რობოტული მტვერსასრუტი, შესაძლოა, შორი მანძილიდან დაიჰაკოს და მიკროფონად გამოიყენონ
ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა რობოტული მტვერსასრუტები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ სახლის დასუფთავება. აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სახლის საქმეებისგან ცოტა დასვენება არავის გვაწყენდა, ამიტომ ეს მტვერსასრუტი მართლაც კარგი გამოსავალია. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთი შეხედვით უვნებელი მოწყობილობა დიდ საფრთხეს შეიცავს და შეიძლება ჩვენი პირადი ინფორმაციის მოპარვის წყაროდაც კი იქცეს.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია რობოტული მტვერსასრუტის დაჰაკვა ისე, რომ მან მიკროფონივით დაიწყოს მოქმედება და ჩვენი საუბრები თუ ყველა ის ხმა, რაც ოთახში ისმის, აღიქვას და ჩაიწეროს.
მეცნიერებმა, მათ შორის ნირუპამ როიმ, მერილენდის უნვიერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების განყოფილების ასისტენტ პროფესორმა, ლაზერულ სანავიგაციო სისტემაზე მომუშავე რობოტული მტვერსასრუტიდან შეაგროვეს ინფორმაცია და შეეცადნენ ჩაწერილი ხმოვანი სიგნალების აღდგენას, რათა მათი საშუალებით მოეხდინათ იმ სატელევიზიო პროგრამების იდენტიფიცირება, რომლებიც სწორედ იმ ოთახში იყო ჩართული, სადაც რობოტი იმყოფებოდა.
მკვლევრების განცხადებით, ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც იყენებს Lidar ტექნოლოგიას (სხვადასხვა ობიექტამდე მანძილის განსაზღვრის ტექნოლოგია, რომელიც ამას მათზე ლაზერის სხივის მინათებით, არეკლილი სინათლის ტალღის სიგრძის დათვლითა და სინათლის უკან დაბრუნების დროის შეფასებით ახერხებს), გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ მიკროფონი, ისინი შესაძლოა მაინც გამოყენებული იქნას ხმის ჩასაწერად. ეს კვლევა, რომელიც სინგაპიურის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ ჟუნ ჰანთან თანამშრომლობით ჩატარდა, 2020 წლის 18 ნოემბერს, კომპიუტერული მანქანების ასოციაციის კონფერენციაზე წარადგინეს. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ჩაშენებული ქსელური სენსორული სისტემები.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები არ იყენებენ მიკროფონებს, შეგვიძლია მათ სისტემებს შევუცვალოთ დანიშნულება და ისინი ადამიანების საუბრის მოსასმენად და სხვა პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოვიყენოთ", — ამბობს როი.
რობოტული მტვერსასრუტი სწორედ Lidar ტექნოლოგიას იყენებს — იგი ლაზერის სხივს ანათებს ოთახის გარშემო და არეკლილი სინათლის სიგნალებს იყენებს ოთახის რუკის შესადგენად, რათა იგი არაფერს შეეჯახოს, მოძრაობის დროს.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რობოტის მიერ შედგენილი რუკა ხშირად ქლაუდზე ინახება. ამან შესაძლოა დაარღვიოს კონფიდენციალურობა, რადგან მის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ციფრულ მარკეტერებს შეუძლიათ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა სახლის ზომა, რითიც დაახლოებით შესაძლებელი ხდება მისი მესაკუთრის შემოსავლის რაოდენობის დადგენა. ამ მონაცემების გამოყენებით ასევე შეიძლება მომხმარებლის ცხოვრების სტილის განსაზღვრაც.
მაინც ისმის კითხვა: როგორ ახერხებს მტვერსასრუტი მიკროფონის გარეშე ხმის ჩაწერას?
რა თქმა უნდა, ხმის ჩაწერა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ხმოვანი სიგნალები იწვევს ობიექტების ვიბრაციას, ეს ვიბრაციები კი იწვევს იმ სინათლის ვიბრაციას, რომელიც ამ ობიექტებიდან აირეკლება. ლაზერულ მიკროფონებს, რომლებსაც 1940-იან წლებში შპიონაჟისთვის იყენებდნენ, შეუძლიათ ამ ვიბრაციების ბგერით ტალღებად გარდაქმნა. ამ შემთხვევაში, მტვერსასრუტში ლაზერული მიკროფონი არაა დამონტჟებული, თუმცა, ხმოვანი სიგნალების გარდასაქმნელად Lidar ტექნოლოგიაც საკმარისი აღმოჩნდა.
მკვლევრები განმარტავენ, რომ მტვერსასრუტი Lidar-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მოწყვალადობის მხოლოდ ერთ მაგალითს წარმოადგენს. მსგავსი თავდასხმებისგან ასევე არაა დაცული ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე სხვა მოწყობილობები, როგორებიცაა სმარტფონის ინფრაწითელი სენსორები, რომლის საშუალებითაც ხდება პატრონის სახის ამოცნობა, ან პასიური ინფრაწითელი სენსორები, რომლებიც მოძრაობის დეტექტირებისთვის გამოიყენება.
"მჯერა, რომ ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ რეალობაში. იგი ტექნოლოგიების მწარმოებლებს ამცნობს იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა Lidar-ზე მომუშავე ტექნოლოგიებმა გამოიწვიოს და ასევე, მათ ამ პრობლემის გადაჭრის ახალ გზებზე დააფიქრებს", — ამბობს როი.
კომენტარები