დოქტორ ფეიკი შემეცნებითი-გასართობი ტიპის თამაშია, რომელიც Deep Fake-თან, ყალბ ამბებთან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მათი გამოვლენის ინსტრუმენტებს აერთიანებს.

სახალისო თამაშში დოქტორ ფეიკის მხარდამჭერების — დიპფეიკის, ტროლის, კლონისა და ფიშერის დამაბნეველ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ. ბოროტმოქმედებს სუპერგმირის დახმარებით ვებრძვით და ყოველი სწორი პასუხის შედეგად ქალაქის გათავისუფლებას ვუახლოვდებით.

როგორ ვითამაშოთ

მედიაწიგნიერების ქალაქში სიმშვიდის დასაბრუნებლად თითოეულ ბოროტმოქმედს ცალ-ცალკე უნდა შეებრძოლო. ყოველი სწორი პასუხის შემდეგ შენს მოწინააღმდეგეს ასუსტებ და მის დამარცხებას უახლოვდები.

პირველი, ვის წინააღმდეგაც გალაშქრება გვიწევს, მისტერ დიპფეიქია. მოთამაშის დასაბნევად ის ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ პერსონაჟებს იყენებს და მათ ყალბ ვიდეოებს გვთავაზობს. შემდეგი მისტერ ტროლია, რომელმაც ათეულობით იდენტობა მოიპარა. მთავარია, მის ხაფანგს არ წამოვეგოთ და დაკვირვებით ამოვიცნოთ ყალბი ანგარიშები.

ფოტო: Doctor Fake

დავალება კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმეში მისტერ კლონი ერთვება. მას შეუძლია ცნობილი მედიაგამოცემებში მცირედი ცვლილებები შეიტანოს და "კლონირებული გვერდებით" დეზინფორმაცია გაავრცელოს. მათ ამოსაცნობად კი დეტალებზე დაკვირვებაა საჭირო. სულ ბოლოს მისტერ ფიშერს უნდა შევებრძოლოთ, რომელიც ჩვენს გასაცურებლად ბევრი ტყუილის თქმას ეცდება.

როგორ შეიქმნა თამაში

თამაში დოქტორ ფეიკი მითების დეტექტორის მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულებისა და რეგიონული ქსელის წევრების ინიციატივაა, რომელიც Hacking the Fake News-ის ფარგლებში შეიქმნა. გუნდის შემადგენლობაში მარიამ დანგაძე, მარიამ თოფჩიშვილი, ანი ქისტაური, მარია ტარიელაშვილი და ზიზი ნიშნიანიძე იყვნენ. მუსიკის ავტორი კი ივა შელიაა.

შემეცნებითი-გასართობი თამაშის იდეაზე და მის კონცეფციაზე მისმა შემქმნელებმა On.ge-სთან ისაუბრეს.

ბოროტმოქმედების დასამარცხებლად თამაში პასუხების სავარაუდო ვარიანტებს გვთავაზობს, რომლებიც, ცხოვრებაშიც ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, როგორ შევძლოთ ყალბი ფოტოს ამოცნობა ან როგორ გადავამოწმოთ ამა თუ იმ გვერდის სანდოობა.

"[მათ] დასამარცხებლად მედიაწიგნიერი უნდა იყო, თუმცა ამავდროულად თამაში ამ უნარის განვითარებაში გეხმარება", — აღნიშნავს დანგაძე.

გუნდის კიდევ ერთი წევრი, მარიამ თოფჩიშვილი ყვება, რომ მთავარი იყო ისეთი კითხვების შედგენა, რომელიც მომხმარებლისთვის ჩამთრევი იქნებოდა. მიზანი იყო ისიც, რომ მათ, პასუხის გაცემის გარდა, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ესწავლათ:

"ესეც ძალიან რთული კომპონენტი იყო — თუკი არასწორად პასუხობდა, გასაგებად აგვეხსნა, რა შეეშალა".

ფოტო: MDF

თამაშის შექმნისთვის ორი თვე დასჭირდათ. გუნდი ეცადა გამორჩეული სიუჟეტი შეემუშავებინა — სწორედ აქედან დაიბადა სუპერგმირის იდეაც. სუპერგმირი, რომელიც ყალბი ამბების დასამარცხებლად მოეშურება, კლასიკური სუპერმენის კონცეფციაზე შეიქმნა.

"გვინდოდა ცოტა მოულოდნელი ყოფილიყო და გოგო შემოვიყვანეთ. გვინდოდა პერსონაჟი ყველასთვის ახლობელი ყოფილიყო, ამიტომ აქვს ქამარი, სადაც რაღაცები უწყვია და თმა უბრალოდ უკან აქვს შეკრული, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგოა", — ყვება ზიზი ნიშნიანიძე.

გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ ეს თამაში ყალბი ამბების აღმოჩენის კუთხით თავის როლს ითამაშებს, რადგან სხვა რესურსებისგან განსხვავებით, უფრო სახალისოა.

"[ფეიქნიუსებს] ვერ აღმოფხვრით, ხალხს მაინც შეეშლება, მაგრამ თუ მედიაწიგნიერების შესახებ ცოდნის გაღრმავებას უფრო სახალისოს გავხდით, გაცილებით მეტი ადამიანი ისწავლის", — ამბობს ზიზი ნიშნიანიძე.

თავიდან სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დოქტორ ფეიკის კითხვებს გუნდის წევრების ახლობლებმა და მეგობრებმა უპასუხეს, მიხვდნენ, რომ ის გაცილებით მეტ ადამიანს მოიცავდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამ ქვიზ-თამაშს გამოარჩევს, ის საკითხებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება.

ფოტო: Doctor Fake

"მე, როგორც დეველოპერს, სულ მიწევს, ვინმეს თუ რამე პრობლემა აქვს კომპიუტერთან, დავეხმარო — მეუბნებიან, ვინდოუსი გადამიყენე, ვირუსი მაქვს კომპიუტერში და ა.შ. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ხალხი ვერ არჩევს, რა არის ტროლი, რა არის ფიშინგი, აჭერენ რაღაცებს და კომპიუტერი ვირუსებით ივსება. ამიტომ ქვიზით ასეთი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ბევრმა არ იცის", — აღნიშნავს მარია ტარიელაშვილი.

გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ თამაშში მეტი პერსონაჟი და კითხვა გაჩნდეს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციულობის კუთხით ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი უნარების გამომუშავებას.

რატომ უნდა ვითამაშოთ

ყალბ ამბებთან ბრძოლა არახალია. ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მსოფლიომ ყველაზე კარგად შეიგრძნო ჰიბრიდული ომის საცეცეები. მანიპულაცია, მიზანმიმართული ტყუილი, შიშისა და გაურკვევლობის დათესვა — ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც ჩვენ გარშემო მითებს შეუძლიათ. ეს ხდება საქართველოშიც.

ყალბი ამბების აღმოფხვრა წარმოუდგენელია — ყოველთვის იქნება ადამიანი, ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელიც ეცდება საზოგადოების ცნობიერება მართოს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მას შევებრძოლოთ და საპასუხო დარტყმა მივაყენოთ.

დოქტორ ფეიკის თამაში გართობით, მაგრამ თვალნათლივ გვაჩვენებს, რა უნდა ვიცოდეთ, რა ვისწავლოთ და რა გავითვალისწინოთ. ეს თამაში გვასწავლის, რატომ არ უნდა დავუჯეროთ მოულოდნელად მოსულ შეტყობინებას, რომ იმ იშვიათ ათას ადამიანს შორის ვართ, რომელმაც ტელეფონი მოიგო. ან როგორ გადავამოწმოთ, რომ რუსულად მომღერალი ილონ მასკი რეალურად დიპფეიკია.

ჩვენც შეგვიძლია დავდგეთ სიმართლის სადარაჯოზე. თუ გინდა, რომ შეითავსო სუპერგმირობა და ბოროტი ყალბი ამბების დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა, ბმულზე გადადი.