შობა-ახალწლის ყველაზე შემზარავი თქმულებები მსოფლიოში
გაფრთხილება: სტატიაში მოყოლილი ამბები საინტერესო, მაგრამ არცთუ სასიამოვნო საკითხავია.
ბავშვები, რომლებიც წლის განმავლობაში ცუდად იქცევიან, ქვეყნების უმეტესობაში საახალწლოდ საჩუქრის გარეშე დარჩენით ისჯებიან (ან, როგორც ეს აშშ-ში ხდება, საჩუქრად ნახშირის მიღებით). თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვები უფრო მძიმედ ზღავენ თავიანთი საქციელისთვის.
მაგალითად...
1. კრამპუსი (ავსტრია, სლოვენია, ხორვატია, ჩრდილოეთ იტალია)
ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა ნიკოლოზს, რომელიც სანტა-კლაუსის სახე-სიმბოლოა, ანტიპოდი კოლეგები ჰყავს. წმინდა ნიკი, როგორც მას მოიხსენებენ, დიდსულოვანი და კეთილი პოლიციელია. აი, ცუდ პოლიციელთან შეხვედრას კი ნამდვილად არ ისურვებდი.
"ცუდ ბიჭებს" შორისაა ავსტრიულ-ბავარიული წარმართული ფოლკლორის პერსონაჟი, კრამპუსი — ნახევრად თხა და დემონური ქმნილება, რქებითა და გრძელი ენით. ნელი სიარულისას იგი ავისმომასწავებლად დააჟღარუნებს ჯაჭვებს და თან ატარებს წკეპლას — ცხადია, "ცუდი ბავშვების" გასაროზგად; ზოგჯერ, შესაძლოა, მათი კალათით ან ტომრით მოტაცებაც კი გადაწყვიტოს.
წმინდა ნიკოლოზის ხსენების წინა დღეს, 5 დეკემბერს, კრამპუსნახტად, ანუ კრამპუსის ღამედ მოიხსენიებენ. საზარელ კოსტიუმებში გამოწყობილი კრამპუსების ჯგუფები ალპურ ქალაქებში წყობებად დაიარებიან. ბოლო წლებში მთვრალი ურჩხულების ქუჩებში წანწალი ჩხუბებით და კერძო საკუთრების განადგურებით სრულდება, რაც, რასაკვირველია, პრობლემად იქცა.
2. ფრაუ პერხტა (ავსტრია და ბავარია)
ფრაუ პერხტა კუდიანია, რომელიც ყოველ წელს იმის გასაგებად გვსტუმრობს, თუ ვინ იქცეოდა კარგად და ვინ — ცუდად. ცუდი ბავშვების დასასჯელად ის, უბრალოდ, მათ მუცლებს ფატრავს, გვამებს კი ჩალით ავსებს. ზამთრის ავი სულებისგან თავდასაცავად, ბავარიის სოფლებში ყოველწლიურად პერხტას კოსტიუმში გამოწყობილი უამრავი ადამიანი იკრიბება.
3. მარი ლუიდი (უელსი)
წარმოიდგინე, რომ ახალი წლის წინა დღეა, შენ კი ერთი ჩვეულებრივი უელსელი ბავშვი ხარ. კარზე კაკუნი გესმის და აღებ. შენ წინ წამომართულია ქმნილება, ცხენის თავის ქალით, გრძელი მანტიით, ცარიელი თვალის ფოსოებითა და ოდნავ ღია ბაგით. შიშისგან ადგილზე იყინები.
სანამ შენ ოფლისგან იწურები, შენ გარშემო უფროსები ახალ წელს ულოცავენ ერთმანეთს. ვერაფერს იტყვი, ხალისით სავსე ტრადიციაა.
4. გრილა და შობის კატა (ისლანდია)
ისლანდიურ ფოლკლორში გრილა გოლიათია, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობს. შობას ეს ნახევარგოლიათ-ნახევარტროლი ბავშვებზე სანადიროდ გამოდის, მათ იტაცებს, თავის გამოქვაბულში მიჰყავს და კარდალში ხარშავს.
გრილას ბევრი დამხმარე ჰყავს, მათ შორის არიან შობის ჭაბუკები — 13 დაუმორჩილებელი ბავშვი ტროლი/უზარმაზარი ზრდასრული მოყმე — და იოლაკეტურინ, ანუ შობის კატა.
შეიძლება იფიქრო, რომ შობის კატა ისეთი ქმნილებაა, რომელიც საჩუქრების გახსნისას შენს კალთაში ზის, შესაფუთი ქაღალდით თამაშობს და მყუდრო გარემოს ქმნის. ცდები. შობის კატა ბევრად შემზარავი არსებაა.
ეშმაკის მსგავსად მბრდღვინავი ლომივით მოსიარულე შობის კატა ჩვენ შორის დაძრწის და საკბილოს ეძებს. სიბნელეში ჩაძირულ ქალაქში იგი ბავშვების საძინებლების განათებულ ფანჯრებს უახლოვდება. თავის გადასარჩენად ერთადერთი გზა კი ისაა, რომ მას კარგად ქცევისთვის შობაზე საჩუქრად მიღებული ტანსაცმელი ანახო. თუ ახალი სამოსი არ მიგიღია, უბრალოდ, ძველს გადმოაწყობ და გულში ილოცებ, ისინი შობის კატას მოეწონოს.
5. ჰანს ტრაპი (ელზასი-ლორენი, საფრანგეთი)
ელზასური თქმულებების თანახმად, ჰანს ტრაპი სიხარბით და უსინდისობით ცნობილი ადგილობრივი კაცი იყო. მდიდარი რომ გამხდარიყო, მან ჯადოქრობა გამოიყენა და ეშმაკს შეეკრა, კათოლიკე ეკლესიიდან განკვეთის შემდეგ კი თავისი ქონებაც დაკარგა და საზოგადოებრივი სტატუსიც. ამიტომ, საფრთხობელად შენიღბულმა სოფლად ხეტიალი გადაწყვიტა.
ერთხელაც, ჰანს ტრაპმა ადამიანის ხორცის დაგემოვნება ინება. მან მეცხვარე ბიჭი მიიტყუა და მოკლა, შემდეგ კი ცეცხლზე შებრაწა. ის-ის იყო, ტრაპი პირველი ლუკმის მოკბეჩას აპირებდა, რომ ღმერთმა, რომელიც მიხვდა, რამდენად ცუდად წავიდა დედამიწაზე საქმე, ხარბ საფრთხობელას მეხი დასცა.
ჰანს ტრაპი მოკვდა, თუმცა, იგი ყოველ შობას ბრუნდება, რათა კარდაკარ იაროს და საკბილო პატარა ბავშვებს შორის ეძიოს.
6. კალიკანტძარი (საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, თურქეთი)
კალიკანტძარები გობლინები არიან, რომელთაც ცხოვრების უმეტესობა მიწისქვეშ, აპოკალიფსის მოწყობის მცდელობაში გაატარეს. ადვენტის (წინასაშობაო პერიოდი) მოსვლისას, ისინი ადამიანის საცხოვრებელ ტერიტორიას უახლოვდებიან, რათა მათ შფოთვა და ბოროტება მოუტანონ. ეს აბეზარი არსებები აღწერილნი არიან, როგორც ბეწვიანი ქმნილებები ეშვებითა და რქებით. ისინი, მეტწილად, მამრობითი სქესის არიან და გასაოცარი მოხერხებულობით გამოირჩევიან.
7. პერ ფუიტარი (საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია)
პერ ფუიტარი ყასაბი იყო. მან და მისმა ცოლმა მდიდრების შვილები მოიტაცეს, გაძარცვეს და დახოცეს, შემდეგ კი მათი დანაწევრებული და დამარილებული გვამები კასრებში გაანაწილეს. წმინდა ნიკოლოზმა რომ ამ დანაშაულის შესახებ შეიტყო, ბავშვები გააცოცხლა, პერ ფუიტარი კი დასასჯელად თავის ყმად გაიხადა. იგი წმინდა ნიკს თან დაჰყვება და პრობლემურ ბავშვებთან გამკლავებაში ეხმარება.
კომენტარები