ჩინეთმა კიდევ ერთი კოსმოსური ზონდი წარმატებით დასვა მთვარეზე
ჩინეთის Chang'e-5 რობოტის მისია მთვარეზე
ჩინეთის როვერი Chang'e-5, სულ ცოტა ხნის წინ, მთვარეზე წარმატებით დაეშვა. ამ მისიის მიზანი ჩვენი თანამგზავრიდან ქვისა და მტვრის ნიმუშების შეგროვება და მათი დედამიწაზე ჩამოტანაა.
Chang'e-5 მთვარეზე Oceanus Procellarum-ით ცნობილი რეგიონის ახლოს მდებარე მონს რიუმკერის, მაღალი ვულკანური წარმონაქმნის მიმდებარედ დაეშვა. მეცნიერების გათვლებით, რობოტი თანამგზავრზე რამდენიმე დღეს გაატარებს მისი გარემოს შესასწავლად და მთვარის ზედაპირიდან ნივთიერებების შესაგროვებლად.
Chang'e-5 აღჭურვილია მთელი რიგი ინსტრუმენტებით, რაც მას ამ მისიის შესრულებაში დაეხმარება. მათ შორისაა კამერა, სპექტრომეტრი, რადარი, ნიჩაბი და ბურღი.
რობოტმა მთვარის ზედაპირიდან უნდა აიღოს დაახლოებით 2კგ-ის რაოდენობის "ნიადაგი", ან რეგოლითი, რომელსაც იგი მთვარის გარშემო ორბიტირებად ნაწილზე გაგზავნის, ეს უკანასკნელი კი შემდგომ ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს.
უკანასკნელი ასეთი მისიიდან უკვე 44 წელია გასული. ბოლოს მთვარეზე ამ მიზნით საბჭოთა ლუნა 24 გაუშვეს, რომელმა 200 გრამზე ნაკლები მასალა ჩამოიტანა დედამიწაზე.
Chang'e-5, რომელიც 8.2 ტონას იწონის, სამხრეთ ჩინეთიდან, ვენჩანის კოსმოსური აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით 24 ნოემბერს გაუშვეს. მან ჯერ მთვარის ორბიტაზე დაიწყო ცირკულირება, შემდეგ კი ორად გაიყო.
მოწყობილობის ერთი ნახევარი — მომსახურე მანქანა და დასაბრუნებელი მოდული — ორბიტაზე დარჩა, მეორე ნახევარი კი — lander-ascender — მთვარისკენ გაემართა.
ჩინეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეორე ნაწილი, 15 წუთიანი ავტომატური დაშვების შემდეგ, მთვარის ზედაპირს ჩინეთის დროით დაახლოებით 23:15 საათზე შეეხო.
აქამდე ჩინეთმა მსგავსი მისიით ორჯერ გაუშვა მთვარეზე რობოტი — Chang'e-3 2013-ში და Chang'e-4 გასულ წელს. ორივე მათგანი მოიცავდა პატარა როვერს და სტატიკურ მოწყობილობას, რომელიც მიწაზე უნდა დაშვებულიყო.
მთვარიდან დედამიწაზე სრულად დაახლოებით 400 კილოგრამზე ნაკლები ქვა და ნიადაგი იქნა ჩამოტანილი ამერიკული აპოლოს ასტრონავტებისა და საბჭოთა ლუნას მისის საშუალებით. ამ ნივთიერებათა უმრავლესობა ჩამოტანილი იქნა ისეთი მისიების დროს, როდესაც მთვარეზე ხომალდი ეკიპაჟის თანხლებით გაემგზავრა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ნიმუში საკმაოდ დიდი დროით თარიღდება — 3 მილიარდი წლით და მეტით. მეორე მხრივ, მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მონს რიუმკერზე არსებული ნივთიერებები 1.2-1.3 მილიარდ წელზე მეტს არ ითვლის. ასეთ შემთხვევაში, ეს ნიმუშები მეცნიერებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის მთვარის გეოლოგიური წარსულის შესახებ. გარდა ამისა, ისინი ასევე შეძლებენ მეტი სიზუსტით დაარეგულირონ ქრონომეტრი — მოწყობილობა, რომელიც მზის სისტემის პლანეტების ზედაპირის ასაკის დასადგენად გამოიყენება.
ზედაპირის ასაკის შეფასება ხდება მასზე კრატერების რაოდენობის შეფასებით (რაც მეტი კრატერია ზედაპირზე, მით უფრო ძველია იგი), თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა რამდენიმე ლოკაციის დათარიღება, სწორედ ამ მხრივ, აპოლოსა და ლუნას მისიების დროს აღებული ნიმუშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. Chang'e-5-მა კი, კიდევ უფრო მეტი მონაცემების შეგროვება უნდა შეძლოს, საიდანაც საბოლოოდ მეცნიერები საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
ჩინეთში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, რობოტს მთვარის ზედაპირიდან ნიმუშების მოსაპოვებლად სულ რამდენიმე დღე დასჭირდება. მის მიერ მოპოვებული ნივთიერებები უკან, ორბიტაზე იქნება გამოგზავნილი lander-ascender ზემოთ ასვლის მექანიზმის საშუალებით. შემდგომ, ეს ნიმუშები გადაეცემა მომსახურე მანქანას და განთავსდება დაბრუნების მოდულში.
ორბიტაზე მოძრავი მოწყობილობა დაბრუნების მოდულს დედამიწისკენ მომართავს, რომელიც შემდგომ დედამიწის ატმოსფეროში შემოვა და მონღოლეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სიცზუანგ ბანერის საძოვრებზე დაეშვება. სწორედ ამ ადგილას უბრუნდებიან ჩინელი ასტრონავტები დედამიწას კოსმოსიდან ჩამოსვლისას.
"Chang'e-5 საკმაოდ კომპლექსური მისიაა", — განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ადამიანისა და რობოტების შემსწავლელი მეცნიერების კოორდინატორმა, ჯეიმს კარპენტერმა. "ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია ის, თუ რის გაკეთებას ცდილობს ჩინეთი ამ მისიით. მე მაოცებს ის სისტემური და ეტაპობრივი მიდგომა, რაც, ადრეული Chang'e მისიებიდან დღემდე, მათ შესაძლებლობებს საგრძნობლად ზრდის ამ მიმართულებით", — დასძინა მან.
ასევე იხილეთ:
კომენტარები