როდესაც იმის განსაზღვრაზე მიდგება საქმე, თუ რა გავლენას მოახდენს გლობალური დათბობა დედამიწისა და კაცობრიობის მომავალზე, ამ მხრივ სამხრეთის ოკეანე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად პლანეტის ყველაზე ნაკლებ შესწავლილი რეგიონია. ამ ოკეანის მნიშვნელობას ცალსახად განაპირობებს მისი უნარი, შთანთქას უზარმაზარი რაოდენობის სითბო და ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან. გარდა ამისა, ანტარქტიდის ყინულების დნობის შედეგად გამოთავისუფლებული წყალი სწორედ აქ ჩაედინება.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გააანალიზეს, თუ რამდენად მყიფეა ანტარქტიდის ყინულის ფენები და რამდენად დიდი საფრთხე ემუქრება მათ, უფრო აქტიურად დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ იცვლება სამხრეთის ოკეანე ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად. აღნიშნული ყინულის საფარის სამხრეთის ოკეანეში გამოთავისუფლება გამოიწვევს მსოფლიო ოკეანის დონის მატებას და სანაპიროების დატბორვას.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში, ანტარქტიდის გარშემო მდებარე წყლის ქვედა ფენები იმაზე სწრაფად თბება, ვიდრე აქამდე მეცნიერებს ეგონათ. მეტიც, კვლევაში წერია, რომ ეს ფენები დროთა განმავლობაში ზედაპირისკენ გადმოინაცვლებენ იმაზე 3-10-ჯერ უფრო მეტი სიჩქარით, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთის ოკეანის წყალმა, რომელიც აბსორბციის გზით ითვისებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ უზარმაზარი რაოდენობით სითბოსა და ნახშირორჟანგს დედამიწის ატმოსფეროდან, შესაძლოა მალე ანტარქტიდის ყინულების დაშლასაც შეუწყოს ხელი.

ფოტო: https://www.washingtonpost.com/

ავსტრალიისა და საფრანგეთის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება 25 წლიან დაკვირვებებს, რომლებსაც ატარებდნენ საფრანგეთის გემიდან L’Astrolabe, ზედაპირიდან 800 მეტრის სიღრმეზე. ეს გემი წელიწადში რამდენჯერმე ტასმანიიდან ანტარქტიდისკენ მიემართება და Dumont d’Urville-ის კვლევით სადგურს ამარაგებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ათწლეულში ტემპერატურა 0.04o C-ით იმატებს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანტარქტიდის ქვედა ფენების დათბობა ნორმალური პროცესია. ამავდროულად, შედარებით თბილი წყალი, რომელიც ცივი წყლის ფენების ქვემოთაა მოთავსებული, ოკეანის ზედაპირისკენ მოიწევს ათწლეულში 0.04 კილომეტრი სიჩქარით. თუ იმ წყლის ფენების ტემპერატურა, რომლებიც ანტარქტიდის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილდებიან, შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს არათუ უმნიშვნელო, არამედ "რადიკალური" ცვლილებაა თავის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ანტარქტიდის მყინვარებს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საზრუნავს ემატევა ისიც, რომ ამ წყლებში ტემპერატურის ოდნავმა ცვლილებამაც კი შესაძლოა დრამატულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ანტარქტიდის გარშემო მოძრავი წყლის შედარებით ქვედა ფენების გაყინვის ტემპერატურა, მაღალი წნევისა და მარილიანობის გამო, 0oC-ზე უფრო დაბალია. ამ თვისების საშუალებით კი აღნიშნულ წყლებს დაბალ ტემპერატურებზეც კი შეუძლიათ ყინულის გადნობა.

გარდა ამისა, კვლევა ასაბუთებს, რომ აღებულ მონაცემებს შორის სხვაობა ემთხვევა იმ სხვაობის სიდიდეს, რომელიც ამუნდსენ-ბელინგსჰაუზენის ზღვებში აღმოაჩინეს დასავლეთ ანტარქტიდაში, სადაც მიმდინარეობს კონტინენტის ყველაზე დრამატული და ინტენსიური ყინულის კარგვა.

"ჩვენ არ შეგვიძლია იმის წინასწარ განსაზღვრა, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესები ანტარქტიდაზე მომავალში, თუმცა ცვლილებები რომლებსაც ახლა ვაკვირდებით, სწორედ ამისკენაა მიმართული", ამბობ კვლევის თანაავტორი მეტის ოგერი, სორბონას უნივერსიტეტის მკვლევარი. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოკეანე მეტად მგრძნობიარეა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების მიმართ. ამ ცვლილებებმა შესაძლოა მომავალში უფრო ინტენსიური სახე მიიღოს, რაც დიდ გავლენას მოახდენს ანტარქტიდის ყინულის საფარის სტაბილურობაზე, გლობალურ ცირკულაციაზე, მსოფლიო ოკეანისა და ზღვების დონეზე".

სანკი შმიდკო, კლიმატის მეცნიერი ჰემჰოლცის ოკეანის კვლევის ცენტრიდან კილში, გერმანიაში, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, ამბობს, რომ სამხრეთის ოკეანის სხვა ნაწილებში დამატებითი დაკვირვებების ჩატარება შეავსებს გარკვეულ სიცარიელეებს, რასაც აღნიშნულ კვლევაში ვაწყდებით. ის ფიქრობს, რომ სწრაფ დათბობას შესაძლოა სხვა ახსნაც მოეძებნოს და სწორედ მათი გამორიცხვის მიზნით საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.

თუმცა, ის ახალ მონაცემებს დათბობისა და წყლის ზედა ფენების ამოზიდვის შესახებ "შემაშფოთებელს" უწოდებს რამდენიმე წლის წინ მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებთან შედარებით და ამბობს, რომ თუ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აღნიშნულმა წყლებმა "შესაძლოა სავალალო გავლენა იქონიონ ანტარქტიდის არაერთ მყინვარზე".