ხმელეთის ქვეშ, 2700 კილომეტრით დაბლა, ე.წ. D" შრეა, რომელიც მანტიისა და გარე ბირთვის მიჯნაზეა განლაგებული. მის მიმდებარედ სეისმური ტალღები მოულოდნელად ჩქარდება, რის ამოხსნასაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ.

ახალმა კვლევამ იქ მიმდინარე უჩვეულო პროცესი საბოლოოდ გამოააშკარავა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ასეთი ღრმა რეგიონებიც კი მუდმივ მოძრაობაშია, რადგან იქ მყარი მატერია გადაადგილდება.

ყველაფერი 2004 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით დაიწყო. მასში წერდნენ, რომ სიღრმეში ექსტრემალური წნევა და ტემპერატურა იქ არსებულ მინერალ პეროვსკიტს ფორმას უცვლიდა და "პოსტ-პეროვსკიტად" აქცევდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სეისმური ტალღების აჩქარების ასახსნელად საკმარისი არ იყო. მეტის გასაგებად შვეიცარიელმა და იაპონელმა მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს და ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ტალღების ასაჩქარებლად კრისტალები ერთ მხარეს უნდა იყოს მიმართული.

ფოტო: ETH Zurich

მკვლევრებმა ლაბორატორიაში დედამიწის სიღრმეში არსებული პირობები შექმნეს, თუმცა მცირე მასშტაბით. მათ შეამჩნიეს, რომ პოსტ-პეროვსკიტის კრისტალების განლაგება განსაზღვრავს, რამდენად მყარია მინერალი. შესაბამისად, მსგავსი სტრუქტურა სეისმური ტალღების მოძრაობაზეც აისახება, რადგან ამ მატერიაში უნდა გაიაროს.

გაირკვა ისიც, რომ D" შრის მაღლა მყარი ქვები კონვექციურად გადაადგილდება, რაც ცივი მატერიის "ჩაძირვითა" და ცხელის მაღლა გადანაცვლებითაა განპირობებული. ეს პოსტ-პეროვსკიტის კრისტალების მიმართულებას განსაზღვრავს.

უკანასკნელი მიგნება ჩვენი პლანეტის შიგნით მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ასევე, გვეხმარება გავიგოთ, რა გეოლოგიური მექანიზმი დგას ვულკანური ამოფრქვევებისა და მაგნიტური ველის მიღმა, რომელიც სწორედ დედამიწის სიღრმეში წარმოიქმნება.

"ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ დედამიწა არა მხოლოდ ზედაპირზეა აქტიური, არამედ სიღრმეშიც", — აცხადებს გეომეცნიერი მოტოჰიკო მურაკამი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.