10 სიმღერა, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერებას ამაღლებს
მენტალური ჯანმრთელობა, ისევე, როგორც ფიზიკური, დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ერთგვარი რომანტიზება ერთმნიშვნელოვნად არასწორია, თუმცა, ხელოვანები საკუთარ შემოქმედებაში მათ "სულიერ მდგომარეობას" მხატვრული გზებით ასახავენ და ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ მეტაფორებით დახუნძლული სიმღერები, წიგნები თუ ფილმები უფრო მძაფრად ჰყვება შემქმნელის ისტორიას.
რეალურად, დღევანდელ პოპკულტურაში მენტალური ჯანმრთელობის თემა არა პრობლემების რომანტიზებას, არამედ ხილვადობის გაზრდასა და ტაბუს დამსხვრევას ემსახურება. ამდენად, არაერთი ცნობილი ჰიტი თერაპიაზე მოსაყოლი ერთი ამბავია. ამ სტატიაში სწორედ ასეთ სიმღერებს წარმოგიდგენთ.
1. The Beatles — Help!
ერთი მოსმენით არცთუ სევდიანი მელოდიის მქონე სიმღერაში პროტაგონისტი დეპრესიაში მყოფი ადამიანია, რომელიც შველას ითხოვს. ამას ადასტურებდა ჯონ ლენონი და მოგვიანებით, პოლ მაკარტნიც.
"ყველა ამგვარად ვგრძნობდით თავს", — იხსენებს მაკარტნი, — "თუმცა, როცა იმ დროს ვიხსენებ, ჯონი ყოველთვის შველას ეძებდა. მას პარანოია ჰქონდა, თითქოს მის გარშემო ყოველთვის ვიღაც იღუპებოდა. 3 წლის იყო, მამამისი რომ სახლიდან წავიდა, ბიძა, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ცხოვრობდა, მალევე გარდაიცვალა, შემდეგ კი ყველაფერს დედის სიკვდილიც დაემატა. ვფიქრობ, ჯონის მთელი ცხოვრება დახმარების თხოვნა იყო".
2. Sia — Breathe Me
სიმღერა ისეთ რთულ მენტალურ პრობლემებს ეხება, როგორიც ქრონიკული დეპრესია, თვიდაზიანება და ადიქციაა. ამ სიმღერაშიც "საკუთარი თავის დაკარგვის" შემდეგ პროტაგონისტი შველას და დახმარების გამოწვდილ ხელს ითხოვს.
Breathe Me 2004 წელს გამოვიდა, როცა ავსტრალიელი მომღერალი სხვა პოპვარსკვლავებისთვის ქმნიდა ჰიტებს, ამიტომ წლების განმავლობაში შეუმჩნევლად დარჩა. სიმღერის ტექსტი უშუალოდ მომღერლის ისტორიას ასახავს, რომელიც წარმატებული სოლო კარიერის დაწყებამდე ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე იყო დამოკიდებული.
3. დემი ლოვატო — Sober
დემი ლოვატოს, რომელსაც საზოგადოება, ფაქტობრივად, ბავშვობიდან იცნობს, არაერთხელ უსაუბრია მენტალურ პრობლემებთან გამკლავების პირად გამოცდილებაზე. დოკუმენტურ ფილმში Demi Lovato: Dancing with the Devil ("დემი ლოვატო: ცეკვა დემონთან"), ლოვატო შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული სირთულეები, რომელმაც, საბოლოოდ, მომღერლის მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზეც მოახდინა გავლენა. ამასთან, მომღერალი ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც.
როგორც ამ ფილმში, ასევე 2017 წლის დოკუმენტურ ნამუშევარში, Simply Complicated, ლოვატო საუბრობს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებზე, ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულებაზე, თვითდაზიანებასა და ბიპოლარულ აშლილობაზე. ადიქციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი თემაა ზედოზირებაც. სწორედ მასთან ბრძოლის შესახებ შეიქმნა სიმღერა Sober.
4. Paramore — Fake Happy
ამერიკული ბენდის ეს სიმღერა სრულად ასახავს აქსიომას, რომ დეპრესიას არ აქვს სახე. თუკი სიმღერის ტექსტის შინაარსი არ იცი, ვერ იფიქრებ, რომ მაჟორული მელოდიის მქონე ეს კომპოზიცია მეტად ბნელ თემებს ეხება.
"ყალბი ღიმილით" შინაგანი ბრძოლის შეფუთვა ის გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად ერთვის თან მენტალურ პრობლემებს. ნაწილობრივ ამის მიზეზი სწორედ ის საზოგადოებრივი ტაბუა, რომელიც განზრახ არიდებს თვალს პრობლემებს. ამგვარი მიდგომით კი, ცხადია, პრობლემა მხოლოდ იზრდება.
Fake Happy-ის მთავარი "მესიჯიც" სწორედ ისაა, რომ ადამიანებს მოჩვენებითობის ზიანი შეახსენოს და ისიც უთხრას, რომ აუცილებელი არაა, ყოველთვის "უძლეველ სუპერგმირად" ჩანდნენ სხვების თვალში.
5. ქრისტინა პერი — The Lonely
მარტოობის განცდა მაშინ, როცა ფიზიკურად მარტო არ ხარ, ამერიკელი მწერლისა და სიმღერების ავტორის, ქრისტინა პერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის მთავარი თემაა. პერის სიმღერის მნიშვნელობაზე და მისი დაწერის მოტივზე არასდროს უსაუბრია, ამიტომ მსმენელების ნაწილი ვარაუდობს, რომ კომპოზიცია წარუმატებელი ურთიერთობის შემდგომ შექმნილ ემოციურ მდგომარეობაზეა.
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების მიუხედავად, ერთი რამ ცხადია — სიმღერის ტექსტის შინაარსი "ნიჟარად" და "მოჩვენებად" ქცეული გოგოს დეპრესიულ ეპიზოდს აღწერს.
6. Imagine Dragons — Demons
ამერიკული პოპ-როკ ბენდის ჰიტი, Demons, იმ შინაგანი ბრძოლის შესახებაა, რომელსაც პიროვნული თავდაჯერებულობის ნაკლებობა ქმნის. კომპლექსები, ეჭვები, მერყევი ბუნება და ყველაფერი ის, რაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გვიშლის და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისას გვაბრკოლებს.
"როცა ვიღაცას ხვდები, იგი იმაზე მეტს მალავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამის თქმა ვცადეთ Demons-ით. ყველას საკუთარი დემონები ჰყავს — ყველას საკუთარი პრობლემები აქვს", — ამბობს ბენდის სოლისტი, დენ რეინოლდსი.
7. The Strumbellas — Spirits
კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც შინაგან დემონებთან ბრძოლას ეხება, კანადური ინდიროკ ბენდის, The Strumbellas, 2015 წელს გამოსული სინგლი Spirits არის. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა თითქმის 6 წლის წინ გამოვიდა, იგი განსაკუთრებით პოპულარული სულ რამდენიმე თვის წინ გახდა, როცა ტიკტოკის ცნობილი ტრენდის საუნდად იქცა.
"სიმღერა, ძირითადად, შინაგან დემონებთან ბრძოლაზეა — როდესაც ცდილობ, რომ ცხოვრებაში უკეთეს ადამიანად იქცე. ეს სიმღერაც ჩემი ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როცა ის დავწერე. მისით სამყაროს ერთგვარად ვეუბნები, რომ ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებ, რათა უკეთესი ადამიანი ვიყო", — ამბობს The Strumbellas-ის სოლისტი, საიმონ უორდი.
8. Of Monsters And Men — Sinking Man
ინდიროკ და ინდოპოპ ბენდების ჩამონათვალი ისლანდიური ჯგუფით გავაგრძელოთ. Of Monsters And Men-ს, რომელიც ყველაზე პოპულარული სიმღერით Little Talks გახდა, სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და ყოველი მათგანი მოიცავს რამდენიმე სიმღერას პიროვნების მენტალური მდგომარეობის შესახებ. სხვათა შორის, Little Talks-იც ერთ-ერთი მათგანია — მხიარული მელოდიის მიუხედავად, ტექსტი გარდაცვლილი პარტნიორის შესახებაა.
რაც შეეხება, Sinking Man-ს ("კაცი, რომელიც იძირება") — ეს სიმღერა სერიალ The Walking Dead-ის საუნდტრეკი იყო. მხოლოდ გიტარის ინსტრუმენტალით აკომპანირებული სიმღერა დეპრესიაში მყოფ ადამიანსა და მის შინაგან ბრძოლას, თავი დაიხსნას ახლობლების დახმარებით, ძლიერი მეტაფორებით აღწერს. რეფრენად გაჟღერებული ფრაზა "Go, go, get out of here" ("წადი, წადი, გამეცალე") კი სიმღერის ცენტრალური ნაწილია.
9. Florence + The Machine — Shake It Out
ბენდის სოლისტისა და სიმღერების ავტორის, ფლორენს უელჩის ნაბახუსევზე დაწერილი სიმღერა თავდაპირველად მხოლოდ "თავის შეუძლოდ გრძნობის" შესახებ უნდა ყოფილიყო, თუმცა, შემდგომ კომპოზიციის ტექსტში კვლავაც საკუთარ დემონებთან — ფლორენსის შემთხვევაში ალგულებთან — ბრძოლა აისახა.
სიმღერას, შესაძლოა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ამსახველი ტექსტიც ჰქონდეს, რადგან ფლორენსის თქმით, "სინანულის გრძნობა ერთი და იმავე ქცევების განგრძობითობისკენ გიბიძგებს, შენ კი, უბრალოდ, გსურს, ცხოვრების ეს ნაწილი ამოჭრა და თავიდან დაიწყო".
10. ბილი აილიში და Khalid — lovely
ეს ჩამონათვალი ბილი აილიშის გარეშე, ცხადია, ვერ იქნებოდა სრულყოფილი. 19 წლის ამერიკელი მომღერლის არაერთი ჰიტი — idontwannabeyouanymore, when the party's over, copycat, Bellyache — სხვადასხვა მენტალურ პრობლემას ეხება. თუმცა, lovely, რომელიც ბილის ძმასთან, ფინეასთან ერთად დაიწერა, შემდგომში ნეტფლიქსის სერიალ 13 მიზეზის საუნდტრეკი გახდა და არაერთი მუსიკალური პრიზიც დაიმსახურა.
სარკასტული მისამღერის მქონე კომპოზიცია დეპრესიის და მისგან თავდაღწევის სირთულის შესახებაა. თავად აილიშს არაერთხელ უსაუბრია, როგორც საკუთარი მენტალური პრობლემების შესახებ, ასევე ტაბუს დამსხვრევის მნიშვნელობაზე.
"რეალურად, დეპრესია ყველას შეიძლება ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, ვინ ხარ ან რა გაქვს. და არაფერია იმის აღიარებაში სათაკილო, რომ ასე გრძნობ თავს", — ამბობს აილიში.
ამ სტატიაში ჩამოთვლილ სიმღერებს ერთი რამ აერთიანებს — მათით გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ და ვძლიერდებით. სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურება Responsible.ge, რომელიც ევროპაბეთის მიერ შექმნილი პლატფორმაა. იგი საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ცდილობს. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები