როგორ ვაკონტროლოთ წინასწარ, ვინ დააკომენტაროს ჩვენს Facebook პოსტზე — ახალი ფუნქცია
Facebook-ზე შეგვიძლია ვაკონტროლოთ პოსტის აუდიტორია, გავხადოთ ის საჯარო, მხოლოდ მეგობრებისთვის, მხოლოდ კონკრეტული/შერჩეული მეგობრებისთვის, თუ მხოლოდ საკუთარი პროფილიდან ხილვადი. ამიერიდან კი, დაპოსტვისას იმის წინასწარ განსაზღვრასაც შევძლებთ, თუ ვის შეუძლია დააკომენტაროს მასზე.
ახალი ფუნქციით მსგავსი რამის გაკეთება საჯარო პოსტებზეც შეგვეძლება. მაგალითად, გავაკონტროლებთ, რომ მხოლოდ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან მიიღოთ კომენტარები სასურველ პოსტზე. ანუ, შეიძლება ნათესავებმა და მეზობლებმა ჩვენს ფოტოებზე ბრჭყვიალა გიფები ან სტიკერები ვეღარ დააკომენტარონ. თუ მათ მეგობრებიდან წავშლით (დაგვერწმუნებით, ამას უმეტესობა ვერც შეამჩნევს) და მხოლოდ მეგობრებისთვის დავუშვებთ კომენტირებას, ამ ეტაპზე, კი.
ფუნქციის გამოსაყენებლად ფეისბუქის უახლესი ვერსია უნდა გქონდეთ. მომხმარებელთა ნაწილისთვის ეს ფუნქცია უკვე აქტიურია, ნაწილი კი მას ეტაპობრივად მიიღებს.
როგორ გამოვიყენოთ კომენტარების კონტროლის ფუნქცია:
შეგახსენებთ, რომ ფუნქცია ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ფეისბუქის მომხმარებლებისთვის.
- გახსენით ფეისბუქის აპლიკაცია თქვენს სმარტფონში;
- შეარჩიეთ პოსტი, რომლის კომენტარების კონტროლიც გწადიათ;
- დააჭირეთ სამწერტილს (Menu) პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში და იქვე იპოვით ფუნქციას "Who can comment on your post?"
- ამ ეტაპზე, აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენიმე ვარიანტი — საჯარო, მეგობრები, ან პროფილი და გვერდები, რომლებიც პოსტში გაქვთ მონიშნული.
ამ ყველაფრის შემდეგ, მხოლოდ შერჩეულ აუდიტორიას შეეძლება პოსტზე კომენტირება. ეს კი, მინიმუმ, იმაში მაინც დაგეხმარებათ, რომ უცხო ადამიანებმა თქვენს საჯარო პოსტებზე არ აკომენტარონ. ხშირად, როცა პოსტი ვირუსული ხდება, ის სრულიად უცხო ადამიანების არასასურველ კომენტარებს იწვევს. ახალი ფუნქციით კი ამის თავიდან არიდება შეგეძლებათ.
კომენტირების კონტროლის ფუნქცია სოციალური ქსელებისთვის ახალი არ არის და არც Facebook-ისგანაა გასაკვირი ამ ნაბიჯის გადადგმა. მაგალითად, ინსტაგრამს ამ კუთხით უკვე აქვს ფუნქცია, გასულ წელს კი ტვიტერმა წარადგინა ინსტრუმენტ, რომელიც ტვიტებზე კომენტირების ლიმიტის დაწესებას ემსახურება.
კომენტარები