ფოტოგრაფიის საერთაშორისო ჯილდო (IPA) ყოველწლიური კონკურსია, რომელშიც პროფესიონალი, მოყვარული და სტუდენტი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ. გამარჯვებული $10 ათას დოლარს იღებს, თუმცა, გარდა ამისა, 13 კატეგორიის პრიზიორები "წლის აღმოჩენის" ტიტულის მოსაპოვებლადაც იბრძვიან. ამასთან, ყოველწლიურად კონკურსის ორგანიზატორები იწვევენ კურატორს, რომლის მიერ შერჩეული 20-25 ფოტონამუშევარი საგანგებო ცერემონიაზე გამოიფინება.

წლეულს კურატორი ენ მორინი იყო, რომელმაც 2020 წლის კონკურსიდან ბუდაპეშტში გამოსაფენად თავისი 16 ფავორიტი სურათი აარჩია. მათ შორის ერთ-ერთი ნიდერლანდებში მცხოვრები წარმოშობით ირანელი ფოტოგრაფის, ჰოსეინ ფერდინფარდის, წყალტუბოში გადაღებული ფოტოა, რომელზეც აფხაზეთიდან დევნილი ქალია გამოსახული.

ფოტო: Hossein Fardinfard

გარდა იმისა, რომ სურათმა მორინის მოწონება დაიმსახურა, დოკუმენტური ფოტოსერია, რომლის ნაწილიც ისაა, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა ორ ნომინაციაში — "ადამიანები" და "პორტრეტები".

"დოკუმენტური პორტრეტების კარგ სერიას არასდროს ვუჩიოდით, მათგან ბევრი ომით გახლეჩილ ქვეყნებსა და დევნილებზეა, თუმცა ამ ფოტოსერიამ ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია", — ამბობს ჟიურის წევრი, ლუიზა ჯ. კერტისი, — "ამ გაჭირვებული ადამიანების დანახვა და მათი ისტორიის წაკითხვა დამაფიქრებელი იყო და, თუმცაღა საცხოვრებლად გამოყოფილი უზარმაზარი სივრცის გარდა მათ არაფერი გააჩნიათ, ისინი მაინც მომხიბვლელ და მოკრძალებულ ადამიანებად გამოიყურებიან".

ფოტო: Hossein Fardinfard

ფოტო: Hossein Fardinfard

როგორც კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფოტოსერია, სიმბოლური სახელით — შუქშენიღბვა — 2019 წელს არის შექმნილი, ნამუშევრები კი წყალტუბოშია გადაღებული. წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში ის ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც საკუთარი სახლის და მშობლიური აფხაზეთის დატოვება გასულ საუკუნეში მოუხდათ.

ფოტო: Hossein Fardinfard

"წყალტუბო, საქართველო. საუკუნეების წინ ამ ქალაქს სამკურნალოდ სტუმრობდნენ. საბჭოთა პერიოდში კი იგი მოსკოვიდან ჩამოსულ სტუმრებსაც ემსახურებოდა", — წერს ფოტოგრაფი და ყურადღებას ქალაქში არსებულ დაწესებულებებზე ამახვილებს, რომელთაგან რამდენიმე სტალინის საკუთრებაშიც კი იყო, — "ელეგანტური შენობები დღეს შელახულია და ბალახს დაუფარავს. დაწესებულებები 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიხურა. ამავე დროს, ქვეყნის შეცვლილმა პოლიტიკურმა კურსმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან დაძაბულობა გამოიწვია, რის შედეგადაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ასობით ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლი მიატოვა. მათი ნაწილისთვის კი თავშესაფრად მიტოვებული სანატორიუმის მომცრო ოთახები იქცა".

ფოტო: Hossein Fardinfard

ფერდინფარდის შთამბეჭდავი ფოტოსერიის სრულად დათვალიერება ხელოვანის ვებგვერდზე შეგიძლიათ, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ჯილდოს სხვა გამარჯვებულების შესახებ კი კონკურსის ოფიციალური გვერდიდან შეიტყობთ.