ერთი პოსტით დაწყებული ისტორია — როგორ ებრძვიან მოხალისეები პანდემიით გამოწვეულ კრიზისს
იყო და არა იყო რა — ასე იწყება ზღაპრები, რომლებშიც ჩრდილოეთ პოლუსზე მცხოვრებ სანტა კლაუსსა და ელფებს ან, უბრალოდ, სხვებზე მზრუნველ ადამიანებს ვეცნობით. ამავე სიტყვებით დავიწყებთ ჩვენს სტატიასაც, თუმცა თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მოგონილი საშობაო ისტორია არ არის — ეს ნამდვილი ამბავია ადამიანებზე, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ და მოხალისეებზე, რომლებიც ცდილობენ, მათი ცხოვრება მცირედით მაინც უკეთესობისკენ შეცვალონ.
პანდემიის გამო ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო. ისინი ვერ ახერხებენ კომუნალურების გადახდას, ოჯახის წევრებისთვის ზამთრისთვის საჭირო ტანსაცმლის, საკვების ან მედიკამენტების ყიდვას. მათ დასახმარებლად პირბადეებით და ხელთათმანებით შეიარაღებული ახალგაზრდები კარდაკარ დადიან, აგროვებენ თბილ ტანსაცმელს, მურაბებს, კომპოტებს და ავსებენ ზამთრის მარაგს. ყიდულობენ სურსათს, პირველადი საჭიროების ნივთებს, შემდეგ ნობათს ახარისხებენ, სხვადასხვა რეგიონში მიდიან და ამ ყველაფერთად ერთად, მიაქვთ მთავარი — იმედი.
ჰელფებისა და ზამთრის მარაგის ისტორია ერთი სურვილით და ერთი პოსტით დაიწყო და ათასობით ადამიანი გააერთიანა.
ჰელფები ერთმანეთის სამსახურში
"23 ნოემბერი იყო, როცა მივხვდი, რომ საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. ნიუსებს ვკითხულობდი, სიუჟეტებს ვუყურებდი და ვიგებდი, როგორ უჭირს ხალხს — სასწრაფო ვერ მიდის, სახანძროს აგვიანდება, ექიმები გადაღლილები არიან, ხალხი შიმშილობს, ვიღაცას სცივა. ვფიქრობდი, სახელმწიფო ჩამოშლილია, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება როგორ ვერაფერს შეძლებს-მეთქი და დავწერე პოსტი", — ასე იწყებს ჰელფების ისტორიის თხრობას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
პოსტი, რომელიც ერთი თვის წინ დაწერა, გეგმა არ ყოფილა — იყო მხოლოდ სურვილი, გადაღლილ ექიმებსა და ექთნებს დახმარებოდა. ამ იდეამ არ გაამართლა, რადგან პანდემიისას კლინიკებში უცხო ადამიანებს ვერ შეუშვებდნენ. თუმცა მოხდა იმაზე მეტი, ვიდრე ელოდა — იმავე დღეს ათეულობით ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.
"მოდიოდა მესიჯები: რა კარგ საქმეს აკეთებთ, მინდა დაგეხმაროთ; ფული არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ფიზიკურად ვიმუშავო; არ მყავს მანქანა, მაგრამ შემიძლია, ველოსიპედით წავიღო; სახლიდან ვერ გამოვდივარ, მაგრამ შემიძლია საჭმელი გავაკეთო და გაგატანოთ; ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება მაქვს და შემიძლია, სატელეფონო კონსულტაციები გავცე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული გაიდლაინებით და ა.შ. სრულიად უცხო ადამიანები გვთავაზობდნენ დახმარებას", — გვიყვება გიგა.
წერდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ გამოეკვებათ ოჯახები ან ეყიდათ მედიკამენტები.
რამდენიმე დღეში ინიციატივას ასეულობით ადამიანი გამოეხმაურა და ცხადი გახდა, რომ მარტო ამდენ შეტყობინებას ვერ გაუმკლავდებოდა. საქმეში მისი თანამებრძოლები ჩაერთვნენ. #სირცხვილიას აქტივისტები, რომლებიც ჰელფებად, ანუ ჰუმანიტარულ ელფებად იქცნენ.
სამოქალაქო აქტივისტი, სოფო კუჭავა გვიყვება, როგორ მუშაობენ ჰელფები — შეტყობინებებს იმ ხალხზე, ვისაც დახმარება სჭირდება, სოციალურ ქსელში ან მეგობრებისგან იღებენ, ადრესატებს უკავშირდებიან და მისვლის დროზე უთანხმდებიან. ჰელფების ნაწილი პროდუქტს ყიდულობს, ნაწილი ოფისში რჩება და მიტანილ პროდუქციას ახარისხებს.
პარალელურად, ჯგუფში, სადაც მოხალისე ჰელფები არიან შეკრებილები, იგეგმება, ვის როდის სცალია და რით შეუძლია დახმარება. ივსება ცხრილი, რომელშიც შეუძლიათ ამოიკითხონ, ვინ არის თავისუფალი სამშაბათს ან პარასკევს, ვის ჰყავს მანქანა და ვის აქვს საშვი, რომ ღამის საათებში შეუფერხებლად გადაადგილდნენ. გამზადებული კალათები ამ ადამიანების მანქანებში იტვირთება და რეგიონებში ნაწილდება. ამ საქმეში ჩართული არიან ზამთრის მარაგის მოხალისეებიც.
"როცა ოჯახებში მივდივართ, უჭირთ დაჯერება, რომ მართლა მივედით. უმეტესობა ტირის, დანარჩენები გვეკითხებიან, ვინ ვართ და რატომ ვაკეთებთ ამას.
ვიცით, რომ ჩვენი მიტანილი საკვები ორ კვირაში გათავდება და ის ხალხი ისევ მოგვმართავს, რადგან იმედი გაუჩნდათ. რითიც შევძლებთ, დავეხმარებით. ვაპირებთ, რომ ლოქდაუნის დამთავრებამდე ვაკეთოთ ეს საქმე, სანამ ხალხს სამსახურში დაბრუნების საშუალება არ აქვს", — ამბობს გიგა.
ჰელფები იყვნენ ოჯახებში, სადაც ბავშვებს სათამაშოები და საახალწლო ნაძვის ხე არ აქვთ, ამიტომ ნაძვის ხეების, ტკბილეულისა და წიგნების ხაზიც დაიმატეს და ახლა ყველა იმ ოჯახში, სადაც პატარებიც არიან, საახალწლო განწყობა მიაქვთ, მათი სანტები ხდებიან და დაბადების დღის სიუპრიზებსაც უწყობენ. გარდა ამისა, ჰელფებს ჰყავთ მოხალისე ექიმები, რომლებიც პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას უწევენ და მასწავლებლები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ.
სიკეთე რომ გადამდებია, ეს იმითაც დასტურდება, რომ ასეულობით ადამიანი ჰელფების ანგარიშზე რიცხავს 1, 2 ან 3 ლარს. აქტივისტების თქმით, მსგავსი შემოწირულობით ერთ დღეს იმდენი ფულის შეგროვება შეძლეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება 35-ოჯახიან კორპუსში მიიტანეს.
დამატებითი სახსრების შესაგროვებლად, ჰელფებმა აუქციონის მოაწყვეს, სადაც 560 ლარად გაყიდეს ფაჩუჩები, რომელიც მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა, 96 წლის მოხუცმა აჩუქა.
ჰელფები ამბობენ, რომ გასულ ერთ თვეში დახმარება 1 681-მა ოჯახმა და 19-მა თავშესაფარმა, სულ 7 000-მდე მოქალაქემ მიიღო. 26 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მათ შესვენება აიღეს, რომ რესურსების მობილიზება და მარაგების შევსება შეძლონ და განახლებული ძალებით გააგრძელონ ხალხის დახმარება.
ვისაც დახმარება სჭირდება ან სურს, ჰელფების ინიციატივაში ჩაერთოს, უნდა მისწერონ მოძრაობა სირცხვილიას ფეისბუქგვერდზე.
ზამთრის მარაგი
ერთი პოსტით დაიწყო ზამთრის მარაგიც ისტორიაც. ზურა ნიჟარაძემ მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვისაც სახლში "ზამთრის მარაგი", ანუ კომპოტები, ჯემები, მურაბები, თბილი ტანსაცმელი ჰქონდა, სთხოვა, თითო ქილა და ქურთუკი გაეღოთ მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა.
პასუხმა არ დააყოვნა. რამდენიმე საათში ზურა უკვე იმაზე წერდა, რომ დახმარების სურვილი ათეულობით ადამიანმა გამოთქვა. ამ შემთხვევაშიც მოხალისეები მზად იყვნენ, გაეცათ ყველაფერი, რაც ჰქონდათ — საბნები, ტანსაცმელი, საჭმელი, წიგნები, ავეჯი.
ჯგუფი, სადაც მოხალისეები იკრიბებიან, მალე გაიზარდა და ამ დროისთვის 36 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. აქ გროვდება ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება და აქვე აგროვებენ ყველაფერს, რაც მათ დასახმარებლადაა საჭირო. იწერება გეგმა, ვინ და როგორ გადაანაწილებს ზამთრის გადასაგორებლად საჭირო მარაგს. შემდეგ დატვირთული მანქანები რეგიონებში მიდის.
"კოვიდ-პანდემიამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა, ალბათ, ხელშეუხებელი ძალიან ცოტა ადამიანი დატოვა. მოულოდნელად გაჩენილმა კრიზისმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენ ადამიანს უჭირს ელემენტარული — საკვები. ბევრმა ერთადერთი შემოსავლის წყარო დაკარგა და თუ მანამდე, ახერხებდა თავის რჩენას, ახლა დახმარებას საჭიროებს", — გვიყვება პროექტის მონაწილე, ანუკა მუზაშვილი.
მოხალისეები ხშირად აწყდებიან ისეთ ოჯახებს, რომლებსაც პურის ფული არ აქვთ, სადაც ბავშვები შოკოლადსა და ტკბილეულზე ოცნებობენ, უფროსები კი თბილ ტანსაცმელზე. არის ოჯახები, რომელბსაც შშმ პირებისთვის ეტლები სჭირდებათ ან ზამთრისთვის შეშა არ აქვთ. ამბობენ, რომ ამ ისტორიების მოსმენა რთულია, მაგრამ სტრესი იხსნება, როცა უცხო ადამიანები, სტუდენტები, დასაქმებულები და ისინიც, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა, ემიგრანტები და რეგიონში მცხოვრები აქტივისტები, ერთიანი ძალებით ცდილობენ შეავსონ მათი მარაგი.
"ადამიანებმა საოცარი ემპათია გამოავლინეს ერთმანეთის მიმართ. ემიგრანტები განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები, თავად ორგანიზდებიან, პოულობენ დახმარების მსურველებს და რესურსებს. ბევრ ოჯახს დაეხმარნენ და შეუმსუბუქეს მძიმე ყოფა, ბინის ქირა და კომუნალურებიც კი დაუფარეს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტული ქართველები ფასდაუდებელი სიკეთის საკეთებლად გაერთიანდნენ", — ამბობს ანუკა.
ზამთრის მარაგმა შეცვალა არამხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრება, ვისთანაც მოხალისეები მიდიან, არამედ მოხალისეებისაც. ყოველდღიური რუტინა თავდაყირა დადგა და ნომერ პირველი პრიორიტეტი სხვებზე ზრუნვა გახდა. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც ხალხს სჭირდება, იქნება ეს ზამთრისთვის შეშის მარაგის ჩატანა თუ მისი დაჩეხვა და ღუმელის დანთება.
ზამთრის მარაგის იდეის ავტორი, ზურა ნიჟარაძე გვეუბნება, რომ საქმის გასაგრძელებლად მზად არიან, მაგრამ დახმარება სჭირდებათ. ყველაზე მეტად ახლა ადამიანური რესურსი აკლიათ. რაც უფრო გაიზრდება მოხალისეების რიცხვი, მით მეტ ოჯახთან შეძლებენ მისვლას. ისინი დახმარებას ელოდებიან ყველასგან და მოუწოდებენ კომპანიებს, მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას.
ვისაც დახმარება სჭირდება ან სურს, ზამთრის მარაგის ინიციატივაში ჩაერთოს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა გაწევრიანდეს ჯგუფში.
კომენტარები