ამბობენ, რომ მთვარის ზედაპირზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ალბათ მაინც გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ოკეანეში 2017 წლამდე დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი იყო დამალული. ტასმანტისი, უფრო ცნობილი როგორც ზეალანდია, ავსტრალიას, ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორისაა მოქცეული. იგი არის დედამიწის ყველაზე პატარა და ახალგაზრდა კონტინენტი.

ზეალანდია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და მისი ფართობი დაახლოებით 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია, მაგრამ მისი 95% წყლის ქვეშაა მოქცეული. მისი ზედაპირის ხილულ ნაწილს ჩვენ ახალი ზელანდიისა და ახალი კალედონიის სახელებით ვიცნობთ.

ფოტო: Nick Mortimer/GNS Science

ახალი კვლევის მიზანი მისი ტექტონიკური ისტორიის, ქერქის სტრუქტურისა და გეოლოგიური ევოლუციის შესწავლა იყო. კვლევა საკმაოდ მრავლისმომცველია და მოხერხდა ზეალანდიის ისტორიის შესწავლა წარმოშობიდან თანამედროვე ეპოქამდე. შედეგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

"ეს არის ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა ზეალანდიის კონტინენტის გეოლოგიის შესახებ. ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში, ზეალანდია უმეტესად სამხრეთ სუპერკონტინენტის, გონდვანის ნაწილი იყო. შემდეგ, 60-85 მილიონი წლის წინ, ზეალანდია გამოეყო გონდვანას და გახდა ცალკე კონტინენტი", — განაცხადა კვლევის ავტორმა დოქტორმა ნიკ მორტიმერმა.

ზეალანდია დედამიწის სხვა კონტინენტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ძალიან მცირე ხმელეთის მასა და ძალიან ფართო წყალქვეშა კონტინენტური შელფები. სწორედ ამიტომ, მისი უდიდესი ნაწილი წყალქვეშაა მოქცეული.

კონტინენტი გეოლოგიურად კომპლექსურია და წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის ტექტონიკურ ფილებს შორის საზღვარი სწორედ მასზე გადის. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ვხედავთ ხშირ მიწისძვრებს ამ რეგიონში. საინტერესოა, რომ ზეალანდიის კვლევა დაგვეხმარება შესაძლო ბუნებრივი კატაკლიზმებისგან გამოწვეული რისკების შემცირებასა და კონტინენტის გეოლოგიური წარსულის შესწავლაში.

ფოტო: Stuart Rankin/Flickr (CC BY-NC 2.0), NASA

"ზეალანდიის დამარხული ფენები დედამიწის გეოლოგიურ ისტორიას დოკუმენტურად ასახავს. მისი შესწავლა ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე გაგვცემს პასუხს, მაგალითად, რატომ დაიშალა გონდვანას სუპერკონტინენტი ან რატომ არის ზელანდიის ტერიტორიაზე ამდენი ჩამქრალი ვულკანი", — ამბობს მორტიმერი.

ზეალანდიის კონტინენტის არსებობის ჰიპოთეზა ჯერ კიდევ 150 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ამის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების შეგროვება სულ ცოტა ხნის წინ შევძელით. აღმოჩენა დიდწილად სატელიტური ტექნოლოგიისა და საზღვაო გეოლოგიური მონაცემების გამოჩენის დამსახურებაა.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში New Zealand Journal of Geology and Geophysics.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.