"დიდი საყვედარი ჩემგან დაგვიანებისთვის, იმდენად დაგაგვიანდათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ", — ასე მიმართა მაკა სულაძემ მინისტრებს, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდნენ.

"ეს ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, როცა უცხოური კომპანიის თვალწინ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის დამცველებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღეთ, თუნდაც რელიგიური ნიშნით, თუნდაც სხვა თვალსაზრისით", — თქვა მაკა სულაძემ.

ნამახვანჰესის გარშემო არსებული არაერთი კითხვის გამო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ცაგერში ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს. იმის გამო, რომ თავდაპირველად შეხვედრა დახურული ფორმატის უნდა ყოფილიყო ცაგერში არ წავიდნენ ე.წ. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ოთხი თვეა კარვებში ცხოვრობენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

სწორედ ამის გამო ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივებთან შესახვედრად ადგილზე წავიდნენ.

"აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია — აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება", — აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია.