Fungus: ქართველ არტისტთა ქვიარ კოლექტივი, რომელიც სოციალურ ნორმებს არღვევს
ხელოვნების ქვიარ კოლექტივი, Fungus თავდაპირველად თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოფენის გამართვის მიზნით შეიქმნა. თუმცა მას შემდეგ მან არსებობა საქართველოს კულტურული სცენის ბნელსა და ბევრისთვის უცნობ კუთხეებში განაგრძო. The Calvert Journal კოლექტივის თანადამაარსებელს, უტა ბექაიას ესაუბრა და სოციალურ ცვლილებებზე ფოკუსირებულ ხელოვანთა ჯგუფის შემოქმედება შეაფასა. ქვემოთ ამ სტატიის თარგმანს წაიკითხავთ.
თბილისური ქვიარ ხელოვნების კოლექტივი, Fungus, მტრულ გარემოს არ უშინდება. 20 ხელოვანისგან შემდგარი ჯგუფი მოუბოდიშებლად დგამს გაბედულ ნაბიჯებს კულტურის სფეროში. ერთგული მხარდამჭერებით გარშემორტყმულნი, ისინი ქვიარ ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო სივრცეს ქმნიან იმ საზოგადოებაში, რომელიც მათ მარგინალიზებას ცდილობს. "Fungus [იგივე ობის სოკო] ტენიან და ბნელ ადგილებში ხარობს", — ვკითხულობთ ჯგუფის მანიფესტში, — "ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოსფეროს ეკოლოგიაში. ნებისმიერი ორგანული ნივთიერების დაშლით სოკო აპოხიერებს ნიადაგს. კონტრკულტურაც მსგავსად მოქმედებს".
Fungus-ის იდეა ანდერგრაუნდიდან, თბილისის გეი ტექნო სცენიდან დაიბადა. ისეთი კლუბები, როგორებიცაა ბასიანი და KHIDI, უკვე დიდი ხანია, არტისტებს სთავაზობენ უსაფრთხო სივრცეს საზოგადოებაში, რომელშიც ჰომოფობია და შეუწყნარებლობაა ფესვგადგმული. ისინი ქართველ ახალგაზრდობას იმისთვის უთმობენ ადგილს, რომ საკუთარი თავების და მათი მსგავსი სხვა ადამიანების პოვნა შეძლონ. აქ წარმოდგენილი დრეგ პერფორმანსები, ვიდეოარტი და ხელოვნების სხვა ფორმები მათ ინკლუზიურ გარემოში ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
უტა ბექაიას, მულტიმედია არტისტს, რომელიც საკუთარ დროს ნიუ-იორკსა და თბილისს შორის ანაწილებს, სურდა, რომ ეს უსაფრთხო სივრცე კიდევ უფრო ხელმისაწვდომ შემოქმედებით გარემოდ ექცია. ხელოვანებთან — დავით აფაქიძესთან, მარიკო ჭანტურიასთან, K.O.I.-სა და ლევან მინდიაშვილთან ერთად, ბექაიამ Fungus თავდაპირველად იმისთვის შექმნა, რომ თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქვიარ არტ შოუ გაემართა.
COVID-19-ის პანდემიის შეზღუდვების გამო მათი გეგმები გადაიდო — თუმცა ეს შეფერხება რაღაც ახლის შექმნის წინაპირობად იქცა. ერთადერთი გამოფენის ნაცვლად, Fungus კოლექტიურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, რომლის წევრებსაც ინდივიდუალურობა და ნორმების მრღვევი იდეების ქონა აკავშირებთ. "ის მკვეთრად მემარცხენე ლიბერალურ ბაზად იქცა, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ხელოვნების განსხვავებული მედიუმების საშუალებით გამოხატავენ. ეს არაა მხოლოდ ვიზუალური არტი, არამედ აქ მწერლებს, მუსიკოსებს და ყველას, ვისაც სურს, შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა და ექსპერიმენტების ჩატარება", — ამბობს ბექაია, — "აქ ისინი თავს მარტოსულად არ გრძნობენ: ვიღაც მათ მხარს უჭერს; დამალვა საჭირო აღარაა".
ამ მხრივ Fungus გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ამჟამად საქართველო გზის გასაყარზე იმყოფება. საბჭოთა ოკუპაციისგან თავის დაღწევიდან 30 წლის შემდეგ ის იბრძვის საკუთარი იდენტობის საპოვნელად, რომელიც თითქმის მთელი გასული საუკუნის განმავლობაში საბჭოური რუსიფიკაციის წნეხის ქვეშ იყო. ახლა, როცა ქვეყანა სუფთა ფურცლიდან იწყებს ისტორიის წერას, ექსპერიმენტებისთვის ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი. ერთი მხრივ, ტრადიციების დამცველი და კონსერვატიული ღირებულებების მქონენი და, მეორე მხრივ, მეტად ლიბერალური, რევოლუციური ახალგაზრდობა, კულტურული სადავეების მოსაპოვებლად იბრძვიან. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, Fungus იმაზე მეტია, ვიდრე არტისტთა ექსპერიმენტი: ის კულტურული ექსპერიმენტიცაა. ქართული კულტურის ფორმაციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე ქვიარ, ფემინისტური და ანტიკაპიტალისტური პოზიციის დაცვა დღეს იმის განსაზღვრის მცდელობაა, თუ როგორი იქნება მომავალში საქართველო მარგინალიზებული ჯგუფებისთვის.
ამჟამად ქვიარ ადამიანებისათვის საქართველოში ცხოვრება სახიფათოა. საკანონმდებლო დონეზე საქართველომ ლგბტქ+ ადამიანების დაცვის მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ამ პროგრესული კანონებიდან მრავალი ჯერ კიდევ არ მოქმედებს. აქ ჰომოფობიური ძალადობა და სიძულვილის ენა ნორმალიზებულია. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, ILGA-ს მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტი თვლის, რომ ლგბტქ+ უფლებები მნიშვნელოვანია.
Fungus-ის შექმნამდე ლგბტქ+ თემს საჯაროდ მხარდაჭერას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებდნენ, რაც იშვიათად თუ ახდენდა ზეგავლენას კულტურის სფეროზე. ამასთან, ეს თანადგომა ხშირად საზღვარგარეთიდან მოდიოდა. ქართველი ქვიარები კი ლგბტქ+ ისტორიებს არც ისე ხშირად ყვებოდნენ. "ცარიელი სივრცე იყო", — ამბობს ბექაია, — "ქვიარ თემი იყო ძალიან…", — ის ამ სიტყვებზე ჩერდება და ბოლოს ასკვნის: "ძალიან რთულია საქართველოში ქვიარად ყოფნა".
ახლა Fungus ხელოვნებისა და მხარდამჭერთა წრის შექმნით მოურიდებლად ჯანყდება შემზღუდავი ჩარჩოების წინააღმდეგ. "ვცდილობთ, საკუთარ თავს თავად დავეხმაროთ. ამ ჯგუფის წევრები პანკები არიან. ისინი ანარქისტები და ძალიან მაგარი ტიპები არიან. მათ არ სურთ დახმარება არავისგან, ვინც რაიმე სახით კაპიტალისტია", — ამბობს ბექაია.
Fungus-ის არტისტები და მათი ხელოვნება სოციალურ ჩარჩოებში არ ჯდება. ამის ნაცვლად, ჯგუფი ამ ჩარჩოებს ფუტურისტული, ზოგჯერ კი სატირული მუხტით უცვლის ფორმას. ამჟამად ისინი Fungus-ის ინსტაგრამის გვერდს იყენებენ იმ პლატფორმად, რომლის საშუალებითაც განიხილავენ პროვოკაციულ თემებსა და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მაგალითად, შიმშილის თემაზე ფოტოგრაფმა დათო ქორიძემ სიღატაკისადმი საზოგადოების გულცივობის საჩვენებლად მოწყალების მთხოვნელი კაცის ფოტო გადაიღო, ხოლო მწერალმა ანა ნიკოლაძემ კვებით აშლილობასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე დაწერა. ამ არტისტების მიერ იმ თემების გაცოცხლება, რომლებიც ხშირად ტაბუდადებულია, ჭრილობების მოშუშებისა და ემოციური ტვირთის გაზიარებისათვის მნიშვნელოვან სივრცეს ქმნის.
ფოტო: დათო ქორიძე
ჯგუფი კონცეპტუალური გამბედაობითაც გამოირჩევა. ანდრო დადიანის შემოქმედება ამის საუკეთესო მაგალითია: ლევან მამალაძისა და K.O.I.-ს მიერ გადაღებული ეს ნამუშევრები ფუტურისტული სიურრეალიზმითა და პერფორმაციული სითამამით ძალისმიერად იჭრება ყოველდღიურობის ბანალურობაში. ნატა სოფრომაძის მიერ გადაღებული და ანა ნინიაშვილის მიერ რედაქტირებული GOD ERA კი მოდერნიზმს ხელოვნური მასალების გამოყენებით აღწევს თავს. დადიანისა და სოფრომაძის დაუმორჩილებლობის გამომხატველი ეს ნამუშევრები სავსეა თვითრწმენითა და სითამამით. მათში ისეთი ძალა იგრძნობა, რომელიც ესთეტიკურ ფორმას სცდება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლაშა ყაბანაშვილის ნამუშევარი, რომელშიც Vanitas-ის (ამაოების) ცნება მზარდად სეკულარულ და კაპიტალისტურ სამყაროში მომხმარებლის გამოცდილების საკრალიზაციის საჩვენებლადაა გამოყენებული. ყაბანაშვილი თავისი ინსტალაციის საშუალებით აკრიტიკებს მეცნიერების მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. "ღმერთი მკვდარია, დრო წრფივი და პროფანული, სიკვდილი კი სუბიექტის დასასრულადაა გაგებული", — წერს ის, — "ღმერთის სიმბოლური სიკვდილის შემდეგ მას კაპიტალიზმის დისკურსი მკვდრეთით აღადგენს, რეალობისა და გამოცდილების რესაკრალიზაციას ახდენს და მითის ფუნქციას ინარჩუნებს". ყაბანაშვილი ამას თავისი პროექტის დუალიზმით გამოხატავს: ერთი მხარე გასართობი კულტურის რიტუალებს წარმოადგენს, მეორე კი ტრანსცენდენტურის გამოვლინებაა. და ორივე მათგანი შფოთვასა და ღელვას იწვევს.
სწორედ მსგავსი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Fungus-ის პირველ გამოფენაზე, რომლისთვისაც ალტერნატიული, ბნელი ყოფილი ქარხანა შესაფერის გარემოს შექმნის. გამოფენა მაისის თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი. თუმცა ჯგუფმა იცის, რომ საჯაროობას სიძულვილიც მოჰყვება. 2019 წლის ბოლოს თბილისში ქართულმა კონსერვატიულმა ძალებმა პირველი ლგბტქ+ ფილმის, და ჩვენ ვიცეკვეთ, საპრემიერო ჩვენების დროს საპროტესტო გამოსვლები გამართეს და პრაიდის დროშები დაწვეს. Fungus-ის ბევრ წევრს განუცდია ჰომოფობური ძალადობა და დამცირება იმ ადამიანებისგან, ვინც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგია.
ფოტო: ლევან მაისურაძე
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ საპასუხო რეაქციისთვის", — ამბობს ბექაია, — "რა საკვირველია, არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ; ყველაფრის უსაფრთხოდ ჩატარებას ვგეგმავთ. მაგრამ ეს რაიმე ფორმით უნდა მოხდეს და აუცილებელიც კია, რომ მოხდეს. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ეს არტისტები პირველები იქნებიან, გარკვეულწილად შეცვლის ისტორიას. განცდა იმისა, რომ რეალურად რაღაც შენზე უფრო დიდის ნაწილი ხარ, უფრო ძლიერია, ვიდრე შიში. ვიცით, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს და თუ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რატომ ახლა არა?"
Fungus ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თბილისმა რეგიონის შემოქმედებითი ცენტრის სტატუსი ახალ საფეხურზე აიყვანოს. ჯგუფის კურატორები ონლაინპლატფორმების საშუალებით ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ქვიარ არტისტებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც რუსეთი, უკრაინა და სომხეთია. ამ გზით ისინი რეგიონში მცხოვრებ მრავალ ადამიანს არა მხოლოდ უსაფრთხო სივრცეს სთავაზობენ, არამედ — ადგილს განვითარებისთვისაც.
Fungus-ის მანიფესტში ნათქვამია, რომ ისინი "იკვებებიან და იზრდებიან შხამით", თუმცა რეალურად გაჭირვების ჟამს აღმოჩენილი ერთიანობაა ის, რაც მათ აძლიერებს. სიძულვილის მსხვერპლნი დაუმორჩილებლობით ერთიანდებიან და ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ დრომოჭმულ ნორმებს მისი გაწყვეტის ძალა არ აქვთ. როგორც მათი მანიფესტის დასკვნაშია ნათქვამი, "ყველანი ერთ სოკოზე ვართ დამყნობილნი, რომლის მიზანიცაა, გაანადგუროს არსებული სოციალური წყობა, თითქოს მყარად რომ დგას, სინამდვილეში კი შინაგანად იხრწნება".
კომენტარები