აღმოაჩინე ქართველი მწერლების რჩეული მოთხრობები
რა ჯობია საღამოს და უქმეებზე საყვარელი მოთხრობის გადაკითხვას ან ახალი ავტორის აღმოჩენას? მოთხრობა შემთხვევით არ გვიხსენებია — თანამედროვე ცხოვრების დინამიკურ რიტმში რთულია, საქმეს და სქელტანიან რომანს ერთდროულად შეეჭიდო. სწორედ ამიტომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების ლიტერატურულ ტენდენციებში მოთხრობების კრებულების და ანთოლოგიების წინ წამოწევა შეინიშნება.
თუმცა, ამის მიზეზი მხოლოდ დროის საკითხი როდია. გამოცდილმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ისტორიის ერთბაშად აღქმა უფრო მძაფრ განცდებს ტოვებს, ვიდრე ამ ისტორიასთან ერთად რამდენიმედღიანი ცხოვრება. ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ მოთხრობების კარგ კრებულთან დროის გატარებას არაფერი ჯობია და იმაზე საუბრით გავაგრძელოთ, რა წავიკითხოთ.
არცთუ დიდი ხნის წინ, სულაკაურის გამომცემლობამ ახალი პროექტი დაიწყო — რჩეული მოთხრობები. სერია, რომელიც ჯერჯერობით ხუთ წიგნს აერთიანებს, ქართველი კლასიკოსების და თანამედროვე ავტორების გამორჩეულ ტექსტებს მოიცავს. კარგად ნაცნობი და საყვარელი მოთხრობებიდან უცნობ ნაწარმოებებამდე — სერიაში გამოცემული ხუთი სხვადასხვა ეპოქის მწერალი ნამდვილად გაგაგებინებთ ქართული მოთხრობის გემოს.
ფრთებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
ქართული მოთხრობის ტრადიციაზე საუბრისას, შეუძლებელია, რევაზ ინანიშვილის სახელი და მისი მოთხრობების კითხვისას მიღებული ემოციები არ გაგახსენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოსწავლისათვის სასკოლო პროგრამაში შეტანილი ნაწარმოებები უსიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება, მათ შორის რევაზ ინანიშვილის არცერთი მოთხრობა არაა.
ეს რა გასაკვირია — იგი მკითხველს არც შემაწუხებლად ვრცელი აბზაცებით აწყენს თავს და არც დაუსრულებელი აღწერებით. მოკლედ, "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი" სწორედ ინანიშვილისნაირ შემოქმედზეა ნათქვამი. ასეთი თხრობა ხომ ვრცლად მოყოლაზე დიდ ოსტატობას მოითხოვს.
რჩეული მოთხრობების სერიაში რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებულიც შევიდა. პატარა ბიჭი გოლგოთაზე, ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?, ჩიტების გამომზამთრებელი — ეს მცირე ჩამონათვალია იმ ათეულობით მოთხრობიდან, რომელსაც თავი ამ წიგნში მოეყარა. სევდით, სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი მოთხრობები ისეთ განცდას ტოვებს, როგორსაც ვიტგენშტეინისთვის ნასროლი ტყვია. სწორედ ეს გამოარჩევს ინანიშვილს; კითხვის დაწყებისთანავე ერთი რამ ნაღდად იცი — ყვავებს თუ არა, მკითხველის გულს ნამდვილად აფრთხობს ინანიშვილის ნასროლი დამბაჩა.
წაიკითხე ერთი მოთხრობა კრებულიდან — ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
კენჭები
კახური ხასიათით გაჟღენთილი მწერლის შემოქმედება საზოგადოებამ დაგვიანებით გაიცნო. თუმცა, ინანიშვილის მსგავსად, არც ზაირა არსენიშვილს გასჭირვებია მკითხველთან ემოციური კავშირის დამყარება.
2019 წელს სულაკაურის გამომცემლობამ არსენიშვილის რომანი, ვა, სოფელო გამოსცა. წიგნი, რომელიც თავდაპირველად 2002 წელს დაიბეჭდა, დღეს უკვე ბესტსელერადაა ქცეული. სულ ცოტა ხნის წინ კი On.ge-ის მკითხველებმა ვა, სოფელო თანამედროვე ქართულ ნაწარმოებებს შორის ერთ-ერთ ფავორიტად დაასახელეს.
წიგნის წაკითხვის შემდეგ სინანულით აღნიშნავენ, რომ არსენიშვილს და მის ტექსტებს აქამდე არ იცნობდნენ, თუმცა, მკითხველები მაინც იმედიანად ელოდებოდნენ მისი სხვა ნაწარმოებების რეპრინტს.
ამიტომ, სულაკაურის გამომცემლობამ გასულ წელს ავტორის კიდევ ერთი წიგნი — ამჯერად, მოთხრობების კრებული — კენჭები გამოსცა. მწერლის აწ უკვე ფანებს მოლოდინი არც ამ წიგნმა გაუცრუა — აქაც ზუსტად ისეთივე უჩვეულო განწყობით და, როგორც უწოდეს, "მადლიანი ქართულით" მოთხრობილი ამბები დაგხვდებათ, როგორიც მწერლის ბესტსელერ რომანში. სიმართლე ითქვას, უჩვეულო არც არაფერია; გარემოც კი ძალიან ნაცნობი ჩანს და პერსონაჟები — ახლობელი, თუმცა, ის შეგრძნება, რომელიც ამ ტექსტების კითხვისას გეუფლება, ნამდვილად უცხოა, ან, როგორც მინიმუმ — კარგად დავიწყებული.
წაიკითხე ერთი მოთხრობა კრებულიდან — კენჭები
აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა
აღიარება, თანაც დროული, არ დაკლებია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფიგურას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში — ზურაბ ლეჟავას. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ადგილობრივი და პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები და ჯილდოები, არამედ საერთაშორისო ცნობადობაც — ლეჟავას ერთ-ერთი მოთხრობა, მაცივარი სექსის წილ, 2011 წელს ილინოისის უნივერსიტეტმა 20 საუკეთესო ევროპულ მოთხრობაში მოიაზრა და გამოცემულ ანთოლოგიაშიც საპატიო ადგილი მიუჩინა. ერთი წლით ადრე კი, 2010 წელს, ლეჟავას მოთხრობა, უხურდავებელი მონეტა, წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა.
კრებულში, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ გასულ წელს გამოსცა, შესულია ზემოხსენებული ორივე მოთხრობაც. მასში ასევე შეხვდებით ნაწარმოებს, ერთი კრუშკა სისხლი, რომელიც გერმანულ ენაზე ითარგმნა.
სათაურების მსგავსად, ლეჟავას მოთხრობებს შინაარსიც უჩვეულო აქვს. მასში რეალობის ზღვარი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იმ ხელოვანების ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ავტორის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. მიუხედავად ამისა, მწერლის პროზას კინემატოგრაფიული ალტერ ეგო გამოუძებნეს და ლეჟავას მოთხრობების სიმძაფრე სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას, შემოქმედებას შეადარეს.
წაიკითხე ერთი მოთხრობა კრებულიდან — მაცივარი სექსისა წილ
კახეთის მატარებელი
ლეჟავას მსგავსად ლიტერატურული პრემიებით დახუნძლულია თანამედროვე ქართველი მწერლის, ფოტოგრაფისა და მოგზაურის, არჩილ ქიქოძის, შემოქმედებაც. როგორც ასეთი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრების მქონე ავტორს შეეფერება, ქიქოძის ტექსტებიც მოგზაურობას ჰგავს. მწერლის ალბათ ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, სამხრეთული სპილო, რომელიც 2016 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ, ჯერ ბესტსელერად იქცა, მერე კი პრემია "ლიტერას" პრიზიორიც კი გახდა. ამის შემდეგ რომანი რამდენიმე უცხოურ ენაზე ითარგმნა.
მიუხედავად მისი პირველი რომანის ასეთი წარმატებისა, ქიქოძის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მანამდეც. ეს პოპულარობა სხვადასხვა პრიზებითაცაა აღნიშნული; მათ შორის — 2014 წელს, მოთხრობების კრებულისთვის ჩიტის და კაცის ამბავი მწერალი "საბას" პრიზიორი გახდა.
ჩიტის და კაცის ამბავი შედის რჩეული მოთხრობების სერიაში გამოცემულ კრებულშიც. მასთან ერთად, წიგნში შეხვდებით სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მოთხრობებს. ერთ-ერთი მათგანი, კახეთის მატარებელი, რომლის სახელსაც კრებული ატარებს, 2019 წელს ფილმად გადაიღო ქართველმა კინორეჟისორმა ლალი კიკნაველიძემ. დრამატული კინოსურათისთვის სცენარი თავად ქიქოძემ შექმნა, ისტორიის მთავარ პერსონაჟებს კი მიშა გომიაშვილი და ია შუღლიაშვილი ასახიერებენ.
წაიკითხე ერთი მოთხრობა კრებულიდან — კახეთის მატარებელი
აბრეშუმის გზა
ეგზოტიკური ლიტერატურის მოყვარული მკითხველებისთვის კიდევ ერთი საყვარელი ავტორი ბესო ხვედელიძეა. ავტორი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომში კორესპონდენტად მუშაობდა, მოგვიანებითაც მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრებით გამოირჩეოდა. მოგვიანებით იგი, არც მეტი, არც ნაკლები, აზიის შუაგულში, ნეპალში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იმ პერიოდიდან იქცა აღმოსავლეთი ქართველი მწერლისათვის შთაგონების წყაროდ.
სანამ ხვედელიძის შემოქმედებაში ნამასტე (2014) და განჯადოება (2019) გამოჩნდებოდა, ავტორმა რამდენიმე ლიტერატურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იყო პენმარათონის ორგზის მონაწილე, "წეროს" და "ლიტსახელების" ლაურეატი და "საბას" ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული — მოთხრობების კრებულისთვის ჯადო, ხვედელიძე 2003 წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის ნომინანტი გახდა.
2018 წელს სულაკაურის გამომცემლობამ მწერლის რომანი — მკვდრების ქალაქი — გამოსცა, რომელიც ასევე იყო წარდგენილი "საბას" პრემიაზე.
რჩეული მოთხრობების სერიაში 2020 წელს გამოცემული კრებული, აბრეშუმის გზა, მწერლის ათ მოთხრობას აერთიანებს. მათ შორისაა ჯადოში შესული ორი ნაწარმოებიც: თამრო და მინდვრის ყვავილები. წიგნში ასევე შეხვდებით 2004 წლის პენმარათონის დროს შექმნილ მოთხრობას თაგვის გემო.
წაიკითხე ერთი მოთხრობა კრებულიდან — აბრეშუმის გზა
მოკლედ რომ შევაჯამოთ, არჩევანი დიდია — კახეთიდან ნორვეგიამდე, ნეპალიდან თბილისის კოლორიტულ უბნებამდე — ქართული მოთხრობები მოიცავს უამრავ ადგილს და ამდენივე გრძნობას. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მოთხრობის უმთავრესი ელემენტია — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ფიქრობდა, რომ ამ ტიპის პროზის გასაღები შესაფერისი განცდის პოვნა იყო. ასე რომ, რჩეული მოთხრობების სერიის დამსახურებით, გამოსაცდელი ნამდვილად ბევრია.
კომენტარები