თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი თავის საქმიანობას დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით უძღვება, ფინანსების ონლაინ მართვა და ონლაინ გადახდები სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფერომ უკვე განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ონლაინ გაყიდვების პლატფორმები დღესაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ გადაწყვიტეს ისეთი სტარაპის შექმნა, რომელიც მოვაჭრეებს საქმეს გაუმარტივებდა და ონლაინ გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებდა.

რამდენიმე წლის წინ Payze-ს გუნდმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია დააარსა, რომელიც სტარტპებსა და Marketplace-ებს უწევდა მომსახურებას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. გუნდს საქართველოში უკვე ჰქონდა გარკვეული გამოცდილება ისეთი პლატფორმების შემუშავების კუთხით, როგორებიცაა Redmed, ShopShop და Profy. რაც შეეხება აშშ-ს, აქ ისინი მუშაობდნენ რამდენიმე გიგანტურ პლატფორმაზე ელექტრონული კომერციისა და მონაცემთა გასუფთავების მიმართულებით.

"მუშაობის პროცესში მუდმივად ვამჩნევდით, რომ დეველოპმენტის ის ნაწილი, რომელშიც გადახდები უნდა დაინტეგრირებულიყო, დაახლოებით, ერთ თვეს მოითხოვდა, რაც ძალიან დიდი დროა ამ საქმისთვის. იმასაც ვხედავდით, თუ რამდენად სწორად იყო განვითარებული ეს მიმართულება აშშ-ში", — ამბობს გეგა წურწუმია, Payze-ს თანადამაარსებელი.

გუნდის წევრები მალევე მიხვდნენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოვაჭრეები ზედმეტად დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ ონლაინ გადახდებს მაშინ, როდესაც შეეძლოთ, ეს დრო თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის დაეხარჯათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა ბიზნეს სექტორს ამძიმებდა, საჭირო იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სისტემის დემოკრატიზაციას და ბიზნესის მფლობელებს გადახდებზე ნერვიულობას თავიდან ააცილებდა. ასე შეიქმნა დიდი პრობლემის საიმედო გადაწყვეტა — PAYZE.

გუნდის წევრების მიხედვით, მათ ონლაინ გადახდებში "ყველაზე საინტერესო" მეთოდი შემოიტანეს — ეს პლატფორმა გადახდების სისტემას იმდენად ამარტივებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მაღაზიას არ ფლობთ და თქვენს პროდუქტს სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდით, Payze-ს დახმარებით საშუალება გექნებათ, დააგენერიროთ payment link-ები, პროდუქციის ფოტოს აღწერაშივე მიუთითოთ ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელი გადაიხდის თანხას და ეს ინფორმაცია თქვენს ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე მოვა მესიჯის სახით. მესიჯში კი იქნება — გადახდის ინფორმაცია სრულად და მისამართი, სადაც ესა თუ ის პროდუქტი უნდა გაგზავნოთ.

"PAYZE განვითარებას არ წყვეტს. ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს და შესაბამისად, იზრდება ჩვენი შემოსავალიც. ამჟამად, ყოველკვირეული ორციფრიანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ და გვყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი", — ამბობს გეგა წურწუმია.

პლატფორმა, ელექტრონული კომერციიდან, გადახდების მიღების საშულებას თანაბრად აძლევს როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდ ბიზნესებს. გუნდის თქმით, მას აქვს საკმაოდ "სამართლიანი" საკომისიო მოდელი და მცირე ბრუნვის მქონე მოვაჭრეებს ათავისუფლებს გადასახადებისგან, რითაც მათთვის ხელის შეწყობას ცდილობს.

"ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი Bill Splitting ფუნქციაა, რომელიც marketplace-ებს ეხმარება, თანხა ნივთის გამყიდველსა და პლატფორმას შორის ავტომატურად გადაანაწილონ. გარდა ამისა, მოვაჭრეებს ვთავაზობთ გამოწერაზე დაფუძნებული გადახდებისა და QR გადახდების მიღების საშუალაბასაც", — გვიყვება გეგა წურწუმია.

გარდა ამისა, გუნდის წევრები უახლოეს მომავალში საერთაშორისო საგადასახადო პროვაიდერების უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებას ისახავენ მიზნად, რაც მათ საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებისთვის მომსახურების გაწევის საშუალებასაც მისცემს. პლატფორმა იმ ქართულ კომპანიებსაც მოემსახურება, რომლებიც თავიანთი არეალის საერთაშორისო დონეზე გაზრდას გეგმავენ.

Payze-მ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო და მოახერხა რამდენიმე კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პრორამებში მონაწილეობა. 2020 წლის ივლისში მათ თიბისის აპლიკაციების კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს, შემდეგ ლიეტუვის Startup Wise Guys აქსელერატორში მიიღეს მონაწილეობა — სადაც Payze 700 000 ევროდ შეაფასეს და 30 000 ევროს სახით დაფინანსებაც შესთავაზეს. ამ დროს გუნდი 500 Georgia-ს აქსელერატორს შეუერთდა, შემოთავაზებულ დაფინანსებაზე უარი თქვა და 500 Georgia-ს ფინალში გადასასვლელად დაიწყო ბრძოლა.

"ეს პროექტი გვეხმარება გავარკიოთ, თუ რომელ მიმართულებას უნდა დავუთმოთ მეტი ყურადღება და დავინახოთ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სტარტაპს განვითარებისთვის. ახლა უკვე კონკურსის ხუთეულში ვართ. მიღწეული წარმატებით ძალიან ვამაყობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ", — ამბობს გეგა წურწუმია.

დამატებით, Payze Seedstar World კონკურსის ფინალშია და მისი გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ აქაც შეძლებენ პირველი ადგილის მოპოვებას სხვადასხვა რეგიონის სტარტაპებს შორის.

მარჯვნივ Payze-ის დანადამფუძნებელი გეგა წურწუმია

მარჯვნივ Payze-ის დანადამფუძნებელი გეგა წურწუმია

ფოტო: Seedstar

რაც შეეხება სტარტაპების განვითარებისთვის არსებულ გარემოს ჩვენს ქვეყანაში, გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ — GITA-მ. 500 Georgia-მ კიდევ უფრო განავითარა ეს მიმართულება და მან ხელი შეუწყო ქართულ სტარტაპებს სერიოზულ ბიზნესად ფორმირებაში და ამ გზით მოახერხა სტარტაპების წახალისება. აქედან გამომდინარე, გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ GITA-ს და 500 Georgia-ს დამსახურებით, საქართველოში სტარტაპების განვითარებისთვის საკმაოდ ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე Payze-ს ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს, ამ პლატფორმას ირიბი კონკურენტები მაინც ჰყავს საქართველოსა და კავკასიაში არსებული გადახდების სერვის პროვაიდერების სახით. თუმცა, როგორც გეგა წურწუმია ამბობს, მათი დანიშნულება Payze-ს დანიშნულებისგან გარკვეულწილად განსხვავდება. რაც შეეხება უცხოურ ბაზარს, აქ ქართულ პლატფორმას ბევრი კონკურენტი ყავს. ასეთებია: Stipe, Checkout, Paystack და ა.შ.

"Payze ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი არაერთ მოვაჭრეს შეუმსუბუქებს საზრუნავს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია, მოვარგოთ გადახდები ბიზნეს მოდელს და არა პირიქით", — ამბობენ Payze-ში.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, როგორც უკვე ვახსენეთ, იგივე პრობლემა დგას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ამიტომ Payze უცხოური ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.