აფრიკაში აღმოჩენილი პლანეტის ნატეხი დედამიწაზე ძველია
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, გასულ წელს ალჟირში აღმოჩენილი მეტეორიტი დედამიწაზე ძველია.
მეცნიერთა გუნდის მიხედვით, რომელიც აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ეს მეტეორიტი უძველესი პროტოპლანეტის გადმონაშთია, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მკვლევრებისთვის — მან შესაძლოა უპრეცენდენტო ინფორმაცია მოგვაწოდოს მზის სისტემის ადრეული წლების შესახებ.
ScienceAlert-ის მიხედვით, მეტეორიტი გასული წლის მაისში, აფრიკის ქვიშიან მასივებში აღმოაჩინეს და მალევე დადგინდა, რომ იგი უჩვეულო იყო — მეტეორიტების უმეტესობისგან განსხვავებით, იგი აშკარად ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კოსმოსური ქვა რომელიმე პლანეტის ქერქის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.
თუმცა, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ნიმუშის იზოტოპების რადიოაქტიული დაშლის ანალიზი აჩვენებს, რომ იგი დაახლოებით 4.566 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს დრო "ცოტათი" აღემატება დედამიწის ასაკს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სხვა პლანეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ განადგურდა.
რა თქმა უნდა, მეცნიერები ჯერ ვერ გააკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, თუ რომელ პროტოპლანეტას გამოეყო ეს ასტეროიდი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაზე ძველი ვულკანური ქვაა, რაც აქამდე აღმოუჩენიათ და შეუსწავლიათ, იგი მომავალი ინტენსიური ანალიზის საგანს წარმოადგენს მკვლევრებისთვის.
იმ ინფორმაციამ, რომელმაც მეცნიერები უძველესი ნატეხის შესწავლით მიაგნებენ, შესაძლოა სინათლე მოჰფინოს ჩვენი მზის სისტემის ისტორიას.
კომენტარები