სხვების გავლენასა და სურვილებს როცა ვერ ეწინააღმდეგები, ბუნებრივია, რომ საკუთარი ხასიათისა და თვისებების რედაქტირება და კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცევა გიწევს. განსხვავებულ ადამიანებთან განსხვავებულად მოქცევა კი იმას იწვევს, რომ საკუთარ სურვილებს, ინტერესებსა და აზრებს სხვების გავლენისგან ვეღარ მიჯნავ.
5. კონფლიქტები და უბრალო აზრთა სხვადასხვაობა დისკომფორტს გიქმნის
როდესაც შენი მიზანი სხვების ბედნიერებასა და სიამოვნებაზე ზრუნვაა, მათი გაბრაზება იმას ნიშნავს, რომ მოვალეობას თავი კარგად ვერ გაართვი. სხვისი კეთილგანწყობის დაკარგვა იმდენად გაშინებს, რომ მზად ხარ, კონფლიქტი თავიდან ნებისმიერი გზით აიცილო.
6. ყველას ეთანხმები, მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ასე არ ფიქრობ
კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად თანხმობა საუკეთესო გამოსავალი გგონია. ამ დროს საკუთარ პრინციპებსა და შეხედულებებზე მაღლა სხვა ადამიანების კმაყოფილებასა და ბედნიერებას აყენებ, ერიდები საკუთარი აზრის გამოხატვას და მუდამ სხვების სურვილებს მიჰყვები.
7. ბოდიშს წვრილმანების გამო ან უმიზეზოდ იხდი
როცა თანხმობა აღარ ჭრის, სხვების გასაბედნიერებლად მომდევნო იარაღი ბოდიში მოხდაა, მაშინაც კი, როცა ვიღაც შენიშვნას დაუმსახურებლად გაძლევს ან უმიზეზოდ ბრაზობს შენზე.
8. სხვების ემოციების გამო პასუხისმგებლობას გრძნობ
თუ როგორც იქნა, უარის თქმას გაბედავ, შენს სამსახურს შეჩვეული ადამიანები ხშირად იმედგაცრუებული რჩებიან და ამას აშკარად გამოხატავენ. მათი უარყოფითი ემოციებისა და უკმაყოფილების გამო თავს დამნაშავედ გრძნობ და ზოგჯერ, დახმარებას თავადვე სთავაზობ.
9. საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩება
როდესაც მუდამ სხვების საქმეების მოგვარებითა და სურვილების ასრულებით ხარ დაკავებული, მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ დღის განმავლობაში საკუთარი თავისთვის ერთი წუთიც კი ვერ გაიმეტე. ეს, საბოლოოდ, საკუთარი მიზნების მიღწევაში გიშლის ხელს.
10. დღის ბოლოს სინანულის გრძნობა გეუფლება
აცნობიერებ, რომ ყოველთვის კომპრომისზე არ უნდა მიდიოდე, საკუთარ აზრს მტკიცედ უნდა იცავდე და კონფლიქტის არ უნდა შეგეშინდეს, თუმცა სხვის მომლოდინე მზერასა თუ იმედებს ვერაფერს უხერხებ, ამიტომ ისევ იღიმი და ამბობ: "კი, შემიძლია". როცა უარის თქმას ბედავ, სხვების რეაქციებისა და უკმაყოფილების გამო იდანაშაულებ თავს. ეს ყველაფერი მოჯადოებულ წრეს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სინანულის გრძნობას ან სინდისის ქენჯნას გიტოვებს.
თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც გახასიათებს, დიდი ალბათობით, გამოცდილი People Pleaser ხარ, რომელმაც დროა, უარის თქმა ისწავლოს.
რატომაა უარის თქმის სწავლა საჭირო?
ადამიანების დახმარების სურვილი, რა თქმა უნდა, კარგია. ურთიერთობები დათმობებისა და კომპრომისების გარეშეც წარმოუდგენელია, თუმცა, როგორც ყველა სხვა საკითხში, უკიდურესობა არც აქაა მისასალმებელი. უარის თქმის სწავლა რამდენიმე მიზეზის გამოა აუცილებელი:
- საკუთარ სურვილებზე მაღლა გამუდმებით სხვების საჭიროებების დაყენება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავისა და მიზნებისთვის დრო არასდროს დაგრჩება;
- ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, შენი დამყოლი ხასიათით ისარგებლოს და შენს მანიპულირებას შეეცადოს;
- მუდამ სხვების ბედნიერებაზე ზრუნვა ფიზიკურ დაღლილობას, სტრესსა და გადაწვას იწვევს, რაც შენს პირად ურთიერთობებზე, სწავლასა თუ კარიერაზე უარყოფითად აისახება;
- როდესაც უარის თქმა გინდა და სხვას სურვილებს მაინც უსრულებ, რაღაც კუთხით, ამ დროს უბრალოდ სხვებისთვის თავის მოსაწონებლად თამაშობ;
- შენით ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება. თუ მთლიანად სხვების ვალიდაციაზე ხარ დამოკიდებული, მათი კეთილგანწყობის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა, საკუთარი თავიც დაკარგო.
როგორ ვთქვათ "არა"?
როგორც ყველა სხვა მავნე ჩვევის შემთხვევაში ხდება, ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა მარტივი საქმე სულაც არაა. "არა"-ს თქმის სწავლას პრობლემის არსის გააზრება, მიზანდასახულობა და ვარჯიში სჭირდება. თუ პრობლემა უკვე გაიზიარე და მზად ხარ, მის აღმოსაფხვრელად იმოქმედო, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებ, რომელიც, ვფიქრობ, გამოგადგება:
1. ეცადე, საკუთარი ინტერესები უფრო მაღლა დააყენო
საკუთარი ინტერესებისა და სურვილებისათვის ყურის დაგდება ეგოიზმი კი არა, ჯანსაღი ქცევაა. თუ სხვა იმსახურებს შენს დახმარებას, თავადაც იმსახურებ საკუთარი თავისაგან ყურადღებასა და პატივისცემას. სხვების დასახმარებლად ენერგია და ემოციური რესურსი გჭირდება, რომელიც არასდროს გექნება, თუ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს უგულებელყოფ.
2. ისწავლე საზღვრების დაწესება
სანამ სხვისი სურვილების შესრულებას შეუდგები, საკუთარ თავს ჰკითხე: გინდა თუ არა ამის გაკეთება? გაქვს თუ არა სხვისი დახმარების დრო? საკუთარ სურვილებსა და საქმეებზე უარის თქმა ხომ არ მოგიწევს? როგორ იგრძნობ თავს სხვისი დახმარების შემდეგ — კარგად თუ ცუდად?
3. გამოიყენე ფრაზა "მოგვიანებით გეტყვი პასუხს"
ამ ფრაზამ შეიძლება, უამრავი არასასურველი მოვალეობისგან გიხსნას! "არა"-ს თქმა ყველაზე მეტად მაშინ გვიჭირს, როდესაც ადამიანი მოულოდნელად გვთხოვს რამეს და პასუხს მაშინვე მოელის. ამ დროს ტვინს ფიქრის დრო არ აქვს და ნებისმიერ თხოვნას ავტომატურად ვეთანხმებით. სჯობს, გადაწყვეტილების მიღება გადადო და პასუხის გაცემამდე სიტუაცია კარგად აწონ-დაწონო.
4. დაიწყე პატარა ნაბიჯებით
პროგრესის მისაღწევად თითოეული პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანებზე უარის თქმითა და შენი აზრის გამოხატვით დაიწყე. არ მიირთვა კერძი, რომელიც არ მოგწონს, არ წახვიდე არასასურველ წვეულებაზე, არ დაეთანხმო სხვების უარყოფით შეფასებას ფილმის შესახებ, თუ მათ აზრს არ იზიარებ — ეს ყველაფერი, საბოლოოდ, დაგეხმარება, საკუთარი შეხედულებები უფრო თამამად დაიცვა და შენს სურვილებსა და მოსაზრებებს პატივი სცე.
5. მიმართე ფსიქოლოგს
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ჩვევისგან თავის დაღწევა მარტივი არაა, განსაკუთრებით, თუ "არა"-ს თქმა ბავშვობიდან გიჭირს. ამ ქცევის მიღმა დამალული მიზეზების ამოცნობასა და მათთან გამკლავებაში ხშირად პროფესიონალის დახმარებაა საჭირო.
გახსოვდეს, რომ "არა"-ს თქმა შენი უფლება და ხშირად მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა.
კომენტარები