საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას მისცემდა ქართულ ოცნებას, 18% — ძალა ერთობაშიას. 3%-იანი მხარდაჭერა აქვთ სტრატეგია აღმაშენებელსა და ევროპულ საქართველოს. გირჩი — მეტი თავისუფლებას 2% მისცემდა ხმას. 2%-იანი მხარდაჭერა აქვს პატრიოტთა ალიანსს, ლეიბორისტულ პარტიასა და მოქალაქეებს. ხმას 1% მისცემდა ლელოს.

გამოკითხულთა 10% არავის მისცემდა ხმას, 15%-მა კი პასუხი არ გასცა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.