ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ვიზუალურ გემოვნებას ტვინზე დაკვირვებით განსაზღვრავს
სილამაზის აღქმის კონცეფციები ხშირად იცვლება და ადამიანები მას განსხვავებულად აღვიქვამთ. ხოლო მიზეზი, რის გამოც სხვა ადამიანის სახე შეიძლება მოგვწონდეს, ჩვენს გონებაში ინახება. ეს კი კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განსაზღვრული.
ჰელსინკის და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების მკვლევრებმა გამოიყენეს ელექტროენცეფალოგრაფია (EEG), რათა ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზოს ჩვენი სუბიექტური წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა ხდის ადამიანის სახეს მიმზიდველს. აღნიშნული კვლევა Affective Computing-ში გამოქვეყნდა.
"ექსპერიმენტი, რომელიც 30 მოხალისეს ჩაუტარდა, რაღაცით გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს მოგაგონებთ", — თქვა მიკაელ სპეპემ, ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
კომპიუტერული მეცნიერების და ფსიქოლოგიის გაერთიანება
მკვლევრებმა გენერაციული გაზომვითი ქსელი ასობით ხელოვნური პორტრეტის შესაქმნელად შეიმუშავეს. შემდეგ, გამოსახულებები მოხალისეებს სათითაოდ აჩვენეს, ისინი კი ყურადღებას აქცევდნენ მათთვის მიმზიდველ სახეებს. ამის პარალელურად, მკვლევრები მოხალისეების ტვინის აქტივობას ზომავდნენ.
როდესაც ექსპერიმენტში მონაწილეები თავისთვის მიმზიდველ სახეს ხედავდნენ, ისინი მას უნდა დაკვირვებოდნენ და მეორე მხარეს არ გაეხედათ. ამის შემდეგ უკვე შემუშავებული გაზომვითი ხელოვნური ნეირონული ქსელი აფასებდა მოხალისეების გემოვნებას და ზომავდა რომელი სახე მოეწონათ მეტად ან ნაკლებად.
"კვლევაში მონაწილეების შეხედულების ინტერპრეტაციით, ხელოვნურმა ინტელექტმა სახის სურათების მოდელირებადი ქსელის საშუალებით, შექმნა სრულიად ახალი სახის სურათები. ეს ახალი სახის სურათები კი ინდივიდუალური ვიზუალური გემოვნების ერთიანობა იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნურმა ინტელექტმა სახის სხვადასხვა ნაკვთები და პარამეტრები ისე გააერთიანა, რომ ინდივიდისთვის იდეალური სახე შექმნა", — თქვა მიკაელ სპეპემ.
ახლადწარმოქმნილი სახეები თითოეული მონაწილისთვის სპეციალურად შეიქმნა და მათი გემოვნება 80 პროცენტის სიზუსტით დააკმაყოფილა.
"კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას ისეთი სურათები, რომლებიც ინდივიდუალურ გემოვნებას ემთხვევა. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ვის რა იზიდავს გარეგნულად და მეტიც, ასეთი ვიზუალები შევქმნათ კიდევაც", — ამბობენ მკვლევრები.
მართალია, კვლევა არ იყო მასშტაბური და მასში მხოლოდ 30 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ეს მიგვანიშნებს, რომ დახვეწილ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მიხვდეს თუ რა მოგვწონს და რა ერთეულებია ამის მიზეზები.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მომავალში ადამიანში სტერეოტიპების და მიკერძოების ფაქტორებს კიდევ უფრო კარგად გააანალიზებენ. ამისთვის კი კიდევ უფრო მასშტაბური კვლევები იქნება საჭირო.
კომენტარები