მეცნიერებმა პირველად მიაღწიეს “სტაბილურ“ შორეულ კვანტურ ტელეპორტაციას
მკვლევართა გუნდი ირწმუნება, რომ შორეულ მანძილზე მდგრადი კვანტური ტელეპორტაცია პირველად იქნა მიღწეული. კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება.
ფერმილაბის განცხადების თანახმად, კვლევამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ”სიცოცხლისუნარიან კვანტურ ინტერნეტს — ქსელს, რომელშიც კუბიტებში შენახული ინფორმაცია გაზიარებული იქნება დიდ მანძილზე და ეს ყველაფერი კვანტური გადახლართულობის გამოყენებით. ამან შეიძლება ძირეულად შეცვალოს მონაცემთა შენახვის, ზუსტი ზონდირებისა და გამოთვლის ველები.”
გუნდმა, რომელიც თანამშრომლობდა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ფერმილაბთან, ასევე, კალგარის უნივერსიტეტთან და სხვა პარტნიორებთან, მოახერხა ფოტონის კუბიტის 44 ბოჭკოვან კილომეტრზე ტელეპორტაცია.
კვანტური გადახლართულობის საშუალებით, ორი ნაწილაკი ცალკეულ ადგილებში ერთმანეთთან უხილავი ძალით არის დაკავშირებული. მანძილის მიუხედავად, მათ შორის შეიძლება გადაიტანო დაშიფრული ინფორმაცია, რომელსაც "გადახლართული" წყვილი ნაწილაკები აზიარებენ.
სწორედ ამ კვანტური კუბიტების, კვანტური გამოთვლის ძირითადი ერთეულების გაზიარებით, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შექმნიან კვანტური კომპიუტერების ქსელებს, რომლებსაც უსწრაფესად შეეძლებათ ინფორმაციის გაზიარება.
"ეს ნამდვილად წინსვლაა. მას შეუძლია ახალი ქსელებისა და კიდევ უფრო კომპლექსური სისტემების შექმნაში დაგვეხმაროს", — განაცხადა კრისტოფ სიმონმა, კალგარის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა.
ამ ინფორმაციის ნაკადის სტაბილურად შენარჩუნება დიდ მანძილზე ძალიან რთულია. წინა მსოფლიო რეკორდი კალგარის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნით, მაშინ მანძილი სულ რაღაც ექვსი კილომეტრი იყო.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ამ სისტემის მასშტაბირება მოხდება, ამისთვის ისინი ინფორმაციის გადასაგზავნად კვანტური გადახლართულობისა და მეხსიერების გამოყენებას გეგმავენ.
საინტერესოა, რამდენად მალე შევძლებთ კვანტური ინტერნეტის გამოყენებას.
კომენტარები