არაყოვლისშემძლე, მაგრამ კეთილი მედიცინა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სულ ცოტა რელიგიის ფილოსოფია

იცხოვრებდით თუ არა სახლში, რომლის საძირკველშიც ცოცხალი ბავშვი ჩაატანეს? რელიგიური თუ არარელიგიური ადამიანების უმეტესობა, ალბათ, იტყოდა, რომ არა; სამყაროს ყველაზე დიდ უსამართლობასა და ბოროტებაზე საუბრისას კი ბავშვთა სიკვდილიანობასაც დაასახელებდა. რელიგიის ფილოსოფიაში ამ პრობლემაზე — უცოდველი ბავშვების ტანჯვასა და სიკვდილზე მსჯელობისას ღმერთის არსებობის თემამდე მიდიან. ამას აკეთებს, ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმიც, როცა ამბობს, რომ:

"თუ ბოროტება სამყაროში უთანხმდება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ ღმერთი არაკეთილმოსურნეა. თუ ბოროტება სამყაროში ეწინააღმდეგება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ იგი არაყოვლისშემძლეა. მაგრამ ბოროტება ან უთანხმდება მის ჩანაფიქრს, ან ეწინააღმდეგება მას, მაშასადამე, ღმერთი ან არაკეთილმოსურნეა, ან არაყოვლისშემძლე“. ამ პრობლემის გადაწყვეტის კიდევ ერთი ვარიანტი იმის მიღებაა, რომ ღმერთი არ არსებობს (ზაქარიაძე, დურა, ბრაჭული, გვ 131). მოკლედ რომ ვთქვათ, ან დავიჯერებთ, რომ ღმერთი არაკეთილმოსურნე/ბოროტია, ან მივიღებთ, რომ ის არაყოვლისშემძლეა, ან ჩავთვლით, რომ არ არსებობს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მედიცინა არსებობს, მას მილიონობით ბავშვი ჰყავს გადარჩენილი, თუმცა, სამწუხაროდ, ის ყოვლისშემძლე არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა 100%-იანი გარანტიები, გვინდა მყისიერი შედეგები, თუმცა, მედიცინა ასე ვერ მუშაობს, ისევე როგორც ნებისმიერი დარგი, სამყარო და ჩვენ. მედიცინა ადამიანური გონების წარმატებული პროდუქტია, რომელიც სულ უფრო და ჯერ კიდევ ვითარდება.

ჩვენს შესაძლებლობებს ხშირად საკმაოდ მკვეთრი საზღვრები აქვს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ სურვილის მიუხედავად, არ შეგვიძლია დედამიწაზე ყველა გაჭირვებულს დავეხმაროთ, თუმცა მეცნიერებს აქვთ ამბიცია, შეცვალონ ჩვენივე შეზღუდულობა და ყველასი თუ ვერა, მნიშვნელოვანი უმეტესობის ცხოვრება მაინც გარდაქმნან უკეთესობისკენ. ზუსტად ამ ამბიციის წყალობითაა, რომ დღეს ცხოვრების ხარისხი თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მაღალი გვაქვს, ვიდრე გასულ საუკუნეებში. შეიძლება, ეს მოსაზრება ზოგი დისციპლინისთვის სადავო იყოს, თუმცა, მედიცინაში ნაკლებად. ეს სწორედ ის სფეროა, რომელშიც სარგებლისა და რისკების შეწონვის შემდეგ, ჩვენივე გონებით ვახერხებთ, საკუთარ შეზღუდულობას გავცდეთ და პირდაპირი მნიშვნელობით, მილიონობით ბავშვი სიკვდილს გადავარჩინოთ. "კეთილმოსურნე მედიცინა" ამას ყოველდღიურად ნამდვილად აკეთებს. მაგალითად, 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა.

კეთილმოსურნე მედიცინა

მე-19 საუკუნის აშშ-ში რომ გეცხოვრათ, 46% იქნებოდა იმის შანსი, რომ თქვენი შვილი 5 წლამდე ვერ მიაღწევდა. მედიცინის დახმარებით, 2020 წლისთვის ეს შანსი 0.7%-მდეა შემცირებული. აღნიშნული ეყრდნობა მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 1800 წლისთვის, აშშ-ში ყოველი 1000 ბავშვიდან 462,9 კვდებოდა ისე, რომ 5 წლამდეც ვერ აღწევდა. ამ მონაცემების თანახმად, ბავშვთა სიკდილიანობა, კონკრეტულად აშშ-ში, 200 წლის განმავლობაში, 98%-ით შემცირდა. ხოლო აშშ-ში ვაქცინაციის დაწყებიდან (1948) 2020 წლამდე, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 86%-ითაა შემცირებული.

კიდევ ერთხელ, რომ დავინახოთ ის, თუ რა შეცვალა მედიცინამ 220 წლის განმავლობაში — 1800 წელს აშშ-ში 1000-დან 462,9 5 წლამდე ბავშვი კვდებოდა, 2020 წლისთვის კი 1000-დან საშუალოდ 7 5 წლამდე ბავშვი მოკვდა.

ფოტო: წყარო: statista.com

თუ აშშ-ის მაგალითი (სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ბავშვთა სიკვდილიანობის 200 წელზე დიდხნიანი სტატისტიკა არსებობს) არარელევანტურად გეჩვენებათ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაზე მოხუცი ადამიანი, რომელსაც იცნობთ და ჰკითხოთ, მომკვდარა თუ არა მისი და ან ძმა; თვითონ თუ მოჰკვდომია ბავშვი, ან თუ ახსოვს, რა სიტუაცია იყო თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით. მოუსმინეთ დიდ ბებიებსა და ბაბუებს, რომელთა დროსაც 5 წლამდე ბავშვის სიკვდილი ლამის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ ყველაფრის ფონზე კი, ხმამაღალი, თუმცა ზუსტი ნათქვამი იქნება ის, რომ რომ არა მედიცინა და მის სიკეთეებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით, დღესაც ამ რეალობაში ვიქნებოდით.

ვაქცინების მაგალითის გაგრძელება სხვა სტატისტიკებითაც შეიძლება. ეს დიდი სიკეთე (როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ) მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი პროდუქტია. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმუნიზაციის პროგრამები სახელმწიფოებში განათლებისა და ეკონომიკის დონეზე, პრიორიტეტულ საფეხურზე დადგა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2010-დან 2015 წლამდე ვაქცინებმა სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, კიდევ უფრო მეტი ადამიანი კი ისეთი მტანჯველი დაავადებებისგან დაიცვა, როგორიცაა პნევმონია, დიარეა, ყივანახველა, წითელა თუ პოლიომელიტი. WHO-ს მიხედვითვე, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად, ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, ეს რიცხვი ყოველწლიურად 1,5 მილიონი ადამიანით გაიზრდებოდა.

კიდევ ერთხელ: ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორიცაა: პოლიომელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. ხოლო ისეთი მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება, როგორიც ყვავილია, სწორედ ვაქცინაციით შევძელით.

ყვავილის ვირუსის ორგვარი ფორმა იყო დაფიქსირებული, პირველი, შედარებით მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1% იყო, ხოლო უფრო რთული 30%-იანი ლეტალობით ხასიათდებოდა. ანუ თუ ყვავილის მეორე ფორმით დაავადდებოდით, 30% იყო თქვენი სიკვდილის შანსი, ხოლო თუ დაავადებას გადაიტანდით, 65-80% შემთხვევაში, ცხოვრების გაგრძელება სახეზე ღრმა ნაწიბურებით მოგიწევდათ. ყვავილზე გლობალური იმუნიზაცია 1967 წელს დაიწყო, 1977 წელს კი ვირუსი უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ყვავილის ვირუსმა, მხოლოდ მეოცე საუკუნეში, 300-დან 500 მილიონ ადამიანამდე იმსხვერპლა. დღეს კი, მედიცინისა და იმუნიზაციის დახმარებით, ის აღარ გვემუქრება.

იმ ფაქტის მიღმა, რომ მედიცინა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას სულ უფრო წარმატებით ახერხებს, ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ცოცხალი სწორედ რომ მედიცინის მიღწევების დახმარებითაა. მათ შორის არიან მაგალითად, დიაბეტის, ასთმის, ეპილეფსიის, სინუსური კვანძის სინდრომის მქონე, ან თირკმლის პრობლემების გამო დიალიზზე მყოფი პაციენტები. ისინი მილიონობით არიან და მათ ცხოვრების გაგრძელებაში სამედიცინო მიღწევები ყოველდღიურად ეხმარება.

კორონავირუსზე ვაქცინაციის შედეგები ისრაელში

მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაციის გამოცდილება უკვე არსებობს და უკვე შეგვიძლია, ვაქცინის ეფექტიანობაზე ლაბორატორიის მიღმა, რეალური სამყაროს მონაცემებზე დაყრდნობით ვისაუბროთ. ყველაზე დამაჯერებელი გამოცდილება, ამ კუთხით, ისრაელს აქვს, რომელიც 100 სულ მოსახლეზე სრულად (ორივე დოზით) აცრილი მოქალაქეების რაოდენობით მსოფლიო ლიდერია.

ისრაელმა ვაქცინაცია 2020 წლის 19 დეკემბერს, 70 წლის და ზემოთ მოქალაქეებში დაიწყო. ამ დროს ისრაელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას იყენებდა, რომლის ორი დოზაა საჭირო ორგანიზმის ვირუსისგან დასაცავად. დოზების ინექციებს შორის შუალედი კი 21 დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო, სრულად (ორჯერ) აცრილი მოქალაქეები მას იანვრის შუა რიცხვებისთვის ჰყავდა. თებერვლიდან კი ვაქცინამ რეალურ სამყაროში ეფექტიანობის ჩვენება დაიწყო. იანვართან შედარებით, თებერვალში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 40%-ით შემცირდა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 56%-ით იკლო.

ფოტო: ვიზუალიზაცია — NEXT.On.ge

უფრო მთავარი და შთამბეჭდავი შედეგი კი ისაა, რომ ვაქცინაციამ ისრაელში კოვიდსიკვდილიანობა შეამცირა. იანვართან შედარებით, თებერვალში ეს მაჩვენებელი 38%-ით ნაკლებია. მარტში ეს კლების ტენდენცია გრძელდება. მართალია, თვე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, მარტის 21 დღის მონაცემი იანვრისას რომ შევადაროთ, სიკვდილიანობა 76%-ითაა შემცირებული, ხოლო მარტის 21 დღეს თუ თებერვალს შევადარებთ, სიკვდილიანობის 64%-იან კლებას მივიღებთ. (გამოთვლები ეყრდნობა Our World in Data-ს მონაცემებს).

ფოტო: ვიზუალიზაცია — NEXT.On.ge

მიუხედავად იმისა, რომ უწინდელ ტემპთან შედარებით ისედაც ასწრაფებულ სამყაროში ვაქცინა სწრაფად შეიქმნა და ეს უამრავ ადამიანში აღძრავს ეჭვს, ერთი ქვეყნის მაგალითზეც უკვე ვხედავთ, რომ ის მუშაობს და ახერხებს ადამიანები დაიცვას როგორც სიკვდილისგან, ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. შემდეგ თვეებში ეს მონაცემები კიდევ უფრო დამაჯერებელ შედეგებს მოგვცემს იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რა გზას გადის ვაქცინები ჩვენს სხეულებში აღმოჩენამდე

ფოტო: Getty Images

მედიკამენტებისა თუ ვაქცინების შექმნისას მეცნიერებს შესაშური სიფრთხილე ახასიათებთ, თუმცა, ეს მხოლოდ მათ პიროვნულ ნიშნებზე როდია დამოკიდებული. ლაბორატორიიდან ჩვენს ორგანიზმში მოსახვედრად ვაქცინა უამრავ და ხანგრძლივ პროცედურას გადის.

ყველაფერი ლაბორატორიაში ფუსფუსით იწყება, სადაც მეცნიერები მედიკამენტებსა თუ ვაქცინებს უჯრედებზე ცდიან, აკვირდებიან, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნაერთი უჯრედებზე და რამდენად ახერხებს მთავარი მისიის შესრულებას — დაავადებასთან გამკლავებას. წარუმატებლობის შემთხვევაში ექსპერიმენტი აქ წყდება და პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერები ახალი ნაერთებისა თუ გზების ძებნას იწყებენ. ხოლო თუ კვლევის პირველადი ეტაპი წარმატებული იქნება, შემდეგ პრეპარატს ცხოველებზე გამოცდიან. თუ ამ ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმაც წარმატებით ჩაიარა, მეცნიერები შედეგებს რეგულატორს წარუდგენენ (მაგალითად, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს FDA), რომელიც კვლევის ფარგლებში წარდგენილ არგუმენტებსა და დოკუმენტაციას განიხილავს. სააგენტო შეაფასებს, რამდენად უსაფრთხოა პრეპარატის გამოცდა ადამიანებზე. თუ ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისია გადაწყვეტს, რომ ცდებში ადამიანების მონაწილეობა უსაფრთხოა, კონკრეტული მედიკამენტის გამოცდა შემდეგ კლინიკურ ეტაპზე გადადის.

ასე მოხდა მაგალითად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს შემთხვევაში. ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასაზუსტებლად მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში 24 000 მოხალისე აცრეს. აქედან, ამ დროისათვის ჯერ კიდევ ექსპერიმენტული ვაქცინით 11 636 ადამიანი აიცრა, ხოლო დანარჩენები პლაცებოთი. შუალედური შედეგებით დადგინდა, რომ ვაქცინა 70%-მდე ახერხებდა ვირუსის პრევენციას. AstraZeneca-ს ეფექტიანობის დასადგენად, აშშ-ში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც 32 449 ადამიანი მონაწილეობდა აჩვენა, რომ ეს კონკრეტული ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია, ხოლო კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. აღნიშნული კვლევების შეფასებისას, ანუ სანამ რეგულატორი ვაქცინის ფართო გამოყენებას დაუშვებს, პირველ რიგში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის პრეპარატი ადამიანისთვის. ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი ქვეყნების რეგულატორები და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაა, დიდ მონაცემებსა და სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით იღებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი მწვანე შუქის გარეშე წარმოუდგენელი და პირდაპირ, უკანონოა ვაქცინისა თუ სხვა სახის პრეპარატის გაყიდვა და გამოყენება.

მიუხედავად AstraZeneca-ს გარშემო გავრცელებული ეჭვებისა და მითებისა, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევროპის მედიკამენტების სააგენტო, AstraZeneca-თი ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ და სწორედ დიდ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ეს კორონავირუსთან ბრძოლის უსაფრთხო საშუალებაა. ზოგადად ვაქცინები კი COVID-19-ის დასამარცხებლად ერთადერთი ინსტრუმენტია, რაც კაცობრიობას, მეცნიერების დახმარებით, დღეს ხელთ აქვს.

შეზღუდული ადამიანობა და ადამიანური მედიცინა

ფოტო: Shagey

ვინც ლაბორატორიაში არ ყოფილა, ალბათ, რთულად წარმოუდგენია, როგორი ადამიანები მუშაობენ იქ. მიუხედავად მათი კომპეტენტურობისა და ცოდნისა, მათაც ჰყავთ ოჯახები და მათაც, იქნებ ჩვენზე მეტადაც შესტკივათ გული კაცობრიობის მომავალზე. ამაზე მათი უმაგალითო შრომა და "ელვისებური სისწრაფით" შექმნილი ვაქცინები მეტყველებს.

როცა ვამბობთ, რომ მეცნიერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, იმასაც მოვიაზრებთ, რომ დიახ, მათ შეუძლიათ დაუშვან შეცდომები ან ვერ იპოვონ გამოსავალი სხვადასხვა დაავადების დასამარცხებლად. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად ჩვენი კომპეტენციებისა, სამუშაო სფეროებისა, განათლებისა თუ სოციალური სტატუსისა, ხშირად, ადამიანურად უსუსურები და უმწეოები ვხდებით. ასე იყო, მაგალითად, მაშინ, როცა პანდემია დაიწყო და მისთვის შეუმზადებელი მსოფლიო დიდი დაბნეულობის ბურუსში გაეხვა. ამ დროს მეცნიერები, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, გაურკვევლობაში იყვნენ, მაგრამ ცდილობდნენ ამ განუსაზღვრელობიდან გასაღწევი გზა ეპოვნათ. მალევე დაიწყო საუბარი ვაქცინაზე, თუმცა მისი ასე სწრაფად შექმნის იმედი არავის ჰქონდა. მათ შორის, არც თვითონ მასზე მომუშავე მეცნიერებს.

მეცნიერები, რომლებიც ადამიანურები არიან, ბუნებრივია, უშვებენ შეცდომებს. ხანდახან ზედმეტად სჯერათ საკუთარი იდეებისა თუ შესაძლებლობების, ხანდახან კი პირიქით — ნაკლებად იჯერებენ და საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალასაც ვერ პოულობენ. თუმცა, მათ გამოუსწორებელი შეცდომებისგან ზემოთ აღწერილი მრავალეტაპიანი კვლევები და რეგულატორების მკაცრი კრიტერიუმები აზღვევს. შეიძლება ცალკეული მეცნიერები შეცდომებს უშვებდნენ, თუმცა მტკიცებითი მედიცინა და რეგულატორები — არა. შესაბამისად, თუ ისინი საუბრობენ ვაქცინის გამოსავლიანობასა და სარგებელზე, ეს ნამდვილად ასეა.

ჩვენ, ჩვეულებრივი თუ ნაკლებჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც არ გვაქვს ძალა თუ ცოდნა იმისათვის, რომ პანდემიაში გახვეულ მსოფლიოს მხსნელებად მოვევლინოთ, ხანდახან უნდა დავსხდეთ და ველოდოთ, როდის გაიელვებს მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, რომელიღაც ლაბორატორიაში მყოფი მეცნიერის გონებაში სწორი აზრი. აზრი (ჰიპოთეზა), რომლის ჭეშმარიტებასაც ის დაიჯერებს და დაამტკიცებს.

ხანდახან, ჩვენ, ჩვეულებრივი თუ ნაკლებჩვეულებრივი ადამიანები, უნდა დავსხდეთ და ველოდოთ მეცნიერებს, რომლებიც მოქმედებისთვის ჩვენ არასდროს გველოდებიან, თუმცა, ჩვენი თუ ჩვენი შვილების გადარჩენას ყოველდღიურად ახერხებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ