Exynos 2100 VS Snapdragon 888 — სამსუნგი კონკურენტს ისევ ჩამორჩება
წლებია, სამსუნგი თავის სმარტფონებს ორი განსხვავებული ჩიპსეტით გვთავაზობს. ჩვენ ბაზარზე ის Exynos პროცესორებითაა წარმოდგენილი, ხოლო ამერიკაში თავს Snapdragon-ით იწონებს.
ეს დაუსრულებელი კონკურენცია ქმნის ხარისხის მაღალ სტანდარტს და სამსუნგი მუდამ ცდილობს, რომ თავის ამერიკელ კონკურენტს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს. გასული წლის Exynos 990 წარმადობითა და განსაკუთრებით ენერგოეფექტურობით საგრძნობლად ჩამორჩებოდა Snapdragon 865-ს.
წელს სიტუაცია შეიცვალა, Exynos 2100 საკმაოდ დიდი ნახტომი აღმოჩნდა 990-ის შემდეგ და თითქმის Snapdragon 888-საც კი გაუტოლდა.
ჩატარებული სინთეტიკური ტესტებიდან, რომლებსაც Golden Reviewer გვთავაზობს, ვიგებთ, რომ ექსინოსის Cortex-X1 მთავარი ბირთვი 7%-ით ჩამორჩება სნეპდრაგონის ანალოგიურ ბირთვს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკულ კომპანიას ჩიპსეტის ოპტიმიზაციის მეტი გამოცდილება აქვს. თუ ტესტებში მოცემულ რიცხვებს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საშუალო წარმადობის Cortex-A78 ბირთვები სამსუნგის შემთხვევაში უფრო ძლიერია, თუმცა ეს ყველაფერი იმის ხარჯზე ხდება, რომ სამსუნგი 52%-ით მეტ დენს აწვდის ჩიპსეტს, რასაც საბოლოოდ იმ შედეგამდე მივყავართ, რომ პროცესორი უფრო მალე ხურდება და მისი ენერგოეფექტურობაც იკლებს. თუ კი ამ ყველაფერს რიცხვებში გამოვსახავთ, მივიღებთ, რომ Snapdragon 888 თითოეული მოხმარებული ვატის მიხედვით 12%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე კორეელი კონკურენტი.
სამსუნგის პრობლემა ყოველთვის შედარებით ნელი გრაფიკული ამაჩქარებელი, იგივე GPU იყო, რაც წლევანდელ ჩიპსეტებზეც აისახა, თუმცა ამის გამოსასწორებლად ისინი უკვე მუშაობენ AMD-სთან და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Mali-ს ვიდეობარათებს სამსუნგის მომავალ სმარტფონებში ვეღარ ვიხილავთ.
აღსანიშნია ის ფაქტი, რომ გასულ წელთან შედარებით სხვაობა სნეპდრაგონიან და ექსინოსიან სამსუნგებს შორის საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ის ვერსია შეიძინოთ, რომელიც თქვენ გსურთ და კონკრეტულად ამერიკული ვერსიის ყიდვაზე აღარ იწვალოთ.
კომენტარები