მეცნიერებმა მძინარე ადამიანთან კომუნიკაციის საშუალებას მიაგნეს
მკვლევრებმა ახალი ფენომენი, "ინტერაქტიული ძილი" გამოააშკარავეს. ანუ, მძინარე ადამიანებისთვის, რომლებსაც "ფხიზელი" სიზმრები აქვთ ან ღრმა ძილში არიან, მკვლევრებს კომუნიკაცია და ინსტრუქციების მიცემა შეუძლიათ. მძინარე ადამიანები კი ძილის დროს კითხვებზე პასუხებს იძლევიან და მითითებებს ასრულებენ.
ძილის შესახებ ბევრი რამ უცნობია, განსაკუთრებით ბევრი არ ვიცით REM-ზე, ანუ ძილის იმ ფაზაზე, როცა ადამიანები სიზმრებს ხედავენ. ასეთ დროს მძინარე ადამიანებთან კომუნიკაცია, სიზმრებზე და მათ ბუნებაზე უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის.
"ჩვენ შევნიშნეთ, რომ REM ძილის დროს, ადამიანებს ექსპერიმენტატორებთან ინტერაქცია შეუძლიათ", — ამბობს ფსიქოლოგი კენ პალერი, "ჩვენ ისიც ვაჩვენეთ, რომ მძინარე ადამიანებს სხვადასხვა კითხვების აღქმა და პასუხების გაცემის უნარი აქვთ".
ექსპერიმენტების სერია 4 სხვადასხვა ლაბორატორიაში მიმდინარეობდა და მასში 36 ინდივიდი მონაწილეობდა. ერთ მოხალისეს ნარკოლეფსია ჰქონდა და ფხიზელ სიზმრებს (Lucid Dreaming) ხშირად ხედავდა.
ფხიზელი სიზმარი ისეთ სიზმარს ეწოდება, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მას სძინავს და გარკვეულწილად სიზმრის მართვა შეუძლია.
ძილის ყველაზე ღრმა ფაზების მონიტორინგს, მკვლევრები ელექტროენცეფალოგრამის მეშვებოით აკვირდებოდნენ, მძინარე მონაწილეებს კი მკვლევრები სიტყვიერად, შეხებით და სინათლის დანათებით ეკონტაქტებოდნენ. მძინარე მოხალისეებს მეცნიერები სინათლეების დათვლას ან შეხების იდენტიფიცირებას სთხოვდნენ.
მონაწილეები მკვლევრებს პასუხებს თვალების მოძრაობით ან სახის კუნთების მოძრაობით აძლევდნენ. სწორი პასუხის გაცემის შემდეგ, მკვლევრები ექსპერიმენტში მონაწილეებს აღვიძებდნენ და სიზმრის გახსენებას თხოვდნენ. ზოგი მონაწილე მეცნიერების დასმულ კითხვებს სიზმარში რადიოს ხმად აღიქვამდა, ანუ გარემოში მიმდინარე მოვლენებს ისინი სიზმრის ნაწილად აღიქვამდნენ.
კვლევაში, მეცნიერები მძინარე ხალხთან კომუნიკაციას ასტრონავტებთან კომუნიკაციას ადარებენ, სადაც კოსმოსში მყოფ ადამიანებს კითხვები ცოტა დაგვიანებით მისდით და პასუხიც აგვიანებს ხოლმე.
ამ კვლევას მნიშვნელოვანი იმპლიკაციები აქვს. მომავალში, მსგავსი ექსპერიმენტები შეიძლება სიზმრების და მეხსიერების უკეთ შესწავლაში დაგვეხმაროს და შეიძლება ძილის აშლილობების სამკურნალოდაც გამოგვადგეს.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები