ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა ამნისტია, რომელიც ჯამში 1 500-ზე მეტ ადამიანს ეხება — როგორც მსჯავრდებულებს, ასევე, ბრალდებულებს. მათი ნაწილი სასჯელისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მთლიანად თავისუფლდება, ნაწილს კი უმცირდება სასჯელი ან ეცვლება უფრო მსუბუქი სასჯელით.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთაზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში. თუმცა მსჯავრდებული ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება, თუ ის სასამართლომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დააჯარიმა და თანხა გადახდილი არ არის. ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელ ნაწილზე.

ამნისტია ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ბრალდებულები ან მსჯავრდებულები არიან იმ დანაშაულის მომზადებასა ან მცდელობისთვის, რომლებსაც ეს ამნისტია მოიცავს.

ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულების უმეტესობას ამნისტია შეეხება კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმ მუხლების შემთხვევაში, რომლებზეც ამნისტიის გასავრცელებლად აუცილებელია კონკრეტული პირობის შესრულება, განსაზღვრულია მაქსიმუმ 6-თვიანი ვადა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, თუ დანაშაული 11 დეკემბრამდეა ჩადენილი, მაგრამ ბრალი ადამიანს ამის შემდეგ წარედგინა, ამნისტიის გავრცელება მაინც შესაძლებელია, თუმცა იგივე ვადებში.

ამნისტია არ ეხება მკვლელობას, თუმცა გულისხმობს სასჯელის შემსუბუქებას ძალადობისთვის. კანონის საბოლოო ვარიანტში არ არის ჩაწერილი ამნისტია იმ პირებისთვის, რომლებიც ოჯახში დანაშაულისთვის არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები.

კანონი ეხება ნარკოდანაშაულსაც. მათ შორის, გათვალისწინებულია 20-წლიანი პატიმრობა იმ ადამიანებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.

იმის გასარკვევად, როგორ უნდა ისარგებლონ ადამიანებმა ამნისტიით, On.ge იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ იმ პირის პირად საქმეს, ვისაც ეხება ამნისტია, კანონით დადგენილი წესით, ამნისტიის პროექტით დადგენილ ვადაში უგზავნიან სასამართლოს და პირის გათავისუფლება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მათივე თქმით, ამისთვის არ არის საჭირო თავად მსჯავრდებულს ან პრობაციონერის განცხადება.

ხოლო იმ შემთხვევებში, როცა სასჯელისგან გათავისუფლება ან შემცირება დამოკიდებულია დაზარალებულის თანხმობაზე, საჭირო იქნება თანხმობის დოკუმენტის წარდგენა.

ვინ გათავისუფლდება სასჯელისგან

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული:

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
  • ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით;
  • ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა;
  • გაფიცვის უფლების ხელყოფა;
  • შრომის თავისუფლების ხელყოფა;
  • წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება;
  • ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით;
  • ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;
  • პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;
  • საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას;
  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას;
  • საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
  • გულგრილობა;
  • ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
  • ხულიგნობა;
  • სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა;
  • ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება — გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა;
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება;
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა;
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა — დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის;
  • იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება;
  • ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა;
  • სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა;
  • უკანონო თევზჭერა;
  • უკანონო ნადირობა;
  • წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება;
  • სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება;
  • დეზერტირობა;
  • სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაულები:

  • ქურდობა;
  • მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა;
  • ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი;
  • სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.

შემდეგი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირი, თუ თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • თაღლითობა;
  • მითვისება ან გაფლანგვა;
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება.

შემდეგი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირი, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი:

  • საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა;
  • სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა.

შემდეგი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, თუ თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (გარდა ოჯახური დანაშაულისა);
  • ძალადობა (გარდა ოჯახური დანაშაულისა);
  • შრომის დაცვის წესის დარღვევა;
  • მომხმარებლის მოტყუება;
  • უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება;
  • ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
  • ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემდეგი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირი, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა;
  • ცრუ მეწარმეობა;
  • სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება;
  • ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;
  • სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია;
  • სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, აგრეთვე სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შემდეგი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი:

  • ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით;
  • კრედიტის უკანონოდ მიღება;
  • ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება.

დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება მანამდე ნასამართლეობის არმქონე პირს, თუ მას ჩადენილი აქვს შემდეგი დანაშაულები:

  • სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე
  • ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა
  • დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა — გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა

იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მუხლებისთვის ნასამართლევ ადამიანებს შეეხოთ ამნისტია, უნდა იყვნენ ნასამართლეობის არმქონეები. იმ შემთხევაში, თუ ამ მუხლებით მსჯავრდებულები ან ბრალდებულები აქამდეც იყვნენ გასამართლებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ეს ნასამართლეობა მოეხსნებათ და ჩაითვლებიან მანამდე ნასამართლეობის არმქონეებად.


ვის შეუმცირდება სასჯელი

შემდეგი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირს, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება;
  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან — გარდა ოჯახური დანაშაულისა;
  • ქურდობა — დიდი ოდენობით; რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
  • თაღლითობა — რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დიდი ოდენობით;
  • მითვისება ან გაფლანგვა — რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დიდი ოდენობით;

  • ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით — ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით;

  • უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას;
  • ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;

  • მომხმარებლის მოტყუება — დიდი ოდენობით; ჯგუფის მიერ; იგივე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ.


შემდეგი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირს, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი:

  • მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
  • გადასახადისთვის თავის არიდება.

სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს შემდეგი დანაშაული:

  • საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა;
  • საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა;
  • ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული;
  • პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება — დიდი ოდენობით; განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ჯგუფის მიერ; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება მანამდე ნასამართლეობის არმქონე ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს შემდეგი დანაშაული:

  • ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა — გარდა გასაღებისა;
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა — გარდა გასაღებისა.

შემდეგი დანაშაულისთვის სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ადამიანს, თუ თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში — ჯგუფურად; არაერთგზის — გარდა ოჯახური დანაშაულისა.

შემდეგი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირს, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი:

  • საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით;
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება.

შემდეგი დანაშაულისთვის სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება მანამდე ნასამართლეობის არმქონე ადამიანს, თუ თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • დანაშაულის პროვოკაცია
  • დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება

შემდეგი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება მანამდე ნასამართლობის არმქონე პირს, თუ მან აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია:

  • სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება — დაუხმარებლობა;
  • ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
  • უკანონო აბორტი;
  • ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება;
  • სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა;
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით — დიდი ოდენობით; რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
  • წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება — გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა;
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება — არაერთგზის; ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით — გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა;
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
  • ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
  • სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
  • ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვის შეეცვლება სასჯელი

გარდა ამისა, ამნისტიის კანონის ამოქმედების მომენტისთვის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვლება შინაპატიმრობით. თუ მას სასჯელიც უმცირდება, შინაპატიმრობაში იქნება დარჩენილი სასჯელით. ხოლო ბრალდებულმა ქალმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიესჯება პატიმრობა, სრული სასჯელი უნდა მოიხადოს შინაპატიმრობით, თუ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და გასამართლებულია შემდეგი მუხლებისთვის: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში ან ნარკოტიკული დანაშაული — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას. ეს ორივე დათქმა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ქალი ამავე კანონით სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელისგან.

სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებული ან ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, ქალს საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულისთვის სასჯელი შეეცვლება იმ შემთხვევაში, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვლებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც პასუხისმგებლობისგან სრულად არ თავისუფლდებიან, მაგრამ არიან სტუდენტები. თუ ამავე კანონით მათ სასჯელი უმცირდებათ, შინაპატიმრობაში იქნებიან შემცირებული ვადით. მათ ამნისტია შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ გასამართლებულები არიან შემდეგი მუხლებით: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, ნარკოტიკული დანაშაული — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას.

აღსანიშნავია, რომ მათ ამნისტია არ შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან სტუდენტის სტატუსს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებენ. ამასთან, საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულისთვის სასჯელი იცვლება მაშინ, თუ მსჯავრდებულმა აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ეს ამნისტია ეხება ან უკვე თავისუფალია სასჯელისგან, აღუდგება კანონით ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ბრალდებული, მაგრამ საქმე გამოძიების სტადიაზეა და სასამართლო განხილვები დაწყებული არ არის, ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, ხოლო სასამართლო განხილვის სტადიაზე — სასამართლო.

პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, აქვს ერთჯერადად გასაჩივრების უფლება და სასამართლო ამას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძეა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებას ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იღებენ.