კორონაპანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სამსახურის გარეშე დატოვა და შემოსავლები შეუმცირა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ოჯახების 31,8%-ში სამსახური მინიმუმ ერთმა წევრმა დაკარგა, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილში იკლო შემოსავლებმაც — 2020 წლის მარტიდან საქართველოში მცხოვრები ოჯახების 53%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდა.

კვლევა 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს და ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე Covid-19 ის გავლენის შეფასების მიზნით მომზადდა.

"შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (31,9%), კომპანიის/ბიზნესის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება (23,2%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ბიზნესის დახურვა (15,8%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (7%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6,9%)", — აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება უმუშევრობის შესახებ ზოგად მონაცემებს, საქსტატის გათვლებით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%-იყო (281,9 ათასი ადამიანი), რაც 2019 წლის შესაბამის მონაცემს 0,9 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა.

პანდემიის ფონზე სამსახურის გარეშე დარჩენილთა შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ გაცემული კომპენსაციების რაოდენობაც იძლევა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მხოლოდ მიმდინარე წელს 200-ლარიანი მიზნობრივი დახმარების პროგრამისთვის 75 მლნ ლარზე მეტია გაცემული. ბოლო მონაცემების მიხედვით, იანვრის თვის დახმარება ჩაერცხა 106 362 ადამიანს (21 272 400 ლარი), თებერვალში — 139 618 ადამიანს (27 923 600 ლარი), ხოლო მარტის კომპენსაცია 130 645 ადამიანმა მიიღო (26 129 000 ლარი).