"ვერ ხედავთ, მაგრამ გიღიმით" — კოვიდთან მებრძოლი ექიმები
ბოლო დროს მათ სახეებს იშვიათად ვხედავთ. გვესმის მხოლოდ ხმა სპეციალური ტანსაცმლიდან და ვცდილობთ დავინახოთ თვალებიც, სადაც პასუხს ამოვიკითხავთ — დადებითი ან უარყოფითი. სამყაროს იმედიანადაც სწორედ მათი თვალებით ვუყურებთ.
ისინი არიან 2020 წლის მთავარი გმირები — ექიმები და ექთნები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან კორონავირუსს.
On.ge გაგაცნობთ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც დღემდე ჩართულები არიან კორონავირუსთან ბრძოლაში და თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, დაღლილობასა და სტრესს არ უშინდებიან
პედიატრსა და ბავშვთა ინფექციონისტს, ნინო ყურაშვილს ამ ბრძოლაში ჩართვა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი.
"ცოტა შიშის გრძნობაც მქონდა, სრულიად უცნობ, არაპროგნოზირებად ინფექციას როგორ გავუმკლავდებით-მეთქი, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, იქ შეშინებული პაციენტი დამხვდებოდა, ვუთხარი საკუთარ თავს, რომ შიშის უფლება არ მქონდა", — ამბობს ექიმი On.ge-სთან.
28 წლის ია ჯალაღონიას კი კოვიდთან ბრძოლა ერთდროულად ორ ფრონტზე მოუწია — ბლოკში პაციენტებს მაშინაც მკურნალობდა, როცა თავადაც ინფიცირებული იყო.
"ჩემთვის განსაკუთრებით ბუნებრივი აღმოჩნდა Covid ინფიცირებულებთან ექიმის სტატუსით შეხვედრა, ვინაიდან რამდენიმე კვირით ადრე თავადვე მომიწია პაციენტის როლის მორგება არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად. მათთან ერთად განვლილმა მკურნალობის დამღლელმა და რთულმა გზამ მომცა ყველაზე დიდი პრაქტიკა, მასწავლა Covid ინფიცირებულთან სწორი კომუნიკაცია", — ამბობს ია ჯალაღონია.
ექიმი ია ჯალაღონია
ფოტო: ია ჯალაღონია
ექიმი ია ჯალაღონია
ფოტო: ია ჯალაღონია
"გადაწყვეტილება მიღებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!" — ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა და ბავშვთა ინფექციონისტმა, ლანა ბაინდურაშვილიმა კორონავირუსთან ბრძოლა ამ მოტივით დაიწყო.
"ლანა ექიმს ვერ ხედავთ, მაგრამ გიღიმით" — ეუბნება ის პაციენტებს.
ექიმი ლანა ბაინდურაშვილი
ფოტო: ია ჯალაღონია
"ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოჩენისთანავე ახალი, უცნაური შეგრძნებებითა და ემოციებით დავიტვირთეთ, თითქოს საომრად გვიწვევდნენ და მზად ვიყავით უკანმოუხედავად ჩავრთულიყავით უხილავ მტერთან ბრძოლაში. თუმცა მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა — მის დასუსტებას აქამდეც ვიმედოვნებდით, მაგრამ არც დანებებას ვაპირებთ", — ყვება ლანა ბაინდურაშვილი.
ექიმები გვიყვებიან, რომ კოვიდ პაციენტთან პირველი შეხვედრის დროს, ცდილობდნენ დაემალათ შიში, ემოციები და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ღიმილი, რათა აუცილებელია, კორონავირუსიანი პაციენტები იმაზე მეტად არ შეშინდნენ, ვიდრე უკვე არიან.
"თავიდან ცოტა შემეშინდა, ძალიან ემოციური იყო. მახსოვს რამდენიმე წამი გაშეშებული ვიდექი განყოფილებაში შესასვლელ კართან და საკუთარ გულისცემას ცხვირ-პირზე აკრული ნიღაბივით ვგრძნობდი", — ამბობს ია ექიმი.
ნინო ექიმისთვის პირველი კოვიდ პაციენტი სამი წლის ბიჭი აღმოჩნდა. ექიმი აღნიშნავს, რომ ჯერ იმაზე იფიქრა, როგორ დაემშვიდებინა დედა.
"ვნერვიულობდი იმაზე, რომ ხშირად ვერ შევძლებდი პაციენტთან პალატაში შესვლას და ძირითადად ტელეფონით კონტაქტი მომიწევდა. ყველაზე მეტად გვიჭირდა ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ არ შეძლებოდა ეზოში გასვლა. ეს პირველი გამოცდა წარმატებით გავიარეთ და ამის შემდეგ მეც დავმშვიდდი. მივხვდი, ჩემი სიმშვიდით უფრო იოლად დავამშვიდებდი ჩემს პაციენტებსაც", — ამბობს ექიმი ნინო ყურაშვილი.
ექიმების უმრავლესობა სახლში მისვლას ძირითადად ვერ ახერხებს. ნინო ექიმს დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 4 ან 5 საათი აქვს ისეთი, როცა საავადმყოფოდან გასვლა შეუძლია. ოჯახის წევრები ამას გაგებით ეკიდებიან — იციან, რომ ნინო ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება.
პირველად შესვლისასაც და ახლაც, ღრმად ჩავისუნთქავ და თავს ვამხნევებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სხვა გამოსავალი არ არის
"ოჯახში მგონი დაავიწყდათ, რომ ჰყავთ მეუღლე და დედა, დიასახლისებიც ისინი არიან და მზარეულებიც. პერიოდულად კი მეუბნებიან, სულ აიღე ოჯახზე ხელიო. მაგრამ ხვდებიან, რომ იმ დროს, როცა პაციენტებს უჭირთ, მე მათთვის არ ვარსებობ. თუ სახლში ვარ, ძირითადად ტელეფონზე ვეკონტაქტები პაციენტებს", — ამბობს ნინო ყურაშვილი.
პაციენტებთან მუდმივი კონტაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს ლანა ბაინდურაშვილიც. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ფსიქიკა ნაკლებად დაზიანდეს.
ბლოკიდან გამოსვლისას, ცდილობ მეორედ დაიბადო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და ახალი ძალებით შეუდგე ე.წ. "საგარეო" საქმეებს
"შეიძლება ითქვას, რომ კლინიკაში ვცხოვრობთ. თითქმის 24/7 გვიწევს პაციენტებთან სატელეფონო თუ ფიზიკური კონტაქტი", — გვიყვება ყვება ლანა ბაინდურაშვილი.
ნინო ექიმი იხსენებს 15 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მარტო იყო. ექიმი ყვება, რომ ის ძალიან შეშინებული იყო ჯერ დიაგნოზით, შემდეგ კი მარტოობით. ნინო პირველ საღამოს, პაციენტებთან შემოვლის დროს ბიჭთან დიდხანს გაჩერდა, მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ წასვლა მაინც მოუწია — სხვა პაციენტებსაც სჭირდებოდათ ექიმი.
"გამომიშვა და მითხრა — არ ინერვიულო, ნინო ექიმო, ერთს ჩაგეხუტებით და წადით, დილამდე არ შემეშინდებაო. მოვეფერე და გამოვედი. ღამის პირველ საათზე მირეკავს და მეუბნება, ცოტა ხანი მელაპარაკეთო. ჩავიცვი, აღარ მახსოვდა პროტოკოლი. შევედი პალატაში და ვხედავ, რომ ფანჯარასთან ჩაცუცქულა. მინდოდა გულში ჩამეკრა, ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ფორმა მიშლიდა", — ნინო ყურაშვილი.
ლანა ბაინდურაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ყველა პაციენტი განსაკუთრებულია, დადებით ენერგიას გასცემენ და მათი იმედიანი თვალები დიდი მოტივაციაა.
"ადამიანები ასე ელოდებიან შენს გამოჩენას! ეს ერთ სიცოცხლედ ღირს, მათი და მათი მშობლების ბედნიერი და კმაყოფილი თვალები. აი, რისთვის ღირს მუშაობა. სიცოცხლე ყოფილა გადაღლის, უიმედობისა და უსუსურობის შეგრძნებებიც — აი, ახლა დავანებებ თავს პროფესიასო, მაგრამ, არა და არა. ალბათ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვყოფილიყავი", — ამბობს ლანა ბაიდურაშვილი.
26 თებერვლიდან დღემდე, ქართველი ექიმები დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ სიცოცხლე რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შეუნარჩუნონ. ისინი არ ფიქრობენ დროზე და არც სახლისკენ მიიჩქარიან, რადგან საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღეს — ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.
კომენტარები