იკიგაი: იაპონური მოძღვრება, რომელიც ცხოვრების მიზნის პოვნაში შეიძლება დაგვეხმაროს
მანტრა, "ახალი წელი, ახალი მე", უდავოდ შთამაგონებელია, მაგრამ რამდენად აუცილებელია უკეთესობისკენ შეცვლაზე დასაფიქრებლად კალენდარზე კონკრეტული რიცხვის დანახვა? მართლაც, არსებობს სხვა გზებიც იმ ყველაფრის მთელი სისავსით მისაღებად და შესაგრძნობად, რისი შემოთავაზებაც ცხოვრებას შეუძლია.
წარმოგიდგენთ იკიგაის — უძველეს იაპონურ იდეოლოგიას, რომელიც უკვე დიდი ხანია, იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა, იკი, რომელიც სიცოცხლედ ითარგმნება და გაი, რომელიც რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იკიგაი ისაა, რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.
და მაინც, ზუსტად რა არის იკიგაი?
თავად სიტყვის წარმომავლობა ჰაიანის პერიოდთან (794-1185 წლები) არის დაკავშირებული. კლინიკურმა ფსიქოლოგმა და იკიგაის ევოლუციის გულმოდგინე მკვლევარმა, აკიჰირო ჰასეგავამ 2001 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნა, რომ სიტყვა გაი მომდინარეობს სიტყვა კაი-დან, რაც იაპონურად ნიჟარას ნიშნავს.
ჰაიანის პერიოდში ნიჟარა საოცრად ძვირადღირებული იყო. ამგვარად, გაი-ს ღირებულებასთან ასოცირებას ეს ფაქტიც ამყარებს. ის იმავე მნიშვნელობით გვხვდება ტერმინ ჰატარაკიგაი-ში, რაც სამუშაოს ღირებულებას აღნიშნავს, და იარიგაი-შიც, რაც იაპონურიდან ითარგმნება როგორც "ამის კეთება ღირს".
გაი ის გასაღებია, რომელიც არსებობის მნიშვნელობას ან ცხოვრების ღირებულებას გაპოვნინებს. იკიგაის იდეოლოგიის საფუძვლიანად გასააზრებლად საუკეთესო გზა ქვემოთ მოცემული ვენის დიაგრამის გამოყენებაა, რომელიც ოთხი ძირითადი ღირებულების გადაფარვით მიიღება. ეს ღირებულებებია: ის, რაც კარგად გამოგდის; ის, რაც მსოფლიოს სჭირდება; ის, რისთვისაც გადაგიხდიან; და, რა თქმა უნდა, ის, რაც გიყვარს. იკიგაი ამ ღირებულებათა გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს.
რატომ არის იკიგაი მნიშვნელოვანი?
ბევრმა სოციოლოგმა, მეცნიერმა და ჟურნალისტმა გამოიკვლია და ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა ამ კონკრეტული ფენომენის სარგებლიანობის შესახებ, საიდანაც მათ არაერთი ძალიან საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, იკიგაი ცხოვრებას ახანგრძლივებს და მისი მეტი მიმართულებით განვითარებაში გვეხმარება.
2017 წელს პოპულარულმა იაპონურმა სატელევიზიო გადაცემამ, Takeshi no katei no igaku, მეცნიერებთან თანამშრომლობით კიოტოს პატარა ქალაქ კიოტანგოში კვლევა ჩაატარა. ამ ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ას წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა მათთან სამჯერ აღემატება დანარჩენი ქვეყნის მაჩვენებელს. კვლევის მიზანი ამ ადამიანთა ბედნიერი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამოცნობა იყო. ამის დასადგენად ას წელს მიტანებული და გადაცილებული შვიდი ადამიანის ცხოვრებას დილიდან საღამომდე აკვირდებოდნენ, რაშიც სისხლის ანალიზისა და ჯანმრთელობის გადასამოწმებელი სხვა ტესტების ჩატარებაც მოიაზრებოდა.
საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ შვიდივე ადამიანს სისხლში DHEA-ს — თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამოყოფილი იმ სტეროიდული ჰორმონის მაღალი შემცველობა აღენიშნებოდა, რომელსაც ბევრი "სიცოცხლის ხანგრძლივობის ჰორმონად" მიიჩნევს.
შვიდი ქალისა და კაცის ცხოვრებისთვის თვალის დევნებისას მათ შორის კიდევ ერთი საერთო აღმოაჩინეს — მათ ყველას ჰქონდა ჰობი, რომლითაც ყოველდღიურად კავდებოდნენ. ას წელს მიტანებული ერთ-ერთი ქალი ყოველი დღის რამდენიმე საათს ტრადიციული იაპონური ნიღბების კეთებას უთმობდა, ერთი კაცი ხატავდა, სხვა კი ყოველდღე თევზაობდა.
კავშირი საყვარელ საქმიანობასა და DHEA-ს მატებას შორის მეცნიერულად დადასტურებული არაა. ამის მიუხედავად, გადაცემის მესვეურებმა ივარაუდეს, რომ ისეთი რაღაცის ქონა, რაც გაინტერესებს, რაზეც ფოკუსირდები და რაც კმაყოფილების შეგრძნებას აღგიძრავს, შესაძლოა, ამ ჰორმონის გამომუშავებას და გრძელი და ბედნიერი ცხოვრების ქონას უწყობდეს ხელს.
სად მისდევენ იკიგაის იდეოლოგიას?
ოკინავა, იაპონიის სამხრეთ კუნძული, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობის სამშობლოა. ის ასევე იკიგაის იდეოლოგიურ კერასაც წარმოადგენს. მშვიდი ამინდი, ჯანსაღი კვება და სტრესის დაბალი დონე ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც ხანგრძლივ ცხოვრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით. თუმცა ისიც მრავლისმთქმელია, რომ აქაური მოსახლეობა მიზანდასახულობით და პენსიაზე გვიან გასვლის სურვილით გამოირჩევა, რითაც ისინი ზედმიწევნით ჰგვანან იტალიაში, სარდინიაში და საბერძნეთის კუნძულ იკარიაში მცხოვრებ ადამიანებს.
მწერალმა დენ ბათნერმა თავისი წიგნისთვის, ლურჯი ზონები: გაკვეთილები ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ ხალხისგან, რომლებმაც ყველაზე დიდხანს იცხოვრეს, მსოფლიოს ის სხვადასხვა ადგილი შეისწავლა, სადაც ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა ცხოვრობს (მათ შორის იყო ოკინავაც). მან აღმოაჩინა, რომ მართალია, ამ ფენომენს სხვადასხვა ტერმინით აღწერდნენ, თუმცა იკიგაი, იგივე "ცხოვრების მიზნის ქონის" იდეოლოგია ყველა გამოკვლეულ მოსახლეობაში იყო ფესვგადგმული.
ჰექტორ გარსიას, მწერალს რომელმაც ამ თეორიის შესახებ რამდენიმე წიგნი გამოსცა, სჯერა, რომ იკიგაი მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებს არ უნდა დავუკავშიროთ. სანაცვლოდ, ის ახლა ახალგაზრდებში უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე — თანაც, როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ თეორიაზე გამოცემული წიგნების წარმატების ერთ-ერთი გასაღები ცნება იკიგაის პოპულარობაა", — აღნიშნავს ის და ურთავს, რომ ახლა, როცა მსგავსი რამ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება, იკიგაიც უფრო მეინსტრიმული ხდება "განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული მიზნების აღმოჩენას ცდილობენ".
რა არის შენი იკიგაი?
გარსია თავის წიგნში წერს, რომ იკიგაის შესწავლამ დღის წესრიგი შეუცვალა: "ჩემი დილის რუტინა გავაუმჯობესე. დღეს იმით ვიწყებ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვა საქმეებზე მხოლოდ ამის მერე ვერთვები". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან თავისი ვალდებულებების პრიორიტეტულობა გადააფასა: "ეს ნიშნავს, რომ მე ფინჯან მწვანე ჩაის ვსვამ, 15 წუთი იოგათი ვკავდები და შემდეგ საწერად ერთი საათი მაქვს. სანამ სახლიდან გავალ, მე უკვე დათმობილი მაქვს დრო ჩემი ჯანმრთელობისთვის და ერთ-ერთი ისეთი აქტივობისთვის, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში იკიგაი მოაქვს: ეს წიგნების წერაა".
მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება კარიერაზე ორიენტირებულად ჟღერდეს, თუმცა იკიგაი ყოველთვის ფინანსურ სარგებელთან არაა დაკავშირებული. ჰობი, რომელსაც დროს დაუთმობ, ოჯახის მოვლა, მუშაობა თუ პატარ-პატარა ნაბიჯებს გადადგმა დიდი მიზნისკენ ან პროექტისკენ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი — ეს ყველაფერი იკიგაია.
როგორ ვიპოვოთ იკიგაი?
თუ დაიბენი და არ ხარ დარწმუნებული, რა არის შენი იკიგაი, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც შენს გონებასა და მიზნებზე ფოკუსირებაში დაგეხმარება.
"თუ აღმოაჩენ, რომ ჩაიკეტე, რადგან ცვლილებების მიღება რთულია, შენს ცხოვრებაში ახალი რამეების დამატება სცადე: გაიჩინე ახალი ჰობი, ახალი სამეგობრო წრე ან დამატებითი სამსახური", — გვთავაზობს გარსია.
ტოკიოელი ნეირომეცნიერი და მწერალი, კენ მოგი თავის 2017 წელს გამოცემულ წიგნში, იკიგაის მცირე წიგნი: იაპონური გზა ცხოვრების მიზნის აღმოჩენისკენ, წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა "მატარებლის დამლაგებელი ხარ, ახალშობილის დედა თუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული — თუ შეგიძლია, სიამოვნება და კმაყოფილება მიიღო იქიდან, რასაც აკეთებ და რაც კარგად გამოგდის, გილოცავ, იკიგაი უკვე ნაპოვნი გაქვს".
ვისაც ეს ყველაფერი მაინც ერთულება, გარსია სთავაზობს, რომ "ცხოვრების აწმყოსეულ მდგომარეობა კარგად გაიაზროს".
ამისათვის ჩამოწერე ისეთი 10 რამ, რასაც ამ კვირაში დრო დაუთმე. ამის შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს, ეს ქმედებები შენს ცხოვრებას აზრს თუ მატებენ. ამაზე პასუხის საპოვნელად საკუთარ თავს ოთხი ქვეკითხვა შეგიძლია დაუსვა:
- ეს ისაა, რისი კეთებაც მიყვარს?
- ეს ისაა, რაც მსოფლიოს გამოადგება?
- ეს ისაა, რაც კარგად გამომდის?
- ეს ისაა, რისთვისაც გადამიხდიან? და თუ არ გადამიხდიან, მაშინ ღირს ის იმად, რომ სხვა საქმეში მიღებული გასამრჯელოს ხარჯზე შევინარჩუნო?
თუ ეს ყველაფერი შაბლონურად გეჩვენება ან ამ ფორმულის მიყოლა გიჭირს, ნუ შეშინდები — ისევე, როგორც მუსიკალური გემოვნება, ჩაცმის სტილი და შეხედულებები, იკიგაიც ასაკთან ერთად შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ, პერიოდულად თუ გადაამოწმებ შენს ინტერესებს, დიდი შანსია, რომ რაღაც ეტაპზე შენს იკიგაის მიაღწიო.
Takeshi no katei no igaku-ის კვლევაში მონაწილეებს ის აერთიანებდათ, რომ მათ ახალი ჰობი პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არასდროს არის ცხოვრებით ტკბობა გვიან. ვინ იცის, იქნებ 2021 წელი ზუსტად ის დროა, როცა საახალწლოდ ჩათქმულ მიზნებზე ბოლომდე უნდა ფოკუსირდე და ცხოვრების სრული სურათი დაინახო: შენი იკიგაი აღმოაჩინო.
კომენტარები