კიდობანი მთვარეზე? — შესაძლოა, დედამიწის გარეთ 6.7 მილიონი სახეობის სპერმა, კვერცხუჯრედი თუ სპორა შევინახოთ
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერების ამბიციური პროექტი დედამიწაზე გავრცელებული 6.7 მილიონი სახეობის ბიოლოგიური მასალის — სპერმის, კვერცხუჯრედის, სპორისა თუ თესლის გაყინვასა და მთვარეზე განთავსებას ითვალისწინებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პროექტის შთაგონების წყარო არიზონას უნივერსიტეტის აეროკოსმიური და მექანიკური ინჟინერიის პროფესორისთვის — ჯეკან თანგასთვის ბიბლიური პერსონაჟი — ნოე იყო. მხოლოდ, ამ პერსონაჟისგან განსხვავებით, ის მთვარეზე, მზის ენერგიით ნასაზრდოებ "კიდობანში" აპირებს გაყინული მასალის მოთავსებასა და შენახვას.
თანგამ და მისმა ჯგუფმა, მთვარის კიდობნის კონცეპტს "თანამედრომე გლობალური სადაზღვევო პოლიტიკა" უწოდა, შესაბამისი ნაშრომი კი რამდენიმე დღის წინ, IEEE Aerospace Conference-ზე წარადგინა. შესაბამისი ვიდეოს ხილვა ქვემოთ შეგიძლიათ.
მთვარის კიდობნის ასაშენებლად ლავისგან გაჩენილი გვირაბების ქსელი შეარჩიეს. ეს სტრუქტურები მილიარდობის წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა ლავა თავის გზას მიიკვლევდა მთვარის ზედაპირის ქვეშ. დედამიწაზე არსებული მსგავსი გვირაბები მეტროს გვირაბებს მოგაგონებთ და ძალიან მგრძნობიარეა მიწისძვრების მიმართ. ხოლო მთვარეზე არსებული მსგავსი გვირაბები 100 მეტრის დიამეტრისაა და 3-დან 4 მილიარდ წლამდე პერიოდში ცვლილება არ განუცდია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ადგილი შეიძლება იყოს კარგი თავშესაფარი მთვარეზე, რომელიც მზის რადიაციისგან, მიკრომეტეორიტებისგან, თუ ტემპერატურის ცვლილებისგან დაიცავს კიდობანს.
თანგის თქმით, დედამიწა არასტაბილური გარემოა როგორც ადამიანებისთვის, ისე მასზე მცხოვრები სხვა სახეობებისთვის. ამ სახეობების გამრავლებისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალის მთვარეზე გაგზავნა კი თავის დაზღვევას ჰგავს, ნებისმიერი დრამატული სცენარის შემთხვევაში. კიდობნის ასაშენებლად და ბიოლოგიური მასალის მთვარეზე გადასატანად თანგს დედამიწიდან 250 რაკეტის გაშვება აქვს გათვლილი. შედარებისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აგებას 40 რაკეტის გაშვება დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს კონკრეტული გათვლები უკვე გაკეთებული აქვთ და ამასთან, მთვარის კიდობნის დიზაინიც უკვე შემუშავებულია, ეს ჯერ კიდევ კონცეფციაა და რა თქმა უნდა, ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, შესრულდება თუ არა პროექტი.
კომენტარები