პარტია მოქალაქეების ლიდერი და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერენ.

"ჩვენი ხმები, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ ეს 2 ხმა ღარიბაშვილის სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება", — აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოძულე და კონფრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერმინისტრად, ვითარებას ძალიან დაამძიმებს. მას რთულად წარმოუდგენია, რომ ღარიბაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მიღწევას შეძლებს.

მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ორშაბათს კი პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობის კაბინეტს დაამტკიცებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.