პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სხვების ნაცვლად მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ ქართველ ექიმებს აკრიტიკებენ. მისი აზრით, ეს დესტრუქციული კამპანიის ნაწილია და ემსახურება ნდობის შერყევას, რომელმაც პანდემიის პირველ ტალღასთან წარმატება განაპირობა.

"ამ დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია — ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად.

ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია — ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას", — განაცხადა მან.

პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმები, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე რამდენჯერმე გახდნენ საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე. პირველად, ეს მმართველი გუნდის პარტიულ აქტივობებში მათმა ჩართვამ და მხარდამჭერმა განცხადებებმა გამოიწვია. გარდა ამისა, მათ პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ.