მეცნიერებმა 3.5 მილიარდი წლის ქვაში "სიცოცხლის ინგრედიენტი" აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ავსტრალიის წარმოუდგენლად ძველ კლდოვან წარმონაქმნებში ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს, რაც, მათი თქმით, პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს იმ მოლეკულების არსებობისა, რომლებსაც, შესაძლოა, დედამიწაზე პირველყოფილი მიკრობული სიცოცხლისთვის მიეცა დასაბამი.
დასავლეთ ავსტრალიის პილბარას კრატონის 3.5 მილიარდი წლით დათარიღებულ დრესერის წარმონაქმნში აღმოჩენილი მტკიცებულებები გარკვეულწილად განამტკიცებს მნიშვნელოვან მოსაზრებას დედამიწის ამ ნაწილში უძველესი სიცოცხლის არსებობის შესახებ. გარდა ამისა, დრესერის წარმონაქმნი ერთ-ერთია იმ ორი ხელუხლებელი დეპოზიტიდან, რომელიც არქეული ეონით თარიღდება.
უკანასკნელ წლებში დრესერის ჰიდროთერმულ ქვაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს განმეორებითი სიგნალები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადრეული სიცოცხლე ხმელეთზე. მათ ასევე მიაკვლიეს "საბოლოო სამხილს" მიკრობული ბიოსიგნალებისა, რომლებიც 3.5 მილიარდი წლით თარიღდება.
ახალი კვლევის ფარგლებში კი, გერმანიაში მეცნიერებმა შეისწავლეს ნიმუშები და მიაკვლიეს სპეციფიკური ქიმიური რეაქციების კვალს, რომელსაც, შესაძლოა, პირველყოფილი ორგანიზმების წარმოშობისთვის დაედო საფუძველი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს რეაქციები ბიოლოგიურად რელევანტურ ორგანულ მოლეკულებში წარიმართებოდა ბარიტის დეპოზიტში.
"ამ შემთხვევაში, ბარიტები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი განამარხებულ მიკრობულ ორგანიზმებთან და მათი სუნი დამპალი კვერცხისას მოგვაგონებს", — განმარტავს გერმანიის კიოლნის უნივერსიტეტის გეობიოლოგი, ჰელგე მისბახი. "თუმცა, ეჭვი გვაქვს, რომ ისინი შეიცავდნენ იმ ორგანულ ნივთიერებას, რომელიც, შესაძლოა, ადრეული მიკრობულ ორგანიზმებს საკვებად გამოეყენებინათ".
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედონ ორგანულმა მოლეკულები პირველყოფილი მიკრობებისა და მათი მეტაბოლური პროცესებისთვის სუბსტრატად, ამის პირდაპირი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს.
მისბახმა და კვლევაში მონაწილე სხვა მეცნიერებმა ბარიტის ნიმუშების ანალიზისთვის გამოიყენეს აირის ქრომატოგრაფია, მასსპექტრომეტრია, მიკროთერმომეტრია და სტაბილური იზოტოპების ანალიზი. შედეგად მათ აღმოაჩინეს ის, რასაც ისინი "ორგანული მოლეკულების დამაინტრიგებელ მრავალფეროვნებას" უწოდებენ.
ნიმუშებში აღმოჩნდა ისეთი ორგანული შენაერთები, როგორებიცაა ძმარმჟავა, მეთილ მერკაპტანი და სხვა უამრავი აირი, მათ შორის გოგირდწყალბადი.
იმის მიუხედავად, რომ ზუსტი კავშირების დადგენა შეუძლებელია, ამ ჩანართების სიახლოვე ბარიტის ქვასა და მომიჯნავე ორგანული დაგროვებებში — სტრომატოლითებში, გვთავაზობს, რომ უძველესი ქიმიური ნივთიერებებს, შესაძლოა, საწყისი მიკრობული სიცოცხლის ჩამოყალიბებაზე მოეხდინა გავლენა.
"ბარიტში არსებულ სითხეებში ბევრი შენაერთი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც იდეალური სუბსტრატი უნდა ყოფილიყო გოგირდოვანი და მეტანოგენური მიკრობებისთვის", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში.
მეცნიერებმა სხვა შენაერთებიც აღმოაჩინეს ჩანართებში, რომლებსაც, სავარაუდოდ, "საშენი აგურების" როლი უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა ქიმიური რეაქციებში, რომელსაც საფუძველი უნდა დაედო მიკრობული მეტაბოლიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოქმნის გზით.
"სხვა სიტყვებით, მეთილ თიოაცეტატის მთავარი ინგრედიენტები, სავარაუდო კრიტიკული აგენტი სიცოცხლის წარმოშობისთვის, დრესერის გარემოში მოიპოვებოდა", — ხსნის გუნდი.
კომენტარები