აშშ-ში COVID-19-ზე აცრა აქტიურად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა CDC-მ გამოუშვა ანგარიში, სადაც რეკომენდაციებია გაცემული მათთვის, ვინც კორონავირუსზე უკვე აიცრნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირების და ნიღბების ტარების რეკომენდაციები და წესები საჯაროდ ჯერ კიდევ ძალაშია, სრულად აცრილი ადამიანები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ.

სულად აცრილად ის ადამიანები მოიაზრებიან, ვინც Pfizer-ის ან Moderna-ს ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა მიიღეს და აცრიდან 2 კვირა გავიდა. ასეთ ადამიანებს მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა უპრობლემოდ შეუძლიათ. თუმცა, საჯარო სივრცეებში პრევენციული ზომები მაინც უნდა დაიცვან.

CDC-ის ანგარიშის მიხედვით, ჯერ დარწმუნებით არ ვიცით სრულად არიან თუ არა აცრილი ადამიანები რისკებისგან დაცული. ახალმა მიგნებებმა შესაძლოა სხვა რეალობა დაგვანახოს, "გაიდლაინები" კი მის შესაბამისად შეიცვლება.

ამ მომენტისთვის, აშშ-ში 60 მილიონამდე ადამიანს ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა მიღებული უკვე აქვს. აქედან ნახევარი კი სრულად ვაქცინირებულია.