Pfizer VS Moderna — რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის
2020 წლამდე, ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინის რეკორდი 1960-იანებში დამყარდა, როცა მეცნიერებმა ყბაყურის ვაქცინა მხოლოდ 4 წელში შექმნეს. COVID-19-ის ვაქცინის შექმნას კი, რეალურად, 1 წელიც კი არ დასჭირდა. ეს გლობალური კოლაბორაციით და სწრაფი კლინიკური ტესტების დამსახურებით გახდა შესაძლებელი.
Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინა ერთმანეთს ჰგავს. პირველ რიგში, ორივე უახლეს mRNA მოქმედებას ემყარება. mRNA ვაქცინები ჩვენს უჯრედს, კორონავირუსის "სპაიკ ცილის" დახმარებით, ერთგვარ ინსტრუქციას სთავაზობენ. იმუნიზებული ადამიანის სხეული სწავლობს სპაიკ ცილას, იმახსოვრებს მას და ვირუსთან ხელახლა შეხვედრის შემთხვევაში, მომზადებულია და ანტისხეულები აქვს.
მსგავსებების მიუხედავად, ორ ვაქცინას შორის განსხვავება მაინც არის. პირველ ყოვლისა, Pfizer-ის ვაქცინა -80-იდან -60 გრადუსამდე გარემოში ინახება, Moderna-სი კი -25-დან -20 გრადუსამდე პირობებში. კლინიკური ტესტები აჩვენებს, რომ Pfizer-ის ვაქცინას 95%-იანი ეფექტიანობა აქვს, ხოლო Moderna-ს — 94,5. Pfizer-ის ვაქცინა 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდით უნდა გაზავდეს, Moderna-ს კი გაზავება არ სჭირდება.
განსხვავებულია დოზებიც:
Pfizer-ის ვაქცინა ადამიანს ორჯერ, 21 დღის ინტერვალით, 30 მიკროგრამი დოზით უნდა მიეწოდოს. Moderna-ს ვაქცინაც 2-ჯერ, თუმცა,100 მიკროგრამიანი დოზით, 28 დღის დაშორებით.
ორივე ვაქცინას, ხანდახან, მცირე გვერდითი ეფექტები ახლავს, როგორიცაა დაღლილობა, კუნთების ან თავის ტკივილი, ციება და სიცხე. არსებობს ალერგიული რეაქციის შემთხვევებიც. მაგალითად, აშშ-ში კლინიკური ტესტებისას, 353 ადამიანს ვაქცინაზე "უარყოფითი" რეაქცია ჰქონდა, აქედან "სერიოზული", რომელიც დამატებით ყურადღებას საჭიროებდა, მხოლოდ 8 შემთხვევა იყო. ეს რიცხვი პრაქტიკულად მიზერულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1,9 მილიონზე მეტი დოზა გაიცა.
ხშირად ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრისას, სკეპტიკოსები მიანიშნებენ, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობა მხოლოდ 1%-ია, ანუ ინფიცირებულთა 99% გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი დამაიმედებლად ჟღერს, 1% ძალიან ძალიან დიდი რიცხვია. რეალურად, COVID-19-ის ზუსტი სიკვდილიანობა არც კი ვიცით, რადგან ეს რიცხვი ასაკის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების მიხედვით ვარირებს.
სიკვდილი ინფექციის ყველაზე ტრაგიკული შედეგია, თუმცა COVID-19-ის "მსუბუქ" შემთხვევებშიც კი, გვერდითი ეფექტები დიდი ხნის მანძილზე შეიძლება დარჩეს. ექიმებმა შენიშნეს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გულზე და ფილტვებზე პერმანენტული ზიანი აღინიშნება ხოლმე. მარტივად რომ ითქვას, ფართო მასშტაბიანი იმუნიზაცია მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
კომენტარები