ოკეანეების დათბობამ, შესაძლოა, ზღვის ვარსკვლავების განადგურება გამოიწვიოს
უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც მისტიკურმა გამანადგურებელმა დაავადებამ მოიცვა წყლის სამყარო და თითქმის სრუალიად გაანადგურა ზღვის ვარსკვლავების პოპულაცია მთელ მსოფლიოში. მათი ზოგიერთი სახეობა უკვე გადაშენების ზღვარზე დგას.
კორნელის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ ზღვის ვარსკვლავის გამანადგურებელილ დაავადების (SSWD) მსხვერპლები, შესაძლოა, რესპირატორული სისტემის აშლილობით იტანჯებოდნენ და თავიანთ საცხოვრებელ გარემოშივე იხრჩობოდნენ. ამის გამოწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, არის გაზრდილი მიკრობული აქტივობა, რასაც, თავის მხრივ, იწვევს მათ მახლობლად დაგროვილი ორგანული ნივთიერებები და ტემპერატურის მატება ოკეანეში. ეს ყველაფერი ამ ქმნილებებს სუნთქვის შესაძლებლობას უკარგავს.
"ადამიანების მსგავსად, ზღვის ვარსკვლავების სუნთქავენ და მათ ორგანიზმშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა", — ამბობს იან ჰიუსონი, მიკრობიოლოგიის პროფესორი კორნელის უნივერსიტეტში. "თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ეს ორგანიზმები ჟანგბადს გარემოდან დიფუზიის გზით, სხეულის ზედაპირზე განლაგებული პატარა სტრუქტურების საშუალებით იღებენ. ამ სტრუქტურებს პაპულა ეწოდება, ან კანის ლაყუჩი. თუ მის გარშემო არასაკმარისი ჟანგბადია, ზღვის ვარსკვლავი წყვეტს სუნთქვას", — განმარტავს იგი.
ეს კვლევა, რომელიც "იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ სწორედ მიკროორგანიზმები იწვევენ ზღვის ვარსკვლავის გამანადგურებელ დაავადებას", ჟურნალ Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.
ჰიუსონის მიხედვით, ოკეანეში შექმნილი პირობები იწვევს უჩვეულო რაოდენობის ორგანული ნივთიერებების წარმოქმნას, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ბაქტერიების გამრავლება, თავის მხრივ, ამცირებს ჟანგბადის კონცენტრაციას. ეს ცოცხალი ორგანიზმები ქმნიან ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე მიკროგარემოს, რომელიც გარს არტყამს ზღვის ვარსკვლავებს და ხელს უშლის მათ სუნთქვაში, იწვევს მათ გაუფერულებას, შეშუპებასა და კიდურების დაგრეხვას.
"ოკეანის გარემოს ცვლილება მთელ რიგ პრობლემებს იწვევს", — ამბობს ჰიუსონი. ორგანული ნივთიერებების უდიდესი ნაწილი მოდის წყალმცენარეებიდან გამოჟონილ ნივთიერებებზე, ზოოპლანქტონის ექსკრეციის პროდუქტსა და ზღვის ცხოველების გვამებზე. ამ ნივთიერებებზე გამრავლებას იწყებს ბაქტერიათა ჯგუფი, რომლებსაც ქოფიოტროფებს უწოდებენ. ისინი მოიხმარენ ჟანგბადს და სწრაფად ითვისებენ ორგანულ ნივთიერებებს.
ჰიუსონი განმარტავს, რომ ქოფიოტროფები სუნთქავენ, ამიტომ როდესაც ისინი ითვისებენ ორგანულ ნივთიერებებს, ასევე ამცირებენ ჟანგბადის კონცენტრაციას ზღვის ვარსკვლავის საარსებო გარემოში.
"თუ ცოცხალი და ჯანმრთელი ზღვის ვარსკვლავის გვერდით არის მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც ლპება, მაშინ მასზე ბაქტერია იწყებს გამრავლებას და ქმნის ჰიპოქსიურ (უჟანგბადო) გარემოს ზღვის ვარსკვლავის ირგვლივ", — ამბობს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესასწავლად კიდევ ბევრი სამეცნიერო კვლევაის ჩატარებაა საჭირო, აღნიშნული კვლევა "ზღვის დაავადებების ეკოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. კონკრეტულად კი ეს პათოგენურ დაავადებებს ეხება",— ამბობს ჰიუსონი. "ახლა ჩვენ ის მიკროორგანიზმები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც არაპირდაპირი გზით იწვევენ ამ პათოლოგიას, რადგან სავარაუდოდ, სწორედ ისინი ახდენენ ყველაზე დიდ გავლენას ზღვის ვარსკვლავების ჯანმრთელობაზე", — განმარტავს იგი.
კომენტარები