მკვლევრებმა ინოვაციური მეთოდით, კიბოს წამლები ცხოველების გარეშე გამოსცადეს
იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა და მათმა ხელმძღვანელმა, იაკოვ ნაჰმიასმა, წამლების ტესტირების ახალი და ბევრად უფრო ზუსტი მეთოდი გამოავლინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოველებზე ცდების ჩატარებას არ საჭიროებს.
"წამლის შექმნისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესის გავლა გვიწევს. ზოგჯერ, ეს პროცესებიც არ არის საკმარისი. ამ უკმარისობის მთავარი მიზეზი, ცხოველებზე ჩატარებული კვლევაა, რაც სრულ გარანტიას ვერ მოგვცემს, რომ იგივე ადამიანზეც იმუშავებს", — ნათქვამია ნაჰმიასის განცხადებაში.
ცხოველებზე ტესტირების პროცესში, ხშირად თაგვებს და ვირთხებს იყენებენ, რაც მათ აზიანებს. შედეგები კი არაზუსტი შეიძლება იყოს, რადგან მღრნელებს განსხვავებული გენეტიკა, ფიზიოლოგია და მეტაბოლიზმი აქვთ.
მკვლევრებმა "ადამიანის ჩიპური" ტექნოლოგია გამოიყენეს. საუბარია სპეციალურ მიკრო ჩიპებზე, სადაც ადამიანის უჯრედებია მოქცეული. ამით ადამიანის კონკრეტული "ორგანული სისტემის" სიმულირება ხდება. ეს ტექნოლოგია უკვე 30 წელია რაც არსებობს, მაგრამ ახლა მკვლევრებმა მისი დახვეწა შეძლეს.
"რაც ჩვენს ტექნოლოგიას უნიკალურს ხდის, არის ის, რომ ახლა ბევრად უფრო შორს წასვლა შეგვიძლია, ვიდრე ამას ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შევძლებდით. ჩვენ ახლა რეალურ დროში შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს წამალი "ადამიანზე" და ეს ყველაფერი მიკროჩიპების გამოყენებით." — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგიით, დაამტკიცეს, რომ ხშირად გამოყენებული კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ცისპლატინი, ადამიანის თირკმელებში ცხიმის საშიშ დაგროვებას იწვევს.
"ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამციროს წამლების ტესტირებისა და წარმოების დრო. ამასთან, ის ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების საჭიროებასაც გააქრობს. ეს დაზოგავს დროს, ფულს და, რა თქმა უნდა, ცხოველებს ზედმეტი ტანჯვისგან დაიცავს." — ამბობს ნაჰმიასი.
მკვლევარმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია — Tissue Dynamics კლინიკურ ტესტირებებზე გადავა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცების შემდეგ, კიბოს სამკურნალო წამლების შექმნის ალტერნატიულ გზას შემოგვთავაზებს.
კვლევა ჟურნალ Science Transitional Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები