13 ნოემბერს ნეტფლიქსზე ახალი ფილმის ცხოვრება წინაა (The Life Ahead) პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლს იტალიური კინოს ლეგენდა — სოფი ლორენი ასრულებს. მწერალ და ჟურნალისტ ზენ ბრუკსთან მიცემულ ინტერვიუში 86 წლის მსახიობი ნეაპოლის ომის სიდუხჭირიდან საერთაშორისო დიდების ბრწყინვალებამდე განვლილ ცხოვრების გზას იხსენებს.

ძუ ლომი, რომელიც ნეტფლიქსის დრამის ცხოვრება წინაა რამდენიმე სცენაში ჩნდება, სევდიანი და საბრალო სანახავია. მას ოქროსფრად მბრწყინავი ბეწვი და ამ ფერისვე აპრეხილი კუდი აქვს, რასაც ამ 21-ე საუკუნის სულ სხვანაირად გაბედულ ზღაპარში გარკვეული დოზით მაგიური რეალიზმის ელემენტები შემოაქვს. ეს კადრები ფილმში ძალიან იშვიათი და მონოტონურია, ამავდროულად კი მათ ეგზოტიკურობა, საფრთხის განცდა აკლია. ლომი კიდევ უფრო ნაკლებად საშიში გვეჩვენება, როდესაც მაყურებელი ფილმის სხვა უფრო დიდ ურჩხულს გაიცნობს.

ცნობილია, რომ ფილმში მოქმედება იტალიის სამხრეთ სანაპიროზე ვითარდება და ის მადამ როზას ისტორიის შესახებ მოგვითხროს, რომელიც ყოფილ სექსმუშაკთან ერთად, გულანთებული ქველმოქმედიცაა. რეალურად კი, ფილმი თავისი არსით 86 წლის მსახიობის, სოფი ლორენის დიდებულებას გვაჩვენებს, რომელიც ეკრანზე ბუნებრივი ჭაღარა თმითა და წრიული საყურეების რხევით ჩნდება და ახალ სიტყვას ამბობს. ის დედობრივი გამბედაობით განმსჭვალული, ამავდროულად კი ფიზიკურად დასუსტებული, თუმცა მაინც გაუტეხელი და დაუმარცხებელია. ფილმი, რომლის რეჟისორიც სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია, მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ ლორენის შემოქმედებას, მისი ფერადი ცხოვრების ისტორიას თვალი გადაავლოს და ამასთანავე მისი კარიერის საუკეთესო პერიოდში განსახიერებული ისეთი მებრძოლი პერსონაჟები გაიხსენოს, რომლებიც, მაგალითად, ფილმებში გუშინ, დღეს, ხვალ (Yesterday, Today and Tomorrow) და ქორწინება იტალიურად (Marriage Italian Style) გვხვდებიან. "ცხოვრებაში რაღაცები დიდად სულაც არ იცვლება: სხეული იცვლება, გონება კი – არა", — ამბობს ლორენი.

ფილმის პრემიერა რომში უნდა შემდგარიყო, თუმცა ამ გეგმის განხორციელებას პანდემიამ შეუშალა ხელი. შესაბამისად, ფილმზე მომუშავე ადამიანებს მისი წარდგენა დისტანციურად მოუწიათ: ლორენი და მისი ვაჟი ჟენევიდან, მსახიობის სახლის მისაღებ ოთახში ლეპტოპთან გვერდიგვერდ მსხდომნი "დაესწრნენ" პრემიერას. Zoom-ის კავშირი არც ისე სანდოა: გამოსახულება ხშირად შეშდება. ჩართვისას ედოარდო პონტი აღტაცებული იყო, თუმცა ტრადიციულ ზარზეიმსა და ცერემონიებს მიჩვეული სოფი ლორენი გაღიზიანებული ჩანდა. მსახიობი კვლავ ძველებურად დიდებულია, უბრალოდ ამჯერად მისი დიდებულების ხილვა პატარა ეკრანებზე გვიწევს.

სოფი ლორენი ფილმში ცხოვრება წინაა.

ფოტო: Netflix

ყველა მნიშვნელოვანი მსახიობი საკუთარი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების განვლილი გზის კვალს თან ატარებს. ფილმში ცხოვრება წინაა ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ცხადად და ნაზი გრძნობებითაა ასახული. მართალია, ფრანგი მწერლის რომენ გარის ამავე სახელწოდების რომანში, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს, მოქმედება პარიზში ვითარდება, თუმცა ედოარდო პონტიმ ფილმის მთავარ სამოქმედო ადგილად იტალიის საპორტო ქალაქი ბარი შეარჩია, რომელსაც რეჟისორი მუსლიმებისა და ებრაელების, წმინდანებისა და ცოდვილების, ყველა ეროვნების მქონე მიგრანტის ხმაურიან გნიასად წარმოგვიდგენს. ეს ადგილი ჯონ სტაინბეკის რომანს კონსერვის რიგი მოგვაგონებს და ასევე დიდად არ განსხვავდება ლორენის მშობლიური ქალაქისგან, ნეაპოლთან ახლოს მდებარე პოზუოლისგან, რაც უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.

ამ მოსაზრებას სოფი ლორენიც იზიარებს: "დიახ, გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ჰგავს. თუმცა, პოზუოლი წარსულში დარჩა. იქ ომის პერიოდში ვცხოვრობდი, ამიტომ შედარება შეუძლებელია. მაშინ არაფერი გვქონდა. შიმშილობა და ომი იყო. ყველაფერი საფრთხეს გვიქადდა და შეიძლებოდა, ნებისმიერ წამს მოვმკვდარიყავით".

როგორც ლორენის საყოველთაოდ განთქმულ სახელსა და წარმატებაზე, ასევე მის ღარიბულ წარმოშობაზე — ომისგან დაუძლურებულ, კათოლიკურ იტალიაში შობილ უკანონო ბავშვზე — უამრავი ისტორია ითხზვებოდა, რის გამოც ზოგჯერ რთულია, გამონაგონი სინამდვილისგან განასხვავო. ბევრს სჯერა, რომ პიტერ სარსდეთის 1960 წლის ჰიტი Where Do You Go To (My Lovely)? თითქოს სოფი ლორენს ეძღვნება, მიუხედავად იმისა, რომ თავად მომღერალმა ეს უარყო. ასევე არსებობდა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ლორენის დედა მანქანის რადიატორიდან წყლის გადმოღებას იმისთვის, რომ საკუთარი მოშიმშილე შვილისთვის დასალევი წყალი მიეცა. თუმცა, ეს ისტორიაც მცდარი აღმოჩნდა.

"არა, არა და არა", — ლაკონიურად და გაღიზიანებული გამოეხმაურა ლორენი ამ მოსაზრებებს. შემდეგ კი გონებაში აზრი ამოუტივტივდა და დაამატა: "რომელი მანქანა? ჩვენ მანქანა საერთოდ არ გვყავდა".

სოფი ლორენის დედა, რომილდა ვილანი ასევე ამბიციური მსახიობი იყო. მან გაიმარჯვა კონკურსში, სადაც გრეტა გარბოს (წარმოშობით შვედი მსოფლიო კინოვარსკვლავი) მსგავსი გარეგნობის ადამიანს ეძებდნენ, რამაც შესაძლებლობა მისცა მას, რომ აშშ-ში წასულიყო და ფილმებში გარბოს შემცვლელად ეთამაშა. თუმცა, მისმა იმდროინდელმა მდგომარეობამ ეს ყველაფერი განუხორციელებელ მიზნად აქცია: ვილანის ორი შვილი ჰყავდა და ამასთან, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვილანის საშუალო კლასის წარმომადგენელ საყვარელსა და მისივე შვილების მამას შეეძლო მისთვის დახმარების ხელი გაეწვდინა, თუმცა მის მიმართ ლოიალური სულაც არ იყო და ეს დიდად არც ადარდებდა. ამიტომაც რომილდას ნეაპოლში დარჩენა მოუწია და მოგვიანებით მხოლოდ მისმა შვილმა, სოფი ლორენმა შეძლო საზღვრების გარღვევა და მწვერვალზე ასვლა.

ფილმში ცხოვრება წინაა ლორენი მადამ როზას — გადარჩენილი, თუმცა ძალაგამოცლილი მებრძოლის როლს თამაშობს. ეს პერსონაჟი იმ ქალს განასახიერებს, რომელსაც ცხოვრებამ მძიმე გაკვეთილი ჩაუტარა, მაგრამ სიყვარულის შენარჩუნება მაინც შეძლო. გადაღებების პერიოდში ლორენმა გააანალიზა, რომ მისი გმირი გარკვეული თვალსაზრისით დედამისს ჰგავდა. "დედაჩემი თავის გრძნობებს ყოველთვის თავისთვის ინახავდა. მე ამ გრძნობების ნაწილი ვიყავი, თუმცა არც ისე კარგი გაგებით: ტრადიციული დედაშვილური ურთიერთობა თითქმის არასდროს გვქონია".

ამ თემაზე საუბარს ედოარდო პონტიც ჩაერთო: რომილდა ბებიამისი იყო და თავისებურად მასაც ახსოვს ის — ბრძოლისუნარიანი, ძლიერი და თან სუსტი ქალი. ამ თვისებებით სოფი ლორენი დედამისს ჰგავს. "ის ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობდა. მახსოვს მისი ენერგიულობა მაშინაც კი, როდესაც ის 80 წლის იყო. მიუხედავად მისი ასაკისა, ის როგორღაც მაინც მუდმივად ახერხებდა, რომ ძალიან სექსუალური ყოფილიყო", — ამბობს პონტი.

სოფი ლორენი 1950 წელს, როცა მის იტალია გახდა.

ფოტო: Sipa/Rex/Shutterstock

დილეტანტი ფსიქოლოგი ლორენის კარიერას, სავარაუდოდ, საკუთარი დედის აუხდენელი ოცნებების რეალიზების მცდელობად მონათლავდა. თუმცა ასე ნამდვილად არ არის: თუ მაინცდამაინც ვინმეს გავლენა უნდა დავინახოთ, მსახიობისვე თქმით, მას ნამდვილი მოტივაცია მამამ მისცა და არა — დედამ. ლორენი უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას საკუთარ თანდაყოლილ უფლებად აღიქვამდა. "მინდოდა, ისეთ ადგილებში წასვლის შესაძლებლობა მქონოდა, სადაც მამაჩემი დადიოდა და მისი ცხოვრების სტილისთვის გამეგო გემო. ახსნა-განმარტებები და პასუხები მჭირდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა".

სილამაზის კონკურსში მის იტალიის ტიტულის მოპოვების შემდეგ 15 წლის სოფი ლორენი კინოპროდიუსერ კარლო პონტის 1950 წელს პირველად შეხვდა. პონტი ლორენის დედაზე მხოლოდ 2 წლით იყო უმცროსი (მოგვიანებით, ოთხი წლის შემდეგ ისინი საყვარლებიც გახდნენ). მაცდურად გამოიყურებოდა იდეა, რომ პონტი ის უფროსი მფარველი გამხდარიყო, რომელიც ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, ლორენს დღემდე არ ჰყავს ასეთი ვინმე: "არ მომწონს სიტყვა მფარველი. საქმე იმაშია, რომ მას ჩემში ეჭვი არასდროს შეჰპარვია", — ამბობს ის.

მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ კარლო პონტი იყო ის ადამიანი, ვინც ლორენს სახელი შეუცვალა და მისი იმიჯი შექმნა. სწორედ ის იცავდა მსახიობს ჰოლივუდის მესვეურებისგან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ლორენის ცხვირი მეტისმეტად დიდი, ტუჩები კი ზედმეტად სავსე იყო. ის ასევე ცდილობდა, რომ ლორენისთვის "იტალიელი მერლინ მონროს სახელი" შეექმნა, თუმცა ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და ორივე მსახიობს მხოლოდ ავნო. პონტი იყო ის, ვინც ლორენის კარიერის ტრაექტორია განსაზღვრა და მსახიობიც სხვა პლანეტიდან ჩამოსული უჩვეულო სტუმარივით ეკრანზე გამოჩნდა: კომიკური ბრწყინვალებითა და თავბრუდამხვევი შესაძლებლობებით ლორენი თავს დაძაბულ მელოდრამაშიც ისევე გრძნობდა, როგორც თავისუფალ, მსუბუქ კომედიაში. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. მსახიობი მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რომ ადრეულმა დაუნდობელმა წლებმა, საბოლოოდ, კარგი ნაყოფი გამოიღო. ამის შემდეგ რაც არ უნდა მომხდარიყო, მხოლოდ იმის გარანტი იქნებოდა, რომ ყველაფერი უკეთ ყოფილიყო.

სოფი ლორენი თავის ქმართან, კარლო პონტისთან ერთად 1964 წელს.

ფოტო: Alfred Eisenstaedt/The LIFE

სოფი ლორენმა ამასთან დაკავშირებით დედამისის დამოკიდებულებაც გაიხსენა: "დედა თავიდან ჩემი მიღწევების გამო დიდად ბედნიერი არ იყო. ის ცვლილებებს რთულად ეგუებოდა და ფიქრობდა, რომ წარმატებული ვერასდროს გავხდებოდი. თუმცა, ის ცდებოდა. მოგვიანებით მან აზრი შეიცვალა და იმის დაჯერება დაიწყო, რომ ჩემგან შეიძლება რაღაც გამოსულიყო, მაგრამ მისთვის ჩემი შესაძლებლობები ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დედაჩემისთვის ის ცხოვრება, რომელიც მსურდა, მხოლოდ ოცნება იყო, მას კი ოცნებების არ სჯეროდა".

ეს დამოკიდებულება, შესაძლოა, ლორენის დაუცხრომელი სურვილით იყო გამოწვეული, რომლითაც ის ვარსკვლავობისკენ მიილტვოდა. დედამისი კი მის უსაფრთხოებასა და შესაძლო იმედგაცრუებაზე ღელავდა: როგორ გაუმკლავდებოდა შესაძლო წარმატების ან მარცხის შედეგებს. "ვფიქრობ, ჩემი შეცვლის ეშინოდა. ეშინოდა, რომ იმ სამყაროში შევაბიჯებდი, რომელსაც არ ვეკუთვნოდი და რაღაც თვალსაზრისით, ის მართალიც იყო".

გვიან 1950-იან წლებში ლორენს ჰოლივუდური თავბრუდამხვევი ერა ედგა, როცა კინოსტუდია Paramount Pictures-თან თანამშრომლობდა. ეს პერიოდი მის კარიერაში ერთგვარი გზაჯვარედინი, ცვლილებების დრო იყო. მისი მენტორი, კარლო პონტი ამ მნიშვნელოვან მოვლენებში არ მონაწილეობდა: ლორენს ამ დროს რომანი ჰქონდა მსახიობ კერი გრანტთან. მათი ურთიერთობა ფილმის სიამაყე და ვნება (The Pride and the Passion) გადაღებებზე დაიწყო და 1958 წლამდე, რომანტიკული კომედიის მოცურავე სახლი (Houseboat) გადაღებებამდე გასტანა. მსახიობის ოცნება ახდა — მას დიდებული და მდიდრული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა, როგორც ხშირად ოცნებების ასრულებას ახასიათებს, ლორენის ცხოვრება საკმაოდ ქაოტური, დამაბნეველი და არასაიმედო იყო.

ლორენის თქმით, ჰოლივუდური ცხოვრება მისთვის ერთგვარი გადახვევა, პატარა მშვენიერი თავგადასავალი იყო, რომელსაც გაგრძელება არც არასდროს ეწერა: "რა თქმა უნდა, ინგლისურის სწავლა, ამერიკაში წასვლა და ახალი ადამიანების გაცნობა მინდოდა. თუმცა, იმ დროისთვის კარლოზე ვიყავი დანიშნული. ქორწინება და ბავშვები კი ჩემი ოცნების კიდევ ერთი ნაწილი იყო".

ლორენის ვაჟი ისტორიის მნიშვნელოვანი მონაწილეა, შესაბამისად, რეჟისორს ამ ამბავთან დაკავშირებითაც საკუთარი ხედვა აქვს: "მადლიერი ვარ, რომ ის იტალიაში დაბრუნდა და მამაზე დაქორწინდა. სხვანაირად მე აქ არ ვიქნებოდი".

სოფი ლორენი და კერი გრანტი ფილმში სიამაყე და ვნება.

ფოტო: Ernst Haas/Getty Images

ლორენის თქმით, ჰოლივუდიდან წამოსვლა და იტალიაში დაბრუნება ორ მამაკაცს შორის (პონტი და გრანტი) გაკეთებული არჩევანი არ იყო. "მე მამამისზე (კარლო პონტი) თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული და ეს ჩვენი შეხვედრის პირველივე წუთიდანვე გავაცნობიერე. ეს ყველაფერი რთული იყო, რადგან ჩვენს ურთიერთობაში ეტაპობრივად ბევრი რამ მოხდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ცხოვრება კარლოს უკავშირდება და არა — კერი გრანტს".

"დედა საკუთარ ფესვებთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მშობლიური ადგილი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მისი მამასთან დაბრუნების მიზეზი კარგად მესმის. მამა იმ ყველაფრის ნაზავს წარმოადგენდა, რაც დედას უყვარდა: ის განასახიერებდა ყველაფერს, რაც დედამ იცოდა, ის იმ ქვეყნის სახე იყო, რომელიც მას უყვარდა. ის იყო კაცი, რომლის ემოციური ენაც საუკეთესოდ ესმოდა", — ამბობს ედოარდო დედაზე საუბრისას.

ლორენი საკუთარ თავს, პირველ რიგში, ყოველთვის ნეაპოლელად, შემდეგ კი იტალიელად მოიხსენებს. მსახიობის თქმით, ამ ორ განსაზღვრებას შორის სხვაობა რომ დავინახოთ, დიდი გარჯაა საჭირო: "ნეაპოლი ძალიან ძლიერი და ცოცხალია. მისი სული სავსეა მუსიკით, ცეკვით, წიგნებითა და ისტორიული თხზულებებით. იმისთვის, რომ ნეაპოლის განსაკუთრებულობა შეიგრძნოთ, ჯერ მასზე დაწერილი ყველა წიგნი უნდა წაიკითხოთ".

1962 წელს ფილმში ჩოჩორა შესრულებული როლისთვის სოფი ლორენს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა.

ფოტო: Hulton Archive/Getty Images

ლორენის ცხოვრებაში შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ მსახიობმა სწორი არჩევანი გააკეთა. ევროპა მის ნიჭს გასაფურჩქნად უფრო ნოყიერ ნიადაგს სთავაზობდა. 1962 წელს ფილმში ჩოჩარა (La Ciociara) მონაწილეობისთვის ოსკარი მიიღო, რომელიც 1960 წელს ნეორეალიზმის მიმდევარმა რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამ გადაიღო. ფილმში ლორენი ჩეზირას, მაღაზიის დაქვრივებული გამყიდველისა და მებრძოლი დედის როლს ასრულებს, რომელიც ომის პერიოდის იტალიის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოა. ამ ფილმმა მსახიობს სამომავლო გზა გაუკვალა და ექვსი ათეული წლის შემდეგაც კი ის ლორენისთვის ყველაზე საყვარელ ნამუშევრად რჩება. რთული არ არის, კავშირი დავინახოთ ჩეზირას, ფილუმენასა (ქორწინება იტალიურად) თუ ჯოვანას (მზესუმზირა) შორის, რომელთაც საბოლოოდ მადამ როზამდე მივყავართ — ძლევამოსილი გმირი ფილმისა ცხოვრება წინაა.

სამშობლოში დაბრუნება ლორენისთვის პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. მსახიობი და კარლო პონტი ქორწინებაში კინოპროდიუსერის გარდაცვალებამდე, 2007 წლამდე იყვნენ. ედოარდო აღნიშნავს, რომ ის თავის მშობლებს ძალაუფლების მქონე წყვილად არასდროს აღიქვამდა: "მათი ურთიერთობა გლამურსა და დიდებას არ ემყარებოდა. მათ კავშირში ყოველთვის მათი საქმიანობა იყო მნიშვნელოვანი. ისინი ხელოსნებს ჰგავდნენ: თითქოს, უბრალო იტალიელი მეწაღეები იყვნენ".

ფილმის დისტანციური ჩვენებისას, ზუმში, ლორენი ჩვეულებრივი მეწაღესავით არ გამოიყურებოდა: ის თავის თავში დარწმუნებულ, მედიდურ მსახიობს უფრო ჰგავდა, რომელმაც გაწეული საქმისთვის პრიზს უკვე დაადგა კიდეც თვალი. ცხოვრება წინაა მსახიობის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათია, რომელშიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო. ამის გამო ფილმი, შესაძლოა, ლორენის სცენაზე დაბრუნებად, ან პირიქით — მისი კარიერის დასასრულად მივიჩნიოთ. მსახიობის თქმით, მისი პროფესია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ის კინოს მისატოვებლად მიზეზს ვერ ხედავს: "სოფი ლორენი სამუდამოდ", — ამბობს ღიმილით.

კითხვას, ოდესმე უგრძვნია თუ არა თავი დაკარგულად, ან შეჰპარვია თუ არა საკუთარ თავში ეჭვი, ლორენმა მყისიერად, ზუსტად ორ წამში უპასუხა: "დიახ, ხანდახან ასეც ყოფილა. თუმცა ასეთ დროს ჩემს თავს ვეუბნები:

"მოკეტე. ძლიერი იყავი. უბრალოდ სვლა განაგრძე და სცადე ის, რაც გინდოდა, რომ გეცადა. ხანდახან შეცდომებს უშვებ, ხანდახან კი იმარჯვებ". შეცდომები მართლაც დამიშვია, თუმცა, საბოლოოდ მაინც გავიმარჯვე.

ედოარდო პონტის ახალი კინოსურათის ცხოვრება წინაა შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, ტრეილერი კი ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იხილოთ: