კორონავირუსის პანდემიამ ბიზნესის გაციფრულება კიდევ უფრო დააჩქარა. ეს საბანკო სფეროსაც შეეხო და მისი გაციფრულება აქტიურად დაიწყო.

ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მრავალი გარიგება, რაც თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, რამდენიმე კვირაში შედგა. ამით ბანკებმა ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს.

"ორი წლის განმავლობაში გვქონდა ბანკთან მოლაპარაკებები. ეს პროცესი სულ უფრო იწელებოდა, შემდეგ პანდემიასთან დაკავშირებული ჩაკეტვები გამოცხადდა და სულ რამდენიმე თვეში გარიგება შედგა", — თქვა არვინდ ნაჰატამ, Decimal Technologies-ის დამფუძნებელმა, რომელიც ბანკების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობს.

ბენგალურუში დაფუძნებული Decimal Technologies ბანკებსა და არასაბანკო ფინანსურ კომპანიებს მომსახურების გაციფრულებაში აქტიურად ეხმარება. არვინდმა ასევე დასძინა, რომ ეს საკმაოდ დიდი გარიგება იყო და მან ხუთწლიანი კონტრაქტი მოიცვა.

ბანკები ტექნოლოგიურ კომპანიებს ეყრდნობიან

ბანკები თავიანთ ტექნოლოგიურ გარე მომსახურებას ძირითადად ისეთ კომპანიებთან აწარმოებენ, როგორიცაა; Infosys, TCS, Oracle, FSS, FIS, Euronet და სხვები. ამ კომპანიების ძლიერი მხარე ტექნოლოგიებია. ისინი ბანკებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტების დამზადებაში ეხმარებიან. ბანკები კი ამით, თავის მომსახურებას უფრო ავითარებენ.

როგორც წესი, კერძო ბანკები ახალ ტექნოლოგიებს საჯარო სექტორზე უფრო სწრაფად ითვისებენ. ამასთან, ახალი კრედიტორები, როგორიცაა მცირე საფინანსო ბანკები, IDFC ბანკი და Bandhan ბანკი, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიურ სისტემებს. ამით ისინი ფინტექ კომპანიებს და სტარტაპებს კონკურენციასაც უწევენ.

ნაჰატას თქმით, ბანკები საკრედიტო პორტფოლიოებს სწრაფი ტემპით აციფრულებენ და ამით მომსახურებას კიდევ უფრო ხვეწენ. ამან კი, ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა Decimal Technologies, ახალი ბიზნეს შესაძლებლობები შეუქმნა.

i-exceed

ახალი ბანკების ლიცენზირების თვალსაზრისით, ბენგალურუში დაფუძნებული პროგრამული გადაწყვეტის კომპანია i-exceed თანამშრომლობს India Post Payments Bank-თან, რომელსაც ინდოეთის სოფლებისთვის საბანკო მომსახურებების მიწოდება სურს.

i-exceed-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ სუნდარარარაჯანი ამბობს, რომ ყველა ის, ვინც პანდემიამდე გაციფრულების პროცესს კრიტიკულად უყურებდა, ახლა თავად მუშაობს პროდუქტების გაციფრულებაზე.

სარგებელი

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტების განხორციელება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ექსპერტების თქმით, ინსტიტუციები ხარჯებს მაინც უფრთხილდებიან. ძირითადად, ბანკებს დიდი თანხების წინასწარ გადახდა არ სურთ.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ პროცედურული გადახდები გვაქვს. ეს ბანკებს ნაწილობრივ გადახდაში ეხმარება." — ამბობს ნაჰატა.

ფაქტი სახეზეა, ეს ყველაფერი მუშაობს. მხარეები სარგებელს იღებენ და ამის ხარჯზე მომსახურებაც უმჯობესდება.

2020 წელს, სტარტაპები და ფინტექ კომპანიები ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ვნახოთ რა იქნება 2021-ში.

თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.